სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არ ვიცნობთ იგორ ბლაჟევიჩს - ვეცადე გამერკვია, ვინმეს ხომ არ ჰქონია კონტაქტი არა მხოლოდ „თავისუფლების მოედანში“, არამედ სხვა პარტიებში და „ოპოზიციური ალიანსის“ შიგნით ასეთი ადამიანები არ მოიძებნა არც პარტიების ლიდერთა და არც რიგით წევრებს შორის, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „თავისუფლების მოედნის“ წევრმა გიორგი შაიშმელაშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ოპოზიციური პარტიები დღეს ინსტრუქციებს პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ერთ- ერთი ლიდერის, იგორ ბლაჟევიჩისგან იღებს.
მისი თქმით, “საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ჯერ კიდევ 2014-15 წლებიდან მოყოლებული საუბრობს რევოლუციურ სცენარზე, რომელიც არასდროს განხორციელდა საქართველოში”.
„როდესაც ეს ამბავი ვნახე „იმედზე“, გულწრფელად ვეცადე, გამერკვია, ვინმეს ხომ არ ჰქონია კონტაქტი არა მხოლოდ „თავისუფლების მოედანში“, არამედ სხვა პარტიებში და ალიანსის შიგნით ასეთი ადამიანები არ მოიძებნა არც პარტიების ლიდერთა და არც რიგით წევრებს შორის. „ოცნების“ ამოცანა ხომ არ არის, რომ რაღაც ფაქტები დაადგინოს, მათი ამოცანაა პროპაგანდისტული სურათი შექმნას. უკვე მოგვაწებეს ეს იარლიყი, ახლა უნდათ თავი ვიმართლოთ, ამიტომ ეგ არასწორია, უბრალოდ, ფაქტს ვაფიქსირებ, რომ არ ვიცნობთ ამ ადამიანს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში სერიოზულადაა ლაპარაკი, რომ მათ 2025 წელს ხელისუფლების რევოლუციური სცენარით შეცვლა აღკვეთეს, ოღონდ ამას რამდენი წელია ვისმენთ. 2014-15 წლიდან შსს, სუს-ი მუდმივად ლაპარაკობს რევოლუციაზე, რომელიც არა და არ მოხდა ამ ქვეყანაში“,- განაცხადა გიორგი შაიშმელაშვილმა.
გარდა ამისა, ის ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ Amnesty Insternationaly-ს ანგარიშსაც გამოეხმაურა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი და აღნიშნა, „მოსკოვის მექანიზმისგან“ განსხვავებით, რომელიც მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით შეიქმნა, Amnesty-ს ანგარიშს ბევრად მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტი აქვს.
„Amnesty Insternationaly-ს საერთაშორისო ავტორიტეტის გათვალისწინებით ეს დასკვნა არის მნიშვნელოვანი, თუმცა ის არ არის პირველი და არც უკანასკნელი არ იქნება ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის სისტემური გაუარესების შესახებ. სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა, ამის შემდეგ, ვეჭვობ, რომ რომელიმე დასკვნა იყოს შინაარსით არსებითად განსხვავებული, თუმცა ამ შემთხვევაში, Amnesty-ს საერთაშორისო ავტორიტეტი იმითაც არის საინტერესო, რომ ამ ტიპის დასკვნებს ეცნობიან არა მხოლოდ ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობები, არამედ საერთაშორისო ბიზნესები, კომპანიები, ორგანიზაციები, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნით არიან დაინტერესებულები და ფიქრობენ იქ ინვესტიციებს და ა.შ. საერთაშორისო მედია გაშუქებაც კიდევ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“, რომელიც საგანგებოდ საქართველოსთვის შეიქმნა და გასაგებია, რომ ბევრმა არაპროფესიონალმა შეიძლება არ იცოდეს ამ მექანიზმის არსებობის შესახებ“,- განაცხადა გიორგი შაიშმელაშვილმა.
მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს გეოპოლიტიკურ ფუნქციას უნდა გადაეჭარბებინა ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის მნიშვნელობისთვის, არ გაამართლა, რაც ასევე დადასტურდა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებით.
„გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსიმ თქვა, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა და დემოკრატიის ხარისხი ვერ იქნება განცალკევებული ქვეყნის გეოპოლიტიკური ფუნქციისგან ანუ შეკავშირებადობის ამ კონცეფციისგან. სწორედ ამ დაშვებაზე აფუძნებდა საგარეო პოლიტიკას ბიძინა ივანიშვილი. ის მიიჩნევდა, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდებოდა სასწორის პინაზე ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ვიდრე ამ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი. ჩვენთვის ცხადი იყონ რომ ბიძინა ივანიშვილის ეს დაშვება არ იმუშავებდა და ჩანდა ბევრ რამეში. ამ შემთხვევაში მარტა კოსის განცხადებაშიც სრულად ღიად არის დეკლარირებული ეს ყველაფერი. ახლა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ბრიუსელის მიმართულებით სრულად აქვთ იმედები გადაწურული და რჩება აშშ. თუმცა, იცის, რომ იქაც მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა არ ეფუძნება დემოკრატიის „პრომოუშენს“ თუ მის მხარდაჭერას მთელ მსოფლიოში, მათთვის წითელი ხაზია ისეთი რეჟიმები, რომლებსაც არ აქვთ ადგილზე ლეგიტიმაცია და მეორე მხრივ, შემჩნეულები არიან თანამშრომლობაში ირანთან, რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთთან და სხვა. ჯამში, ჩვენ გვაქვს საერთაშორისოდ არაღიარებული ხელისუფლება, რომელიც ვერ ახდენს ურთიერთობის ნორმალიზებას ვერც ერთ ფლანგზე. უნგრეთშიც კი გამოეცალათ პარტნიორი, ფაქტობრივად, ევროკავშირში შესვლა ოფიციალური ვიზიტების მხრივ მინიმუმამდე დავა და რჩებათ აღმოსავლური მიმართულება. რაც შეეხება ბულგარეთს, მისით უნგრეთის ჩანაცვლება ვერანაირად ვერ მოხდება. დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ მცდელობა ექნება ამ ხალხთან ურთიერთობის დამყარების, თუმცა ისინი ვერანაირად ვერ ჩაუნაცვლებენ ორბანს,“ - განაცხადა გიორგი შაიშმელაშვილმა.