საკადრო ცვლილებებით ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი კომფორტის ზონა გაიძლიერა - მდინარაძე ირაკლი კობახიძის გუნდის წევრია და მასთან დაკავშირებული საკადრო ცვლილება იმასაც მოასწავებს, რომ კობახიძეს, როგორც პრემიერს, ბიძინა ივანიშვილი ემშვიდობება, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ჭანტურიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ჭანტურიას შეფასებით, დღევანდელ მოცემულობაში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ იქნება სუს-ის უფროსი თუ შინაგან საქმეთა მინისტრი.
“როცა სამთავრობო გუნდში მსგავსი ცვლილებები განიხილება, მისი თანაავტორი არც ირაკლი კობახიძეა და არც ვინმე სხვა. ქვეყანაში ასეთ გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს.
მინდა მამუკა მდინარაძეს მივულოცო, რომ შვიდ თვეში გენერლობა შეძლო და მერე იმავე საღამოს კოორდინატორი გახდა. ამას ძალისხმევა ნამდვილად სჭირდება. ეს ადამიანი რეკორდმეისტერიც შეიძლება გახდეს - მოსაკითხია, მსოფლიოში ვინმემ თუ შეძლო, რომ გენერალი შვით თვეში გამხდარიყო.
საკადრო ცვლილებებით ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი კომფორტის ზონა გაიძლიერა. ადამიანები, ვინც სუს-ის უფროსის თანამდებობაზე და შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა, ივანიშვილის ოჯახის წრის ახლო წარმომადგენლები არიან. მამუკა მდინარაძე ივანიშვილის ოჯახის ახლო წევრი არ არის. ის ირაკლი კობახიძის გუნდის წევრი იყო, რაც იმასაც მოასწავებს, რომ კობახიძეს, როგორც პრემიერს, ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება“ ემშვიდობება.
დიდი ხანია ამაზე არის ჭორები, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევთან შეხვედრისას დაგვანახა, როგორ იყო კუთხეში დაყენებული პრემიერ-მინისტრი კობახიძე. ამით ივანიშვილმა ყველას გაუგზავნა მესიჯი, რომ ეს არის ადამიანი #2 - რაც გინდათ ის დაუძახეთ და თუ ამ ქვეყანასთან ლაპარაკი გინდათ, მე უნდა მელაპარაკოთ.
დღევანდელ მოცემულობაში ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ იქნება სუს-ის უფროსი თუ შინაგან საქმეთა მინისტრი.
რაც დრო გავა, ბიძინა ივანიშვილი მით მეტ ნაბიჯს გადადგამს საკუთარი კომფორტის ზონის გაძლიერებისთვის. როცა ანრი ოხანაშვილი სუს-ის უფროსად დანიშნეს, რამდენიმე თვეში გიორგი ბაჩიაშვილი მოატაცებინეს და რამდენიმე კვირაში მოხსნეს, გააგდეს. ამ უცნაური ჟესტით გადაუხადა ბიძინა ივანიშვილმა მადლობა. სად არის დღეს ანრი ოხანაშვილი?!
“ქართული ოცნების“ პროპაგანდა იმაზე საუბრობს, რომ თურმე მამუკა მდინარაძე კი არ ჩამოალაბორანტეს, არამედ დააწინაურეს. ადამიანი გენერლობიდან უპორტფელო მინისტრად, კოორდინატორად აქციეს. რანაირად არის ეს დაწინაურება?!
ივანიშვილის ალიევთან შეხვედრისას გამოჩნდა, რომ პრემიერი-მინისტრი არის ბუტაფორია. ეს აქამდეც ვიცოდით, მაგრამ ბუტაფორია თავად ბიძინა ივანიშვილმა გამოფინა საჯაროდ. სადაც ივანიშვილი პრემიერს ასე ექცევა, ვიცე-პრემიერი რამეს წარმოადგენ?! - ან მაკა ბოჭორიშვილს ექნება რაიმე წონა და გავლენა გადაწყვეტილებებზე?!
ივანიშვილმა ალიევთან შეხვედრის ამსახველი ფოტოები იმისთვის გამოფინა, რომ ეჩვენებინა, რომ ქვეყანაში არ არსებობს არც სუს-ი, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც ვიცე-პრემიერები. პრემიერიც კი არ არსებობს - თავი რომ დავანებით კოორდინატორებს, რომელიც უპორტფელო სამინისტროს ხელმძღვანელი იქნება.
ახლა როცა მამუკა მდინარაძე “იმედის“ ან “რუსთავი2“-ის ეთერში დაჯდება, მიაწერენ რომ არის გენერალ-კოორდინატორი. თუ ეს იყო ბიოგრაფიაში ჩასაწერი რეგალია, რაც მდინარაძეს სურდა, ამ მიღწევას ვულოცავ. ეს გადაადგილება მამუკა მდინარაძისთვის რა თქმა უნდა არის დაქვეითება“, - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.