ფიქრია ჩიხრაძე - „ქართული ოცნების“ სურვილია, ეკლესია ხელისუფლების დაქვემდებარების ქვეშ იყოს და მოვუწოდებ მას, შორს დაიჭიროს თავი საეკლესიო გადაწყვეტილებებისგან, „ოპოზიციურ ალიანსში“ დაპირისპირება კი არ მიკვირს

ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ ამ გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს, - ასე შეაფასა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა დღის ნიუსრუმში“ სამთავრობო ცვლილებები.

ფიქრია ჩიხრაძე არ გამორიცხავს, ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძე გადააყენოს, მას „შეაწმინდოს ხელები და ვიღაცის მეშვეობით სცადოს, თითქოს სუფთა ფურცლიდან დაწყება“.

„მთავარია, ვინ ახორციელებს ცვლილებას და რა შეიძლება იყოს ამის საფუძველი. მგონი, ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ ამ გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს. ასეთი გადაწყვეტილებების საფუძველი ხან არის მისი ეჭვი, ხან მისი „ხუშტური“, ხან უკმაყოფილების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება. ყველა შემთხვევაში, ეს არის პერსონალურად, სუბიექტური გადაწყვეტილებები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი იღებს, რომელიც ხან „კარუსელს“ ატრიალებს, ხან ყოფილი თანამდებობის პირებს იჭერს, ხან ისე იკარგებიან ეს ადამიანები, რომ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე საერთოდ აღარ ჩნდებიან“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

რაც შეეხება მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ ცვლილება თითქმის 8 თვის წინ იყო გადაწყვეტილი, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ამის არავის სჯერა.

„ვფიქრობ, თავად მდინარაძეს დიდი ტვინის ჭყლეტა დასჭირდა, რომ როგორღაც ეს აბდაუბდა ჩამოეყალიბებინა. ჩვენ ვეცდებით ამაში ლოგიკა ამოვიკითხოთ. ამის უკან უნდა ამოვიკითხოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება მის გაბრაზებას უკავშირდებოდეს კონკრეტულ თანამდებობის პირზე, შეიძლება უკავშირდებოდეს მის ეჭვებს ვინმეს გაძლიერებასთან და ფესვების გადგმასთან დაკავშირებით. შეიძლება უკავშირდებოდეს სურვილს, რომ ვიღაცას ქვეყნის შიგნით და უფრო მეტად ქვეყნის გარეთ მოაჩვენოს, რომ რაღაც ახალი ხდება და კონკრეტული დანაშაულების გამოძიებაზეც ილაპარაკონ. მან იმდენად ახლო ადამიანი მოიშორა თავიდან ცოტა ხნის წინ და ციხისკენ გაუყენა გზას, რომ არ მგონია მდინარაძის მოშორება ამ კუთხით ძალიან გაჭირდებოდა“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ის არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან გადააყენოს.

„დიდი ალბათობით, ეს ასე იქნება, მაგრამ სჯობს დაველოდოთ ფაქტებს, ვიდრე ვიმარჩიელოთ. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ქცევას ჩვენ უკვე დიდი ხანია ვაკვირდებით, მეტ-ნაკლებად ვიცით მისი ქცევა როგორი შეიძლება იყოს და რით შეიძლება იყოს განპირობებული. ორგზის პრემიერი ჰყავდა ძალიან ახლობელი, თავის ხელში გამოზრდილი, როგორც ამბობდა, ძალიან უნარიანი, ირაკლი ღარიბაშვილს ვგულისხმობ, მაგრამ ის უნარიანი ბიჭი დღეს კორუფციის ბრალდებით არის ციხეში გამოკეტილი. არ მგონია, ბიძინა ივანიშვილმა გვიან გაიგო იმ კორუფციული ფაქტების შესახებ, რომელზეც საუბარი იყო. კორუფცია არის მათი თანმდევი იმიტომ, რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილია კორუფციის სათავეში და კორუფციის ინდულგენციის გამცემი თანამდებობის პირებზე. შესაბამისად, შეუძლია ამ ბრალდებით გამოიჭიროს. ამას დასჭირდა წინამორბედების შეცვლა და რაღაც დრო მას დასჭირდება. მან თავი ვერც სანქციებისგან დაიცვა და ვერც ძალაუფლების გარანტიები შეიქმნა. შესაძლოა, მას სჭირდებოდეს ე.წ. რბილი ხაზის განვითარება. ამ რბილი ხაზისთვის კობახიძე ნამდვილად არ გამოდგება, რადგან კობახიძეს გააკეთებინა ყველა სიბინძურე ამ ქვეყანაში, რაც შეიძლება პოლიტიკური თვალსაზრისით არსებობდეს. აქედან გამომდინარე, არ გამორიცხავ, კობახიძემ წაიღოს ამ პერიოდის ყველა სიმძიმე, შეაწმინდოს მას ხელები და ბიძინა ივანიშვილმა ვიღაცის მეშვეობით სცადოს, თითქოს სუფთა ფურცლიდან დაწყება. არ მგონია ის ტრიუკები, რომელსაც ის ამდენი ხნის განმავლობაში იყენებდა, ვინმესთვის სატყუარა აღმოჩნდეს. არც კობახიძეა ამ ქვეყანაში რამის განმსაზღვრელი, არც მდინარაძე, არც ღარიბაშვილი ყოფილა და არც რომელიმე თანამდებობის პირი“, - განაცხადა ფიქრია ჩიხლაძემ.

ამასთან, მან „ოპოზიციურ ალიანსში“ დაპირისპირებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ასეთი დაპირისპირება არ უკვირს.

„მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენლად დიდი თავდასხმა ხორციელდებოდა წინა პერიოდში, მორალურად და პოლიტიკურად ზღვარსგადასული იყო ეს თავდასხმები, ჩვენ ამ თავდასხმებისთვის არ გვიპასუხია. როდესაც ჩვენ გვთავაზობდნენ ამ ალიანსში გაერთიანებას, მაშინაც გამოვთქვით სკეპტიციზმი და ვთქვით, რომ ვერ ვხედავთ ჩვენს თავს აქ, თუმცა თუ ერთი ელექტორალური ბაზის ძალები ერთად დაჯგუფდებიან, ვფიქრობ, ეს ცუდი არ არის, მაგრამ აქვე იმასაც ვისმენდით, რომ ეს არ იყო არჩევნებზე ორიენტირებული გაერთიანება და სხვა ტიპის გაერთიანება იტყო. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, არ მიკვირს, რომ ასეთი დაპირისპირებები ჩნდება. თუ შინაარსზე არ ხდება ორიენტირება, თუ მიზანი ძალიან მკაფიო არ არის და ამ მიზნის გარშემო არ ხდება გაერთიანება, მაშინ ყოველთვის გამოჩნდება მიზეზი. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ ახლო წარსულში ძალიან ბევრი დაპირისპირება, ლანძღვა, ურთიერთშეურაცხყოფა ყოფილა ამ პოლიტიკური ძალების ლიდერების მხრიდან.

„ლელო-ძლიერის საქართველოს“ ამოცანას ვხედავთ იმაში,რომ გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა, ხალხთან ახლოს ყოფნა რეგიონებში, სოფლებში, კამერების და სატელევიზიო გაშუქების გარეშე, რომელიც პოლიტიკურ სპექტრს ამ ხნის განმავლობაში ძალიან დააკლდა. შეიძლება ითქვას, პოლიტიკური სპექტრი ბევრს ლაპარაკობს გაერთიანებაზე, მაგრამ ძალიან ნაკლებს ვლაპარაკობთ ხალხის პრობლემებზე. ეს იმას არ ნიშნავს, ხელისუფლება როგორ შევცვალოთ ამ საკითხმა სხვაგან გადაინაცვლოს, მაგრამ ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა იყოს ხალხის პრობლემებზე აქტიური ლაპარაკი“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

გარდა ამისა, ფიქრია ჩიხლაძემ სხვა აქტუალურ საკითხებზეც, მათ შორის 28 აპრილს დაგეგმილ სინოდის სხდომაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილი არათუ ეკლესიის შიდა საქმეებში ერეოდა, არამედ პატრიარქი დარჩებოდა თუ არა საპატრიარქო ტახტზე თავისი სიცოცხლის ბოლომდე, ამაშიც კი“. ფიქრია ჩიხლაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ამჯერად სინოდის გადაწყვეტილებებში არ ჩაერიოს.

„უნდა ქართული ეკლესია, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ინსტიტუცია ხელისუფლების დაქვემდებარების ქვეშ იყოს, ამას მათ მიერ წინა პერიოდში გადადგმული ნაბიჯები მეტყველებს. ამიტომ, მოვუწოდებ ხელისუფლებას, შორს დაიჭიროს თავი საეკლესიო გადაწყვეტილებებისგან. ამ შემთხვევაში, სინოდის გადაწყვეტილებისგან. მივანდოთ სინოდს მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქართული სახელმწიფოს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება