ზურაბ პატარაძის საქმიანობის წლები იყო გამორჩეულად წარმატებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის. ის ასევე არის გამორჩეული დიპლომატი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ზურაბ პატარაძის წარდგენისას განაცხადა.
მან სულხან თამაზაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ზურაბ პატარაძეს ახალ თანამდებობაზე წარმატება უსურვა.
„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს ამ ერთობლივი გადაწყვეტილებისთვის. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, აჭარის მხარე არის ჩვენი ქვეყნის ულამაზესი მხარე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე და რა თქმა უნდა, ეს მხარე საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. მნიშვნელოვანია საიმედო ხელში იყოს ამ მხარის მართვის საქმე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სულხან თამაზაშვილს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა მისი გამორჩეული საქმიანობისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ამ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ მოწესრიგდა მართვის კუთხით. ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი და ამისთვის სულხან თამაზაშვილი იმსახურებს განსაკუთრებულ მადლობას. მან დაიკავა მნიშვნელოვანი თანამდებობა, შს მინისტრის თანამდებობა და მინდა მას წარმატება ვუსურვო ამ თანამდებობაზე.
რაც შეეხება ზურაბ პატარაძეს, მას არ სჭირდება ქართული საზოგადოების, აჭარის საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა. ის წლების განმავლობაში იყო აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე, სადაც დიდი წარმატებით უძღვებოდა ამ საქმიანობას. მისი თავმჯდომარეობის პირობებში, ძალიან ბევრ, მათ შორის, მასშტაბურ პროექტებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს ჩაეყარა საფუძველი. მისი საქმიანობის წლები იყო გამორჩეულად წარმატებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის. ის ასევე არის გამორჩეული დიპლომატი, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში მინდა გამოვარჩიო მისი საქმიანობა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობაზე, სადაც სწორედ მისი ელჩობის პირობებში ახალ ეტაპზე გადავიდა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები. ამაში ზურაბ პატარაძეს განსაკუთრებული პირადი წვლილი მიუძღვის. მადლობა მას წარსულში გაწეული საქმიანობისთვის და მინდა წარმატება ვუსურვო. ის იქნება გამორჩეული, ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ახალ და დიდ წარმატებას მიაღწევს“, - განაცხადა კობახიძემ.