პეტრე ცისკარიშვილი - არსად გასვლას და გაბუტვას არ ვაპირებთ, „ქოცებს"  ტყუილად ნუ უხარიათ, მიხეილ სააკაშვილს კი ალიანსის გაკრიტიკება თუ მოუნდება, ცენზურა უნდა დავუწესოთ? - პირიქით, პროცესს კარგად წაადგება

ჩვენ არსად გასვლას და გაბუტვას არ ვაპირებთ, ყველაფერი კარგად იქნება, ნურავინ ინერვიულებს, „ქოცებს“ ტყუილად ნუ უხარიათ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ „ოპოზიციის ალიანსში“ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე საუბრისას განაცხადა.

პეტრე ცისკარიშვილის თქმით, კამათი, კრიტიკა და პოლიტიკური ცხოვრება უნდა იყოს ჯანსაღი, ცოცხალი, ადამიანებს თავისი აზრის გამოთქმა უნდა შეეძლოთ და „ეს „ოპოზიციის ალიანსს“ მხოლოდ გააძლიერებს“.

„ერთობამდე როდესაც მივალთ, მაშინ გაცილებით უფრო მყარი ფუნდამენტი ექნება ამ ალიანსს, ახლა თანამშრომლობითი ფორმატია, რომელიც ჩვენი გადმოსახედიდან კიდევ უფრო მჭიდროდ უნდა კონსოლიდირდეს. ალიანსს ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს წინ. მე არ ვფიქრობ, რომ რამე დაპირისპირებაა, განხეთქილებაა, გნებავთ კამათი დავარქვათ, გნებავთ კრიტიკა. ცხოვრებაა, ადამიანები ვართ, ვიკრიბებით, ბევრი განსხვავებული აზრია და მიდის კამათი, რამე საოცრება ხდება? ყველას ძალიან მოსწონს ერთმანეთი, პოლიტიკურად რომ არ მოსწონდეთ, ერთობას არ შექმნიდნენ“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

პეტრე ცისკარიშვილი გამოეხმაურა ოპოზიციონერების მხრიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ პოსტების კრიტიკასაც და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს „ცენზურას ვერავინ დაუწესებს“.

„ფეისბუქ“ პოსტებით რომ გამოეხმაუროს[პოლიტიკურ პროცესს], არ აქვს უფლება? თუ [საჭიროდ] ჩათვლის და გაკრიტიკება მოუნდება ალიანსის პოლიტიკური გადაწყვეტილების ან მოძრაობის, თავისი აზრის გამოთქმა ყოველგვარი პოლიტიკური თავდასხმისა და ბრალდების გარეშე, ცენზურა უნდა დავუწესოთ? მე ვფიქრობ, რომ ეს პირიქით, კარგად წაადგება [ალიანსს], მისი გამოცდილება და პოლიტიკური წონა ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ.

მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ თავის პარტიას და ალიანსს არ ელაპარაკება, ის ქართველ ხალხს ელაპარაკება და საქართველოს ისტორიისთვისაც წერს თავის მოსაზრებებს, რომელსაც გვაწვდის ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით და სოციალური ქსელებით. ცენზურას ვერავინ დაუწესებს. მე აქ განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, ყველაფერს მოევლება, მიეხედება. უფრო მეტიც, ამ კამათსა და კრიტიკაში გაძლიერდება ჩვენი ალიანსი“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ „ოპოზიციის ალიანსი“ ერთ პოლიტიკურ ორგანიზმად გარდაიქმნება.

„ჩვენ ველოდებით, რომ ალიანსი კიდევ უფრო კონსოლიდირდება და ერთიან პოლიტიკურ ორგანიზმად გარდაიქმნება. მადიარის მაგალითი მოვიყვანეთ და არის იქ კოალიციის მსგავსი? გამოჩნდა ლიდერი, გააერთიანა ოპოზიცია, დაეჯახა ერთი-ერთზე ორბანს და დაამარცხა კიდევაც“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ საბოლოოდ ერთ პარტიად ჩამოყალიბდეს „ოპოზიციური ალიანსი“, პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ეს შესაძლებელია.

„დიახ, რატომ არ შეიძლება? მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის იყურება წინ, მომავალში, ერთი და ორი წლის შემდეგ, თვალყურს ადევნებს და ფორმულაში შეჰყავს გეოპოლიტიკური კონიუნქტურა, რაც შეიძლება ამ პერიოდში დაჯდეს და აქედან გამომდინარე საუბრობს, რომ როგორც კი კონკრეტულ მომენტში „ოცნება“ იქნება დასუსტებული და აქეთ მხარეს კონსოლიდირებული გექნება მხარდაჭერა, აღარ არის საჭირო ოპოზიციის ხელოვნურად პატარ-პატარა პარტიებად დაყოფა და ბიძინა ივანიშვილისთვის სტატუს-კვოს შენარჩუნება და მოგებული თამაშის ხელიდან გაშვება. აქეთ მხარეს კონსოლიდირებული ერთიანი პოლიტიკური ჯგუფი ერთი-ერთზე თუ დაუპირისპირდება [ქართულ ოცნებას], როდესაც იარსებებს ასეთი პოლიტიკური რიგნი, მე დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებაც დადგება“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

პეტრე ცისკარიშვილმა გადაცემაში სამთავრობო ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი მაქსიმალურად გაიხანგრძლივოს და კონკრეტულ მომენტში როგორც ჩათვლის საჭიროდ, რომ „ფიგურები გადააადგილოს, ისე მოიქცევა“.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და „ქოცური" ხელწერა, ერთი კაცის პრემიერად წოდებულის ხელში კი არ იყოს მთელი ძალაუფლება, ყველა მინისტრი მისი დანიშნული კი არ იყოს, არამედ ბიძინა ივანიშვილი უბალანსებდეს რამდენიმე საკვანძო სამინისტროში თავისი საკუთარი კადრების ჩასმით. ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი ძალაუფლება და ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი მაქსიმალურად გაიხანგრძლივოს და როგორც ჩათვლის საჭიროდ, რომ იმ მომენტში ეს ფიგურები გადააადგილოს, ისე მოიქცევა. უფრო მეტად ყურადსაღები და სამომავლოდ სახალისო ასპექტი ის იქნება, რომ დღეს რომ გამოდიან და მდინარაძის მზეს ფიცულობენ, ამბობენ, რომ დაგვიწინაურეს ჩვენი მამუკა და ახლა ჩაერთვება ისევ საჯარო დისკუსიაში - როგორც კი შეატყობენ, რომ ის აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი და მართლაც ჩარეცხილია და გვერდზეა გაწეული, მერე ნახეთ თქვენ მასზე თავდასხმები და მისი ლანძღვა“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება