გიორგი ბუტიკაშვილი - რატომ დადგა დღის წესრიგში ალიანსზე ამ ტიპის საუბარი, როდესაც სააკაშვილს შეეძლო, რჩევების სახით, დახურულად გაეზიარებინა, რაც არ მოსწონდა? ალბათ არ მიუვიდა საკმარისი ინფორმაცია - რაც შეეხება ბლაჟევიჩს, თუ აქვთ ჩანაწერი, გამოაქვეყნონ

ამოუხსნელია, რატომ დადგა საერთოდ დღის წესრიგში ალიანსზე ამ ტიპის საუბარი ან თუნდაც ოპოზიციის დისკრედიტაცია პირდაპირი თუ არაპირდაპირი ნიშნებით, როდესაც ბატონ სააკაშვილს შეეძლო, რჩევების სახით გაეზიარებინა, არა საჯაროდ, არამედ დახურულად, რა არ მოსწონდა ალიანსში. მას ალბათ არ მიუვიდა საკმარისი ინფორმაცია საკუთარი პარტიისგან, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

ბუტიკაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის ყოველდღიურ შეხვედრებშია ჩართული და რეგიონებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებაც აქვს ინფორმაცია, „რაც წესით, მეხუთე პრეზიდენტსაც უნდა სცოდნოდა“.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ალიანსი შეიქმნა მარტივი ფორმულით, რომელსაც საერთო სტრატეგია ჰქვია. ოპოზიციურმა პარტიებმა აირჩიეს ერთი სტრატეგია - არ თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასთან”, დელეგიტიმაციის პროცესის გაძლიერება, ვიდრე არ ჩამოიშლება „ქართული ოცნება”, როგორც სისტემა.

ამ სტრატეგიის შემუშავებასა და დოკუმენტის ხელმოწერაში ჩართული იყო ცხრავე პარტია, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ და უშუალოდ მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც ღიად, როგორც „ფეისბუქ“ პოსტით, ასევე დახურული კომუნიკაციის საშუალებით გამოუცხადა ნდობა ამ ალიანსსა და მის სტრატეგიას. პროცესის დანარჩენი განვითარება, რაც ბოლო დღეებში ვიხილეთ, ფაქტობრივად, ამოუხსნელია, რატომ დადგა საერთოდ დღის წესრიგში ამ ალიანსზე ამ ტიპის საუბარი ან თუნდაც ოპოზიციის დისკრედიტაცია პირდაპირი თუ არაპირდაპირი ნიშნებით, როდესაც ბატონ სააკაშვილს შეეძლო, რჩევების სახით გაეზიარებინა, არა საჯაროდ, არამედ დახურულად, რა არ მოსწონდა ალიანსში ან რა გზას ხედავდა ის თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენ შეგვეცვალა მოქმედება. მას ალბათ არ მიუვიდა საკმარისი ინფორმაცია საკუთარი პარტიისგან.

„ნაციონალური მოძრაობა“ იმ ყოველდღიურ შეხვედრებშია ჩართული, რომელსაც ალიანსი მართავს, ასევე კარდაკარის პრინციპით დაგეგმილია შეხვედრები რეგიონებში, 26 მაისის ჩათვლით. ყველა შემოდის ამ დაგეგმვის პროცესში და მე მქონდა იმედი, რომ ეს ეცოდინებოდა ბატონ მიხეილ სააკაშვილსაც და არ დასჭირდებოდა ღია პოსტების დაწერა იმაზე, რას ვაკეთებთ ან რას ვერ ვაკეთებთ”, - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

გარდა ამისა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადებაზეც ისაუბრა, სადაც მდინარაძე ამბობს, რომ სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთ ლიდერ, იგორ ბლაჟევიჩთან დაკავშირებით.

ბუტიკაშვილის თქმით, აკერმანი აღარ არის ცოცხალი და ახლა სჭირდებათ ახალი გამოგონილი ფიგურა, ვისზეც კონკრეტულ ნარატივს ააწყობენ.

„მე პირადად პირველად გავიგე ამ კაცის შესახებ, არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. მე არ ვიცი, ვისთან ჰქონდა მას კომუნიკაცია ან რა ინფორმაცია აქვს მდინარაძეს, რომელიც ლიმბოში არის გაჭედილი. თუ აქვს რაიმე ჩანაწერი, გამოაქვეყნოს იმიტომ, რომ რაც იყო იმ შეხვედრაზე, მსგავსი შინაარსი ფიზიკურად წარმოუდგენელია ყოფილიყო იმიტომ, რომ ეს კაცი იცავს დემოკრატიას, რაც ვიცი და რაც გავეცანი მის ბიოგრაფიას. ის არის სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენელი. თუ რამეს ფლობენ და თუ საფრთხე არის ქვეყნისთვის, როგორც ისინი უყურებენ, მაშინ გამოაქვეყნონ ის ჩანაწერები, რაც აქვთ, მაგრამ მათ ეს ჩანაწერები ვერ ექნებათ.

ეს არის მყარი პროპაგანდა. აკერმანი ცოცხალი აღარ არის და მათ სჭირდებათ ახალი გამოგონილი ფიგურა, ვისზეც ააწყობენ რაღაც ნარატივსა და შიშებს. მე უფრო ეჭვი მაქვს, რომ ამ ყველაფერს მამუკა მდინარაძე იგონებს ბიძინა ივანიშვილისთვის და არა ხალხისთვის, რათა თავისი მნიშვნელობა დაუმტკიცოს, ვითომ ის მნიშვნელოვანია, სინამდვილეში არანაირი ჩანაწერი არ ყოფილა და არ იქნება“, - განაცხადა ბუტიკაშვილმა.

მან ასევე შეაფასა მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებები და ახალ თანამდებობას, სადაც მდინარაძის დანიშვნა იგეგმება, გამოგონილი პოზიცია უწოდა. ბუტიკაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ კრიზისს განიცდის და „ხშირი ხასიათის კარუსელი ამის მანიშნებელია“.

„ეს არის გამოგონილი პოზიცია. ის ინფორმაცია, რაც ნიკა გვარამიამ დაწერა, არის თავად სუს-იდან გამოსული ინფორმაცია. დიდ სურათში ჩანს, რომ ბიძინას არ ჰყავს ლოიალური კადრები, ისეთი ადამიანები, ვისაც ბიძინა ბოლომდე ენდობა და, შესაბამისად, ხშირად უწევს კარუსელი და ეს დიდ სურათში ერთ რამეს აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი სერიოზულ კრიზისშია. ეს კრიზისი გამოიხატება „ქართული ოცნების“ ყოფილი მინისტრებისა და მაღალჩინოსნების ციხეში გაშვებით, თანხების ჩამორთმევით, ქონების ჩამორთმევით და, მათ შორის, ასეთი კარუსელებით. ბიძინას აღარ ჰყავს ახალი ადამიანები, ვისაც ის პოლიტიკურ ველზე შემოიყვანს, ამიტომ სჭირდება მუდმივი კარუსელი. „ქართული ოცნების“ რიგი წევრები არიან ციხეში, მეორე ნაწილი არის გაწვრთნილი პროპაგანდისტები, რომლებსაც მარტივად ვერ ანაცვლებს იმიტომ, რომ არ არის მარტივი პაპუაშვილისნაირი, კობახიძისნაირი და მდინარაძისნაირი, პროპაგანდისტულად გამოზრდილი კადრები გაუშვას ან დაიჭიროს, მას სჭირდება ვიღაც, ვინც „ქართული ოცნების“ ნარატივს გაამართლებს და გაახმოვანებს“, - განაცხადა ბუტიკაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება