ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს მხარი 53-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 14-მა მისცა.
ანგარიშის პროექტის განმარტებით განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის მეორე ანგარიში საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესახებ, რომელიც მომზადებული საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით.
„ანგარიში ფოკუსირებულია ევროპარლამენტის მთავარ შეშფოთებაზე საქართველოს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროპული ინტეგრაციის მდგომარეობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განმარტებით განცხადებაში.
ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, „რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის დემოკრატიული უკუსვლის, მზარდი რეპრესიების, დაუნდობელი მტრული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და მუქარის ფონზე“.
„ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი“, - აღნიშნულია დოკუმენტის პროექტში.
პროექტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების მიმართ დაწესებული მიზნობრივი პერსონალური სანქციები მნიშვნელოვანია.
„ანგარიშის პროექტი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ძირითადი ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლებია არიან საქართველოში დემოკრატიული უკუქცევის, არჩევნების გაყალბების, ადამიანის უფლებების დარღვევების და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, დაწესებული მიზნობრივი პერსონალური სანქციები წარმოადგენს დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს; მიესალმება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის პირობებში, სულ უფრო მეტი წევრი სახელმწიფო აწესებს ინდივიდუალურ სანქციებს ქართველი თანამდებობის პირების წინააღმდეგ; მოუწოდებს სხვა წევრ სახელმწიფოებს, მიბაძონ მათ“, - აღნიშნულია ანგარიშის პროექტში.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება ეუთოს მიერ, 24 წევრი ქვეყნის ინიციატივით, „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას, რაც საქართველოში, ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაფასებლად, ექსპერტთა მისიის გაგზავნის საშუალებას იძლევა.
„ევროპარლამენტი აღნიშნავს კომისიის წინადადებას, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში, როგორც „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევის პირდაპირი შედეგი; წუხს, რომ დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი ქართველი თანამდებობის პირებისთვის ევროკავშირის მასშტაბით ვიზების აკრძალვა შეუძლებელი გახდა უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო; აფრთხილებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაზეც სრულად პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ იქნება“, - აღნიშნულია პროექტში.
ამასთან, რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთ შესწორებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ მისი დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს.
„ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ბრალის აღიარებისა და კორუფციის შესახებ სანდო საჯარო მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმე ასახავს უფრო ფართო შეშფოთებას პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფ მართლმსაჯულებასთან, ძალაუფლების არაფორმალურ სტრუქტურებთან და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ შიდა დაყოფებთან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის როლთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში მიღებული ანგარიშის შესწორებების პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი გმობს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მედიასაშუალებების როლს ევროკავშირის, მისი ინსტიტუტებისა და წარმომადგენლების წინააღმდეგ სისტემატური დეზინფორმაციისა და მტრული პროპაგანდის გავრცელებაში.
„ევროპარლამენტი გმობს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მედიასაშუალებების, მათ შორის „იმედისა“ და „პოსტვ“-ის როლს ევროკავშირის, მისი ინსტიტუტებისა და წარმომადგენლების წინააღმდეგ სისტემატური დეზინფორმაციისა და მტრული პროპაგანდის გავრცელებაში. აღნიშნავს გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებას ამ მაუწყებლების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადახედონ მსგავსი მედიასაშუალებების აკრედიტაციას ევროკავშირის ინსტიტუტებში და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გაერთიანებული სამეფოს მაგალითს მიჰყვნენ და შესაბამისი შემზღუდავი ზომები მიიღონ“, - ნათქვამია ევროპარლამენტარების, რასა იუკნევიჩიენესა და მირიამ ლექსმანის შესწორებაში.
კიდევ ერთი შესწორება „გმობს ტელეკომპანიების „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტვს“-ის მიერ გავრცელებულ სისტემატურ დეზინფორმაციას, ცილისმწამებლურ კამპანიებსა და მტრულ პროპაგანდას, რომლებიც „ქართული ოცნების“ რეჟიმის დე ფაქტო კომუნიკაციების ორგანოდ მოქმედებენ“.
„მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს, რომ განიხილონ შესაბამისი და პროპორციული შემზღუდავი ზომები იმ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დეზინფორმაციულ კამპანიებსა და მათ დაფინანსებაზე, მათ შორის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში, იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი მტრული ქმედებები კვლავ გაგრძელდება“, - აღნიშნულია ევროპარლამენტარების, კშიშტოფ ბრეიზასა და მიჰალ შჩერბას შესწორებაში.
ასევე, ევროპარლამენტარების, მარიუშ კამინსკისა და მალგოჟატა გოშევსკას შესწორება „მოუწოდებს ევროკავშირს სანქციების სიაში შეიყვანოს საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის წევრები“.