დღევანდელი დღე გამოაჩენს, ვინ იქნება საქართველოს მომავალი პატრიარქი - სინოდალური მმართველობა, ერთიანობის სული, რომელიც იმედი მაქვს, რომ იქნება შენარჩუნებული ჩვენს ეკლესიაში, ბევრად უფრო საინტერესოს გახდის ჩვენს ცხოვრებას და ეკლესია შეასრულებს როგორც მისტიკურ მისიას, ასევე საზოგადოებრივ - სოციალურ ფუნქციას, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ძალიან სჭირდება, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც საქართველოს 142 კათოლიკოს-პატრიარქი უნდა აირჩეს.
მისივე თქმით, ეკლესია, ისევე როგორც, ქართული სახელმწიფო ახალ ნაბიჯებს დგამს.
„დღეს ისტორიული დღეა, უდავოდ, იმიტომ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრებაში მართლაც განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ჩვენი რწმენა, ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, არამარტო მორწმუნე საზოგადოების ყურადღებაა მიქცეული დღეს სამების საკათედრო ტაძრისკენ, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეების, რომლებიც შეიძლება არც არიან ყოველდღიურ საეკლესიო მსახურებაში, ან არ მიაკუთვნებენ თავს ჩვენი ეკლესიის სულიერ შვილებს. ფართო გაგებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია და ჩვენი ერი იდენტობის სერიოზული მახასიათებელი. დღევანდელი დღე, რა თქმა უნდა, უნაკლო ვერ იქნებოდა. სამწუხაროდ, როგორც სახელმწიფოებრიობის გამოცდილება წაგვართვა საბჭოთა პერიოდმა, ისე წაგვართვა ეკლესიის დამოუკიდებლობის ტრადიცია. ჩვენი პატრიარქები მოწამე პატრიარქები იყვნენ საბჭოთა რეპრესიების წლებში და საერთოდ, ეკლესია, მოისრა და ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო ჩვენმა ეკლესიამ. 49 წლის წინ, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იქნა აღსაყდრებული საქართველოს პატრიარქის ტახტზე, მაშინ სრულად ეპისკოპოსების რაოდენობაც კი არ იყო და არასაეკლესიო საზოგადოებაც მონაწილეობდა ამ არჩევნებში. შემდეგ კი ჩვენი მთელი მახსოვრობა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია პატრიარქის მოღვაწეობასთანაა დაკავშირებული. პრაქტიკულად, ჩვენ სინოდალური გადაწყვეტილებები ხშირად არ გვახსოვს. სინოდალური ცხოვრების მომსწრენი არ ვართ. ეს იყო პატრიარქის ეპოქა. ეპოქალური იყო მისი მოღვაწეობა. მისი ავტორიტეტი იყო იმდენად დიდი და ჰქონდა განუზომელი ზემოქმედების ძალა როგორც მორწმუნე მრევლზე, ისე მთლიანად საზოგადოებაზე.
რაც შეეხება თავად პროცესს, რაც პატრიარქის არჩევნებს ახლავს თან, ეს სურათი აჩვენებს იმას, რომ ჩვენი ეკლესია, ისევე როგორც, ქართული სახელმწიფო ახალ ნაბიჯებს დგამს. აღმოჩნდა, რომ ის მართვა-გამგეობის წესი, რომელიც 1995 წელს იქნა მიღებული, მაინცდამაინც სრულფასოვნად ვერ ასახავს და აღწერს იმ პრობლემების გადაწყვეტის გზებს, რომლებიც შეიძლება ასეთ პროცესში გაჩნდეს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი დააზიანა იმან, რომ მეუფე დანიელმა, გამორჩეულმა მღვდელმთავარმა, ასაკობრივი დაუზუსტებლობის გამო ვერ მიიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა. მე როგორც ვიცი, თავად მეუფე დანიელმა აღარ მისცა გასაქანი ამ პოლემიკას, რომელიც მაინცდამაინც სასიამოვნოდ არ გამოიყურებოდა. ასევე, დასანანია, ისეთ გამორჩეულ მღვდელმთავარს, როგორიც არის მეუფე ისაია და რომელიც სახალხო სიყვარულის ობიექტია, საგანმანათლებლო ცენზის გამო რომ შეექმნა პრობლემები. ამ დროს, ეს ყველაფერი წერია ამ წესდებაში. ჩვენ შეგვიძლია ასეც წავიკითხოთ და ისეც. თუმცა წაკითხვის ეს ფორმა აღმოჩნდა მისაღები. ყველა თანხმდება, რომ ეს წესდება აუცილებლად გასასწორებელია, იმიტომ, რომ პრაქტიკამ ბევრი სიძნელე გამოაჩინა“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთჩაურევლობა უნდა იყოს გარანტირებული.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კონსტიტუციური გარანტიით არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია და საკონსტიტუციო შეთანხმება სწორედ იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთ ჩაურევლობა უნდა იყოს გარანტირებული. მაგრამ ის, რომ სახელმწიფო ცდილობს, ეკლესიის გავლენა, ეკლესიის ავტორიტეტი სათავისოდ გამოიყენოს, ამას ვხედავდით და მცდელობას არ დააკლებენ ამ პერიოდშიც. „ქართული ოცნების“ პირობებში, ჩარევა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდს ვგულისხმობ, მძიმე და რთული იყო, რთული შედეგების მომტანი. მოყოლებული ე.წ. ციანიდის საქმიდან, რომელიც გაურკვეველ მოვლენად დარჩა, ჯერჯერობით, საქართველოს უახლოეს ისტორიაში, გაგრძელებული სუს-ის კრებსებით და ა.შ. ასევე, ისეთი თემების შემოტანა, რომელიც მაინცდამაინც გამართლებული არაა. მაგალითად: სახელმწიფო რელიგიის გამოცხადების მცდელობა, თვითონ ეკლესიამ განაცხადა ამაზე უარი. ეს პირდაპირ ნიშნავდა ფაქტობრივ შერწყმას ეკლესიისა და სახელმწიფო მმართველობის. ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტები უხეშად პროპაგანდირებდნენ მეუფე შიოს მხარეს, რომლითაც უფრო აფუჭებდნენ საქმეს, ვიდრე რაიმე კარგს აკეთებდნენ. ასეთი უხეში ჩარევა მათი მხრიდან პირდაპირ მიანიშნებდა, რომ ისინი „ქართული ოცნების“ ინტერესებს გამოხატავდნენ.
მეუფე შიო ჩემი თაობის ადამიანია, ჩვენ ერთ დროს ვსწავლობდით და ერთ დროს ეროვნული მოძრაობის ფრთას წარმოვადგენდით. ის მნიშვნელოვანი ფიგურაა ჩვენს ეკლესიაში. ასევე მეუფე იობი, ამ ეკლესიის გამოღვიძების სათავეებთან დგას და სამონასტრო ცხოვრების ჩამოყალიბებაში უზარმაზარი როლი აქვს შეტანილი თავის ეპარქიაში. მეუფე გრიგოლი საგანმანათლებლო მიმართულებით ბევრს მუშაობს.
დღევანდელი დღე გამოაჩენს ვინ იქნება საქართველოს მომავალი პატრიარქი, მაგრამ შემდგომი პერიოდი უკვე გამოაჩენს იმას, რომ სინოდში არის ბევრი ავტორიტეტული მღვდელთმთავარი და რომ სინოდალური მმართველობა, ერთიანობის სული, რომელიც იმედი მაქვს, რომ იქნება შენარჩუნებული ჩვენს ეკლესიაში, ბევრად უფრო საინტერესოს გახდის ჩვენს ცხოვრებას და ეკლესია შეასრულებს როგორც მისტიკურ მისიას, ასევე საზოგადოებრივ - სოციალურ ფუნქციას, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ძალიან სჭირდება“,- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.