დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ - თანამედროვე ცხოვრების ქარტეხილების, დიდი ისტორიული გამოცდილების და ღვთივ გამორჩეული პიროვნებების ღვაწლის ფონზე, განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ჩვენი არჩევანი ღვთისა და ერის წინაშე, მაგრამ, ამავდროულად, ეს მოვალეობა გვაძლევს ძალას და იმედს, რომ უფლის შეწევნით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ყოველთვის იყო ერის გამაერთიანებელი, ჭეშმარიტი რწმენის, ქართული ენის, ტრადიციების და ისტორიული მეხსიერების დამცველი, კვლავაც ამ გზით გააგრძელებს გზას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრებების გახსნისას განაცხადა, სადაც დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.
მეუფე შიომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ღვაწლი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და ეკლესიის მომავალზე ფიქრი, ავალდებულებთ გააგრძელონ ეს გზა ეკლესიის ერთგული მსახურებით, სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით და ერობით, რაც ყოველთვის იყო მისი უწმინდესობის უმთავრესი საზრუნავი.
„დღეს ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში განსაკუთრებული მისიით შეგვკრიბა უფალმა. საუკუნეების წინ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობით დაიწყო ჩვენი ეკლესიის ქრისტეს სიყვარულით ნასაზრდოები ისტორია. წმინდა მოციქულების- ანდრია პირველწოდებულისა და სიმონ კანანელის ქადაგებით განათლებულმა ერმა, პირველ საუკუნეშივე შეძლო ქრისტეს ნათელთან ზიარება. მოგვიანებით კი მოციქულთა სწორის, ქალწულ ნინოს ღვაწლით სამარადჟამოდ დაიმარხა გულში მაცხოვრის რწმენა, როგორც ქართველი ერის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. 1700 წლის წინ ჩვენმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და ამ დღიდან მოყოლებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეროვნული სარწმუნოებრივი ერთობის, თვითმყოფადობის, კულტურის, სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა და აზროვნების მთავარ საყრდენად იქცა. ამიტომაც არის ერთმანეთთან ასე ძალუმად გადაჯაჭვული ჩვენი ეკლესიის და ერის ისტორია, ამიტომ იყვნენ ჩვენი გმირი წინაპრები და წმინდა მეფე-დედოფლები ქრისტეს ერთგული მსახურნი, მაგალითი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა. ჩვენი ეკლესიის მნათობთა შორის განსაკუთრებით ბრწყინავს იმ სასულიერო პირთა ღვაწლი, რომელთა მსახურებაც ქრისტეს რწმენის ერთგულებასთან ერთად, ქვეყნის ერთგულებას, სახელმწიფოებრიობის სიმტკიცეს და შენარჩუნებას ემსახურებოდა. დღეს აქ შეკრებილნი მადლიერებით და სიყვარულით ვიხსენებთ საქართველოს ეკლესიის მამამთავრებს, მათ შორის წმინდა მღვდელმოწამე კირიონს, წმინდა ამბროსი აღმსარებელს, წმინდა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს, მეოცე საუკუნეში მოღვაწე სხვა ღირსეულ კათოლიკოს პატრიარქებს ლეონიდეს, ქრისტეფორეს, მელქისედეკ მესამეს, ეფრემ მეორეს, დავით მეხუთეს და რა თქმა უნდა, ჩვენს ძვირფას მამას კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. 40 დღეზე მეტმა განვლო მისი გარდაცვალებიდან. ამ დღეებმა კიდევ უფრო მეტად დაგვანახა მისი უწმინდესობის სულიერი სიდიადე და ნამდვილი სახე მოძღვრისა, მწყემსთმთავრისა, რომელიც მთელი თავისი ღვაწლით, დიდი სიყვარულით და რწმენით ერს აერთიანებდა და უფლისკენ მიუძღოდა. მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ უნდა გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, როგორ დაიცვას თავისი სამწყსო და მისი მომავალი, ამ კითხვებზე პასუხები კათოლიკოს- პატრიარქ ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია. ძნელია მოიძებნოს საეკლესიო ცხოვრების სფერო, რომელზეც მის უწმინდესობას და უნეტარესობას არ უზრუნია. მათ შორისაა ხალხთან ღვთის სიტყვის მიტანა და მისიონერობა, საეკლესიო და სამონაზვნო ცხოვრების, ღვთისმსახურების და ეკლესიის იურისდიქციასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება, საეკლესიო- ადმინისტრაციული მოწყობის სრულყოფა, ეპარქიებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის განმტკიცება, ეკლესიის საგარეო ურთიერთობების განვითარება, საზღვარგარეთ არსებულ დიასპორებსა და ეპარქიებზე ზრუნვა. განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერა, ახალგაზრდების აღზრდაზე ზრუნვა, ტაძრებთან სამრევლო სკოლების გახსნა, ქართული ტრადიციული გალობისა და სხვა სახელოვნებო დარგების აღდგენა, ოჯახური ღირებულებების დაცვა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისთვის განსაკუთრებული ლოცვა, ფიქრი და სხვა. სწორედ ამგვარად აღიბეჭდა მისი ცხოვრება და ნახევარსაუკუნოვანი დაუღალავი საპატრიარქო ცხოვრება ჩვენს მეხსიერებაში. მისი მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და ეკლესიის მომავალზე ფიქრი გვავალდებულებს, განვაგრძოთ ეს გზა ეკლესიის ერთგული მსახურებით, სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით და ერობით, რაც ყოველთვის იყო მისი უწმინდესობის უმთავრესი საზრუნავი. დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ. ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას, რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესიის ახალი მწყემსმთავარი. რა თქმა უნდა, თანამედროვე ცხოვრების ქარტეხილების, დიდი ისტორიული გამოცდილების და ღვთივ გამორჩეული პიროვნებების ღვაწლის ფონზე, განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ჩვენი არჩევანი ღვთისა და ერიოს წინაშე, მაგრამ, ამავდროულად, ეს მოვალეობა გვაძლევს ძალას და იმედს, რომ უფლის შეწევნით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ყოველთვის იყო ერის გამაერთიანებელი, ჭეშმარიტი რწმენის, ქართული ენის, ტრადიციების და ისტორიული მეხსიერების დამცველი, კვლავაც ამ გზით გააგრძელებს გზას. მადლობა ღმერთს, რომ დღეს აქ შეკრებით, მშვიდობით და ერთობით ვაგრძელებთ ეკლესიისა და ერისთვის მსახურებას. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“, - განაცხადა მეუფე შიომ.