ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლება ახალ პატრიარქს გამოიყენებს და პატიმრებს მაშინ შეიწყალებს, თუ დაინახავს, რომ ასეთი ნაბიჯი აწყობს, ივანიშვილის დევნის თაობაზე საფრანგეთისთვის მიმართვა კი ოპოზიციის მხრიდან ჩვენებაა: „ჩვენ ცოცხალი ვართ“

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ახალი კათოლიკოს პატრიარქის, შიო მესამის უპირველესი ამოცანა ეკლესიის შიგნით ერთიანობის შენარჩუნება იქნება.

როგორც ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ერთიანობის შენარჩუნება ეკლესიასაც და ერსაც წაადგება.

„ურთულესი ვითარებაა როგორც ქვეყანაში, ისე მთლიანად მთელ საზოგადოებაში. შიო მესამის ინტრონიზაცია, რომელიც გუშინ განხორციელდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის ჩვენს საზოგადოებრივ და სასულიერო ცხოვრებაში. ამასთანავე, ისიც უნდა ითქვას, რომ ახალ კათოლიკოს პატრიარქს, შიო მესამეს რთული მემკვიდრეობა ერგო. მისი მოღვაწეობა, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, მუდმივად იქნება პარალელის გავლება იმასთან, რასაც აკეთებდა კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. საზოგადოების თვალში მუდმივად იქნება ილია მეორის მოღვაწეობის და ახალი პატრიარქის ნაბიჯების შედარება. მგონია, რომ უპირველესი ამოცანა, რაც ეკლესიასაც და ერსაც წადგება, იქნება ის, რომ შეინარჩუნოს ერთიანობა. ეკლესიის შიგნით არ დაიწყოს ისეთი პროცესები, რაც არც ეკლესიას წაადგება და არც ერს. ამიტომ, უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ერთიანობა შენარჩუნდეს.

პატრიარქის არჩევას 22 ხმა ჰყოფნის, მაგრამ იმისთვის, რომ ერთიანობა შენარჩუნდეს, ხმები საკმარისი არ არის. გააჩნია, რა ნაბიჯებს გადადგამს. პირველი ამოცანა, რასაც ახალმა პატრიარქმა ყურადღება უნდა მიაქციოს, ეს არის ის, რომ ეკლესიაში განხეთქილება არ დაუშვას. საკმარისი ხმა მიღო იმისთვის, რომ პატრიარქი გამხდარიყო, მაგრამ შემდგომ რა ნაბიჯებს გადადგამს დანარჩენ მღვდელმთავრებთან მიმართებით, ამას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. ფაქტობრივად, ეს იქნება პირველ ეტაპზე მისი სასულიერო მოღვაწეობის განმსაზღვრელი და შემდეგ უკვე გამოჩნდება დანარჩენი ვითარება“, - განაცხადა ძაბირაძემ.

რაც შეეხება ახალი პატრიარქის მიმართ მოწოდებას, რომ ხელისუფლებასთან პროტესტის ფარგლებში დაპატიმრებული პირების გათავისუფლების საკითხზე იშუამდგომლოს, როგორც ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა, „ქართული ოცნება” შესაბამის გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ მიიღებს, თუ დაინახავს, რომ პოლიტიკურად აწყობს პატიმრების გათავისუფლება.

„რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, საზოგადოებაში ეს იმედები გაჩნდა, მაგრამ ხელისუფლების გადასაწყვეტია. თუ ხელისუფლებას პოლიტიკურად ხელს აძლევს, სჯობს ასეთი ნაბიჯი გადადგას და მაშინ ახალ პატრიარქს, შიო მესამეს გამოიყენებს.

სინოდმა რამდენჯერმე თხოვნით მიმართა ხელისუფლებას, რომ პატიმრები გაეთავისუფლებინა, მაგრამ ეს ხელისუფლებამ არ გააკეთა, ამიტომ რამდენიც არ უნდა სთხოვოს და ვინც არ უნდა სთხოვოს „ქართულ ოცნებას“, იქნება ეს ახალი თუ ძველი პატრიარქი, აქ საკითხი დგას ასე: პოლიტიკურად რამდენად აძლევს ხელისუფლებას ხელს პატიმრების გამოშვება? ეს უფრო მეტად დამოკიდებულია საგარეო ფაქტორებზე და ნაწილობრივ საშინაოზე, ოღონდ არა ეკლესიის, არამედ პროტესტის მიმართულებით“, -განაცხადა ძაბირაძემ.

ამასთან, მან განმარტა, რომ დაკავებულებს შეწყალება უპირობოდ უნდა მოხდეს და არა დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ.

„თუ იქნება აღიარება, რომ დანაშაული ჩაიდინეს და ასე შემდეგ, ამაზე ხომ ხელისუფლება კარგა ხანია ლაპარაკობს. თუ აღიარებენ, რომ დანაშაული ჩაიდინეს, მაშინ რა პრობლემაა მათი შეწყალება? არც პატრიარქი სჭირდება ვინმეს და არც ვინმეს შუამდგომლობა. ხელისუფლება მზად იყო ეს პრეზიდენტის მხრიდან გაეკეთებინა. ამიტომ, აქ ამაზე არ არის საუბარი. ლაპარაკია უპირობო შეწყალებაზე. უპირობო შეწყალება შეიძლება გაკეთდეს, ოღონდ მაშინ, როდესაც ეს პოლიტიკურად „ქართული ოცნებისთვის“ მომგებიანი იქნება. ეს საგარეო ფაქტორებზე უფრო იქნება დამოკიდებული, ვიდრე იმაზე, თუ ვინ მიმართავს ხელისუფლებას შეწყალებაზე. თუ „ქართული ოცნება“ ვერ მოახერხებს იმ იზოლაციის გარღვევას, რომელშიც დღეს არის დასავლელი პარტნიორების მხრიდან, მაშინ გარკვეულ დათმობებზე წასვლა და პატიმრების ნაწილის გამოშვება მაინც მოუწევს. საუბარია იმაზე, გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება საპატრიარქოს. თუ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ გადაწყვეტილება მიღებული ექნება, მას რა თქმა უნდა, ურჩევნია, საპატრიარქოს თხოვნა დააკმაყოფილოს და მეტ-ნაკლებად შეფუთოს ეს გადაწყვეტილება.

[რაც შეეხება იმას, როგორი იქნება შიო მესამის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ურთიერთობა, ყველა ხელისუფალი ცდილობს, ეკლესიასთან მინიმუმ კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. ჩვენს რეალობაშიც, მიუხედავად იმისა, რა ღვაწლი ჰქონდა ილია მეორეს, იძულებული იყო, გარკვეული ნაბიჯები გადაედგა. ამიტომ აქ მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, რას მოიფიქრებს ხელისუფლება, მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მოთხოვნაზე როგორი რეაქცია ექნება ახალ კათოლიკოს პატრიარქს. შეძლებს თუ არა, ბალანსის შენარჩუნებას.

ეს არის ტრადიციად მიღებული ჩვენს რეალობაში, ასე იყო ყოველთვის და ასე გრძელდება. ვინმეს ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ხელისუფლება მხარს არ უჭერდა? რა თქმა უნდა, მხარს უჭერდა. მარტო პროპაგანდისტული არხის ყურება საკმარისი იყო იმის დასანახად, რომ 3 მღვდელმთავრიდან, რომელიც პატრიარქად დასახელებული იყო, ვინ იყო ხელისუფლებისთვის მისაღები. საქართველოში ყველა ხელისუფალი ცდილობდა, ეკლესიაზე გავლენა ჰქონოდა. ესაა პრობლემა, როგორ ბალანსს დაიჭერს ახალი პატრიარქი. არც გამოვრიცხავ, არჩევის შემდეგ, ის ხელისუფლებასთან უსიტყვო მორჩილებაში არ იყოს. მთლიანად ხელისუფლებისგან ვერ გათავისუფლდება, არ არის ამის რეალური საფუძველი. ჯერ ჩვენ არ ვართ ის საზოგადოება, რომელსაც ასე დიფერენცირება შეუძლია. [რაც შეეხება გუშინ, სვეტიცხოველში გამართული ინტრონიზაციისას, პატრიარქ შიოს დაინტერესებას, იმყოფებოდა თუ არა ტაძარში ბიძინა ივანიშვილი], ამაში ვერაფერს ისეთს ვერ ვხედავ“, -განაცხადა ძაბირაძემ.

გარდა ამ საკითხისა, მან საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია შეაფასა, ასევე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ „საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის მიერ საერთაშორისო კონვენციური დანაშაულების ჩადენისთვის პასუხისგებაში მისაცემად საფრანგეთის პროკურატურისთვის მიმართვა უნდა მოხდეს“.

„უპირველეს ყოვლისა, ეს არის პოლიტიკური საკითხი და შემდეგ სამართლებრივი. როდესაც ვსაუბრობდი, რომ პატიმრების შეწყალება გარე ფაქტორებზე იყო დამოკიდებული, ეს მქონდა სწორედ მხედველობაში. ეს დაიწყო ინგლისში და საფრანგეთში. თუ ამაში ამერიკაც ჩაერთვება და ევროპის დანარჩენი ქვეყნებიც, მაშინ „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება, რაღაც დათმობებზე წავიდეს. მაშინ ახლად არჩეული პატრიარქის თხოვნას დააკმაყოფილებს. გვარამიამ რამდენიც არ უნდა მიმართოს ვინმეს, საფრანგეთის მხრიდან ამ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის. მიმართვა არის ოპოზიციის აქტიურობა და ჩვენება - ჩვენ ცოცხალი ვართ“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს