პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლითაც, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ეკონომიკურ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება უუქმდებათ და ტურიზმის ადმინისტრაციის სპეციალურ ბაზაში რეგისტრაცია მოუწევთ

პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ეკონომიკურ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება უუქმდებათ და ამის ნაცვლად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სპეციალურ ბაზაში რეგისტრაცია მოუწევთ.

ცვლილებები „ტურიზმის შესახებ“ კანონში შედის.

კანონპროექტის მიხედვით, ტურისტული საქმიანობის სუბიექტები - ტურისტული გიდები, ტუროპერატორები და ტურისტული სააგენტოები/ტურაგენტები ვალდებულები იქნებიან დარეგისტრირდნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაში. ადმინისტრაცია ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული მონაცემების აღრიცხვასა და დამუშავებას.

ამასთან, პროექტიდან ამოღებულია ნორმები, რომლებიც ტურისტული საქმიანობის ეკონომიკურ რეესტრში რეგისტრაციას ეხებოდა. სექტორის წარმომადგენლებს აღნიშნული პროცედურა ფასიან მომსახურებად უწევდათ.

კანონპროექტი ასევე ცვლის სანქციების ნაწილს. კერძოდ: ტურისტული საქმიანობის განხორციელება ტურიზმის ადმინისტრაციის ბაზაში რეგისტრაციის გარეშე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა 1 000 ლარი იქნება; რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების გაწევა შესაბამისი სერტიფიკატის გარეშე 3 000-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს, განმეორების შემთხვევაში - 6 000 ლარს; ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა 1 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით კი - 3 000 ლარით.

ამასთან, ცვლილებებით, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობების ჩამონათვალსა და განხორციელების წესს. ასევე დადგინდება, რომელი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლებისთვის იქნება სავალდებულო პროფესიული პასუხისმგებლობის ან/და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებების ძირითადი ნაწილი 2026 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება, ხოლო სანქციების ნაწილი - 2027 წლიდან.

პროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა