მეგობრული მზვერავი და მტრული მზვერავი არ არსებობს - ყველამ დაანებოს თავი დაზვერვას და ჯაშუშობას! - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფრანგული მედიის ინფორმაციას, რომ „საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია“.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას და უსაფრთხოების სამსახურებს დღეს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ გამოავლინოს საქართველოში სადაზვერვო საქმიანობა და ამიტომ ყველა უნდა გაფრთხილდეს.
პაპუაშვილი ამბობს, რომ „არავის დაზვერვას საქართველოში არაფერი ესაქმება“.
„მხოლოდ [ფრანგული მედიის] სტატია არის. არ ვიცი რამდენად შეგვიძლია შინაარსს ვენდოთ, მაგრამ როგორც სტატიაშია ნათქვამი, თურმე ყოფილა დაზვერვის ორი აგენტი, რომელიც თავად გაიწვიეს. თუკი ეს სიმართლეა, თქვენი აზრით, უცხო ქვეყნის დაზვერვის აგენტები რომ არიან ქვეყანაში, ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობას ათბობს და აგენტები როცა გადიან ქვეყნიდან, ეს აციებს ურთიერთობებს? არ ვიცი. არ ვიცი, ზუსტად რა იგულისხმება, თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლებას და უსაფრთხოების სამსახურებს დღეს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ გამოავლინოს საქართველოში სადაზვერვო საქმიანობა. ამიტომ ყველა უნდა გაფრთხილდეს, აქ არ არსებობს არც დასავლეთი, არც აღმოსავლეთი, არც ჩრდილოეთი, არც სამხრეთი. ყველა სხვა, ვინც არის და არ არის ამ ქვეყნის ნაწილი. არავის დაზვერვას საქართველოში არაფერი ესაქმება. მეგობრული მზვერავი და მტრული მზვერავი არ არსებობს. ყველამ დაანებოს თავი დაზვერვას და ჯაშუშობას,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „რადიო თავისუფლება“ დაზვერვისა და დიპლომატიურ ურთიერთობებზე მომუშავე ფრანგულ გამოცემა Intelligence Online-ზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ „საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია“.
მათივე ცნობით, აგენტები მაისის თვეში გაიწვიეს და მათი გაწვევის ფონია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის „ყოფილი თანამოაზრის" დაკავება. როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, გამოცემა ამ დახასიათების ქვეშ გულისხმობს „ქართუ ბანკის" ყოფილ პრესმდივანსა და ფინანსური პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, გიორგი უძილაურს, რომელიც 5 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
ფრანგული გამოცემის მიხედვით, ქართული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბა.
„საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახური იძულებული გახდა, თბილისიდან პარიზში გაეწვია დაზვერვის ორი აგენტი", - წერს გამოცემა.
ამასთან, როგორც „რადიო თავისუფლება“ ფრანგულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს, საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების თავიდან ასარიდებლად უარი თქვა საფრანგეთის დაზვერვის აგენტების „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებაზე და მხოლოდ მათი ქვეყნიდან გაყვანა მოითხოვა, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათი ვინაობების გასაჯაროებით დაიმუქრა.