თეონა აქუბარდია - უვიზო მიმოსვლა არის ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი კარი ევროპაში, ამ კარის დახურვა შესაძლებლობაა რუსეთისთვის, მოხდეს საქართველოს დასავლეთისგან სრული იზოლაცია - ამას „ქართული ოცნება“ ხელს უწყობს

ჩვენს ხელისუფლებას ვალდებულებების შესრულება უნდა მოვთხოვოთ და არ გავიშვიროთ თითი ბრიუსელისკენ, რომელმაც ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი აამოქმედოს, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ოფიციალური ბრიუსელის რეკომენდაციებს აღარ ასრულებს, რის გამოც შესაძლოა, ქვეყანას უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს.

“უვიზო მიმოსვლა იყო და არის მნიშვნელოვანი თავისუფლება საქართველოს მოქალაქეებისთვის. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ უარს ამბობს ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ დამოკიდებული ვართ ბრიუსელის გადაწყვეტილებაზე, მის გულმოწყალებაზეა და არა იმაზე, რომ ეს იქნებოდა პირობებზე დაფუძნებული. ოფიციალური ბრიუსელის რეკომენდაციებს საქართველო აღარ ასრულებს. უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება არის საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი კარი ევროპაში. ამ კარის დახურვა არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა რუსეთისთვის, რომ საქართველოს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოხდეს, რასაც „ქართული ოცნება“ ხელს უწყობს. საქართველოს მოქალაქეებმა პასუხი უნდა მოვთხოვოთ საქართველოს მმართველ ძალას, რომელიც თავს ხელისუფლებას ეძახის. თუ ჩვენი არჩევანი არის ის თავისუფლება, რომელიც ევროპულ გზაზე გადის, მაშინ ჩვენს ხელისუფლებას ვალდებულებების შესრულება უნდა მოვთხოვოთ და არ გავიშვიროთ თითი ბრიუსელისკენ, რომელმაც ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი აამოქმედოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს, მაგრამ ვერსად წაუვალთ იმ ვალდებულებებს, რაც დამსახურებაზე დაფუძნებულია და არ არის „ღვთიური მანანა“, საჩუქარი, რომელიც საქართველოს სამუდამოდ ექნება…

მოსმენა, რომელიც ბრიუსელში ივნისში შედგება, საბოლოო ვერდიქტი არ იქნება, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან კომუნიკაცია იქნება ვალდებულებების შესრულება-შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. ამ მოსმენის შედეგად დეკემბერში იქნება უკვე ანგარიში. 2027 წლის იანვრიდან მოხდება გადაწყვეტილების მიღება, რასაც უმრავლესობა არ სჭირდება. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი დასავლეთთან თავისი პირობებით ვაჭრობს, არ არის ახალი, თუმცა ამ ვაჭრობას წინსვლა რომ არ აქვს, ამასაც ვხედავთ. „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს აქცევს იარაღად საკუთარი ვაჭრობის და ინტერესების ხელში. ეს არის ქართველი ხალხის მიმართ ყველაზე დიდი, უპატიებელი საქციელი“, - განაცხადა აქუბარდიამ.

გარდა ამ საკითხისა, მან სხვა აქტუალურ თემებზეც ისაუბრა და სომხეთის საპარლამენტო არჩევნებიც შეაფასა. თეონა აქუბარდიას განცხადებით, რუსეთის ჩარევის, შანტაჟისა მცდელობის მიუხედავად, სომეხმა ხალხმა საკუთარი არჩევანი გააკეთა.

„პირველ რიგში, ეს არის სომეხი ხალხის გამარჯვება იმიტომ, რომ მიუხედავად რუსეთის ზეწოლის, შანტაჟისა და ღია ჩარევისა, სომეხმა ხალხმა საკუთარი არჩევანი გააკეთა არა რუსეთის, არამედ სომხეთის ინტერესების სასარგებლოდ. ეს გარკვეულწილად გეოპოლიტიკური არჩევნებიც კი იყო, როცა უპრეცედენტო ჩარევას და მათ შორის მუქარას ვხედავდით რუსეთის მხრიდან. მინდა ჩვენს მეზობელ სომხეთს მივულოცო დემოკრატიის გამარჯვება“, - განაცხადა აქუბარდიამ.

მისი შეფასებით, სომხეთის არჩევნები ნათლად აჩვენებს იმას, რომ რუსეთი მარცხდება.

„რუსეთი დამარცხდა რეგიონში მას შემდეგ, რაც ტრამპის მედიაციით დამყარდა მშვიდობა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და რუსეთი დამარცხდა სომხეთში ამ არჩევნებით. უნდა დავინახოთ, რომ ამ ვითარებაში რუსეთის გამარჯვება შეუძლებელია, მიუხედავად სომხეთის არჩევნებში ჩარევისა. რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის ასეთი წინაპირობა ჯერ არ ყოფილა. არ ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხს არჩევანი გასაკეთებელი აქვს ევროპასა და რუსეთს შორის. ეს არჩევანი საუკუნეების მანძილზე არის გაკეთებული და ამიტომ არის დასავლეთისკენ ჩვენი გზა ცივილიზაციური არჩევანი. აქ ახლა მთავარი არის, რა არჩევანს გააკეთებს ივანიშვილი მას შემდეგ, რაც ჯერ ნახა უნგრეთში ვიქტორ ორბანის მარცხი, მოლდოვის გამარჯვება რუსეთის ჩარევების ფონზე და მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც არჩევნების შემდეგ დადგა. ერთადერთი ფორპოსტი რუსეთისთვის დღეს არის საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ ხალხს დასავლეთისგან ჩამოშორება არჩეული არ აქვს, ცალსახად ეს არის ივანიშვილის არჩევანი. რეგიონში პროცესების დინამიკა აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილს საბოლოოდ მოუწევს იმის აღიარება, რომ მისი ნაბიჯი სრულიად ამოვარდნილი იყო როგორც კონტექსტიდან, ასევე გეოპოლიტიკური რეალობიდან“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ამასთან, მან სომხეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სომხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დაინტერესებულია საქართველოს ევროპული მომავლით, რადგან მისი ევროინტეგრაციაც საქართველოზე გადის. როგორც აქუბარდია აღნიშნავს, სომხეთი ასევე დაინტერესებულია საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენით.

„როგორც იქნა, ჩვენს ორ ქვეყანას შორის საგარეო ვექტორის კურსი დაემთხვა. ამ ვითარებაში ვხედავთ აშშ-ის გააქტიურებასაც. მარკო რუბიოს ზარი იყო ირანის კრიზისის ფონზე, მათ შორის ვნახეთ აშშ-ის წარმომადგენლების ვიზიტები. მარკო რუბიომ “ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომ მათ უნდა შეცვალონ არა მხოლოდ ურთიერთობების ტრაექტორია, არამედ ქცევაც. ამიტომ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება თავად ივანიშვილზე, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ აშშ გულხელდაკრეფილი უყურებდეს ამ ყველაფერს. ასევე, დამოკიდებული იქნება დროზე და დინამიკაზე, მათ შორის უკრაინაში რუსეთის დასუსტებაზე. ეს პროცესი ვერ უნდა დასრულდეს რუსეთის გამარჯვებით, თუნდაც საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის გაგრძელება ისევე, როგორც ბერკეტების შექმნა საქართველოს კურსის მხარდასაჭერად“, - განაცხადა აქუბარდიამ.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა