20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია, არა ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილი. ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და მას ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
ის საზოგადოებას მოუწოდებს დღეს, 19:00 საათზე, ფილარმონიასთან „ღირსების მარშს“ შეუერთდეს.
„7 წელი გავიდა გავრილოვის სისხლიანი ღამიდან, ეს არ არის მხოლოდ თარიღი, ან ისტორია, ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველოში რუსული გავლენები, რუსული ფული არ იყოს. ამ პოლიტიკის მთავარი გამტარი არის ბიძინა ივანიშვილი, მისი რეჟიმი. დღეს, ყველას მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ „ღირსების მარშს“ იმისთვის, რომ საქართველო რუსული გავლენების, რუსული ფულის, რუსული ინტერესების გამტარი არ იყოს. საქართველო არ გარუსდება, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს ამის ორკესტრირებული მცდელობა აქვს, მთავარი დირიჟორია იმისთვის, რომ ქვეყანაში რუსული მმართველობა ჩვეულებრივი ნორმა იყოს. დღეს, ყველას გეპატიჟებით 19:00 საათზე, ფილარმონიასთან „ღირსების მარშზე“.
20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია, არა ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილი. ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და მას ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს, ადრე თუ გვიან, ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგება, რომელიც ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი იქნება, თუმცა, ეს მას მერე დაიწყება, როცა ამ ქვეყანაში „რუსული რეჟიმი“ დასრულდება“, - განაცხადა ფარულავამ.