სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის განმარტებით, მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას ციხეში ორშაბათს ექიმი, მაკა იოსელიანი მოინახულებს, რის შემდეგაც, გადაწყდება ხოშტარიას მკურნალობის შემდგომი ნაბიჯები.
"პირველ რიგში, დიდი მადლობა მაკა იოსელიანს, ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი, დეტალურად განვიხილეთ ყველა ის შემდგომი პროცესი, რაც საჭირო იქნება მსჯავრდადებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. დავიგეგმეთ, რომ ორშაბათს, ქალბატონი მაკა კვლავ განახორციელებს ვიზიტს პენიტენციურ დაწესებულებაში, მოინახულებს მსჯავრდებულს და შემდეგ უკვე დაიგეგმება მკურნალობის ტაქტიკა, დამატებითი კვლევებიც და სხვა თანმდევი პროცესებიც. როგორც აღვნიშნე, ქალბატონი მაკა დაწესებულებაში შევა ორშაბათს, კვლავ მოხდება მსჯავრდებულის დეტალური გამოკვლევა, შემდეგ შევიკრიბებით, ჩვენს სამედიცინო გუნდთან ერთად, გვექნება გასინჯვის შემდგომი განხილვა და შემდეგი მკურნალობის დაგეგმვის პროცედურები",- განაცხადა პატარიძემ.
კითხვაზე, თუ როგორია ხოშტარიას ამჟამინდელი მდგომარეობა, ის დეტალურ პასუხს არ სცემს, ვინაიდან, ეს მისი თქმით, კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს.
"ეს ინფორმაცია წარმოადგენს განსაკუთრებულ პერსონალურ მონაცემებს, ბოდიში მინდა მოვიხადო, მოკლებული ვარ უფლებას, ამასთან დაკავშირებით გავაკეთო კომენტარი",- განაცხადა პატარიძემ.
კითხვაზე, ორშაბათს იქნება თუ არა საბოლოო პასუხი, გადაიყვანენ თუ არა ხოშტარიას კლინიკაში, ის ასე პასუხობს:
"სავარაუდოდ, დაველოდოთ, ნუ გავასწრებთ მოვლენებს წინ, დაველოდოთ ქალბატონ მაკას, ორშაბათს შევხვდებით და დეტალურად გაგაცნობთ ინფორმაციას",- აცხადებს პატარიძე.