„ქართული ოცნება“ რომ მორალს გვიკითხავს იმაზე, რომ ძალადობა დასაგმობია, ძალიან ცინიკურია. ეს არის ხელისუფლება, რომელიც თვითონ ახალისებს ძალადობას, თვითონ ახდენს ამ პოლარიზაციის ხელშეწყობას და როდესაც ხდება მსგავსი ინციდენტები, ხელს იშვერს საკუთარი მოქალაქისკენ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა, თამარ კეკენაძემ „პალიტრანიუსის” გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ თელავში, ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
კეკენაძემ ისაუბრა ასევე ინციდენტში მონაწილე ქალის შესაძლო აგენტურულ საქმიანობაზე, რომლის შესახებაც უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, მამუკა მამულაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია და რომლის თანახმადაც, აღნიშნული პირი შესაძლოა სწორედ ისაა, რომელზეც უკრაინამ გამოაცხადა ძებნა.
კეკენაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისა და უშუალოდ მამუკა მდინარაძის პრეროგატივაა, რომ დაინტერესდეს ამ ინფორმაციით და ზოგადად, დაინტერესდეს იმით, თუ ვინ გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს.
„ჩემთვის რთულია, ვიმარჩიელო, არის თუ არა ეს ადამიანი რომელიმე ქვეყნის, მათ შორის, რუსეთი აგენტი. ამ ყველაფერს, პირველ რიგში, უნდა იკვლევდეს „ქართული ოცნების” რეჟიმი. მამუკა მდინარაძე რომ გამოდგება ხოლმე და ძირითადად დაკავებულია სხვებზე, მათ შორის, ოპოზიციურ პარტიებზე ანგარიშსწორების დაორგანიზებით, პირველ რიგში ის უნდა უზრუნველყოფდეს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის საზღვარს ვერ კვეთდნენ რუსეთის აგენტები.
ამ ინციდენტში რაც საინტერესოა და რისი აღნიშვნაც მინდა, არის ის ცინიკური დამოკიდებულება, რაც ზოგადად „ქართულ ოცნებას” აქვს ძალადობის მიმართ. ეს არის ხელისუფლება, რომელიც თვითონ ახალისებს ძალადობას, თვითონ ახდენს ამ პოლარიზაციის ხელშეწყობას და როდესაც ხდება მსგავსი ინციდენტები, ხელს იშვერს საკუთარი მოქალაქისკენ. ნაცვლად იმისა, რომ ცდილობდეს, გაერკვეს ვითარებაში და მიიღოს ზომები იმისთვის, რომ ამ ტიპის ძალადობები არ ხდებოდეს, მაშინვე იწყებს ხოლმე თავდასხმას. რაღაცნაირი აღქმა აქვთ, რომ შეიძლება ეს ადამიანები, ვინც ამაში იყვნენ ჩართულები, არ არიან მათი მხარდაჭერები.
„ქართული ოცნება” რომ მორალს გვიკითხავს იმაზე, რომ ძალადობა დასაგმობია, ძალიან ცინიკურია იმიტომ, რომ ყველა გამოვლინებაში ვხედავთ, განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, როგორც ნერგავს მიზანმიმართულად პოლარიზაციას.
რა თქმა უნდა, ყველა სახის ძალადობა დასაგმობია”, - აღნიშნა კეკენაძემ.
მან ასევე შეაფასა ზოგადად რუსი ტურისტების ქმედებები საქართველოში. კეკენაძის თქმით, ის, რომ რუსეთის მოქალაქე ასე იქცევა, პირველ რიგში, აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება” არ იცავს საკუთარი მოქალაქეების ინტერესებს, რაც შემდეგ ტურისტების ქმედებებში აისახება.
„ესეც არის ერთ-ერთი გამოხატულება იმ რეალობის, რაშიც გვაცხოვრებს “ქართული ოცნება”. რუსეთი არის ოკუპანტი და ქართულ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პოლიტიკა, თუმცა აქაც ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება” ყოველ მხრივ აგრძელებს ჩვენი პარტნიორების ლანძღვას და ანექსიურ პროცესებსა და ოკუპაციაზე დუმს.
მეორე მხრივ, სტუმარ-მასპინძლობა არის ჩვენი დნმ-ის ნაწილი მიუხედავად იმისა, თუ რა ეროვნებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის ინტერესები არ დაიცვა. ის, რომ რუსეთის მოქალაქე ასე იქცევა, პირველ რიგში, აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება” არ იცავს საკუთარი მოქალაქეების ინტერესებს, რაც შემდეგ აისახება მათ [რუსეთის მოქალაქეების] თავხედურ გამოვლინებაში და იმაში, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე უფრო კომფორტულად გრძნობს თავს ამ ქვეყანაში ვიდრე თავად საქართველოს მოქალაქე.
„ქართული ოცნება” ამ პოლარიზებული, ძალადობრივი გარემოს შექმნით ყველანაირ უსაფრთხო გარემოს უსპობს საკუთარ მოქალაქეებს, მაგრამ რუსეთის მოქალაქეების აქ ცხოვრება ძალიან არის წახალისებული”, - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, კეკენაძემ საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა და შეეხო გერმანიაში საქართველოს ელჩის, ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელის გადაცემის საკითხსაც, რომელიც 23 ივლისს მოხდება. კეკენაძის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ელჩს ამდენი ხნის განმავლობაში არ მიეცა საშუალება, აღნიშნული აქტი განეხორციელებინა, „ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკის დამსახურებაა.
„ეს „ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა. უკვე ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ, რა ტიპის საგარეო პოლიტიკა აქვს ბიძინა ივანიშვილს. ეს 10-თვიანი ლოდინის რეჟიმი ბუნებრივი რეაქცია იყო გერმანიის მხრიდან, როდესაც “ქართული ოცნება” ყოველდღიურ რეჟიმში აყენებდა შეურაცხყოფას გერმანიის ელჩს და ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არ იყო პიროვნული შეურაცხყოფა. ნებისმიერ ქვეყანაში ელჩი წარმოადგენს მის ქვეყანას და იმ რეალობაში, როდესაც „ქართული ოცნება“ არა მარტო გერმანიას, ზოგადად ჩვენს პარტნიორებს ასე მძიმე შეურაცხყოფას აყენებს და ყველაფერს აბრალებს, მათ მიერ წარგზავნილი ელჩს კიდევ კარგად ექცეოდნენ. მაღალი კულტურის მაჩვენებელია ის რეაქცია, რაც გერმანიის მხრიდან იყო.
დღეს ალიევი ჩავიდა ბერლინში, იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც არ არის კანდიდატი სახელმწიფო, თუმცა ამ ტიპის მაღალი დონის ვიზიტები აქვს, კობახიძე კი სინგაპურში გაემგზავრა. პრობლემა ის კი არ არის, სად მიდის კობახიძე, პრობლემაა, სად ვეღარ მიდის. ბოლო ორი წლის განმავლობაში “ქართული ოცნების” წარმომადგენლების არცერთი მაღალი დონის ვიზიტი არ განხორციელებულა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან იმიტომ, რომ თვითონვე გააჩერეს ეს ყველაფერი.
ამიტომ, როდესაც ვადარებთ, რას აკეთებს “ქართული ოცნება” და რა ხდება ჩვენს სამეზობლოში, რა გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების რეალობაა, ძალიან ნათელია ყველაფერი - ქვეყნის შიგნით შექმნეს ისეთი რეალობა, რომ ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება აქვთ შეზღუდული, გადაადგილების თავისუფლება აქვთ შეზღუდული, გარეთ მთლიანად იზოლაციაში ვართ და ძალიან ნათელია, რა ამოძრავებს “ქართული ოცნების” რეჟიმს”, - განაცხადა კეკენაძემ.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არჩევნების თემაზეც ისაუბრა და პარტია „ჯერ საქართველოს" დამფუძნებლის, ვიქტორ ყიფიანის, განცხადება შეაფასა, სადაც ყიფიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ პოლარიზაციის დასრულებაზე უნდა იფიქროს.
„ამ ქვეყანაში პოლარიზაცია დაიწყო “ქართულმა ოცნებამ” იმ ძალადობით, რასაც ახორციელებს საკუთარი მოქალაქეების მიმართ, ამიტომ ამ შეფასებას ვერ მივიღებ ვერცერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლისგან, რომ ხელი გაიშვიროს და ამ შემთხვევაში, ოპოზიციას გადააბრალოს პოლარიზაცია. ეს არის „ქართული ოცნებისა” და იმ რეჟიმის პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს მართვას ქვეყანას.
რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენ ყოველთვის ძალიან თანმიმდევრული ვიყავით ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გააზრებული გვაქვს, რა ტიპის რეჟიმს ვებრძვით და ის, რომ მათი ინტერესი არ არის, ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, მაინც ვამბობთ, რომ ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს მშვიდობიანი არჩევნების გზით იმიტომ, რომ ეს ქვეყანა კიდევ მეტი არეულობასა და რევოლუციას ვერ გაუძლებს. სწორედ ეს რადიკალური სცენარი არის “ქართული ოცნების” დღის წესრიგი და ის 4 ოქტომბერი, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად დაგეგმა და განახორციელა, იმას ემსახურებოდა, რომ ერთის მხრივ, ადამიანებს დაეკარგოთ არჩევნების მიმართ ნდობა და მეორეს მხრივ, ეს ოპოზიციური დღის წესრიგი რადიკალურ დღის წესრიგად ითარგმნოს, რასაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვეწინააღმდეგებით.
მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის საარჩევნო გარემო გვაქვს, ჩვენ ვაპირებთ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ იმ ადამიანების მოსაზრებები, რომლებიც ამ ეტაპზე შეიძლება იყოს გაყოფილი. ძალიან მკაფიოდ გვაქვს გამიჯნული ის, რომ არ ვაპირებთ არც კოალიციების შექმნას, არც ამ კუთხით პოლიტიკურ თანამშრომლობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვხედავდეთ, რა ამოძრავებს თითოეულ პოლიტიკურ ორგანიზაციას”, - განაცხადა თამარ კეკენაძემ.