მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ არ არსებობს არანაირი გარემოება, სადაც მე ჩემს სიტყვის თავისუფლებას შევიზღუდავ - ვერ მოხდება ის, რომ გაგვაჩუმონ! - ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ განაცხადა, რომელსაც შალვა პაპუაშვილისა და ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო, 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
მისივე თქმით, რაც არ უნდა გამოიყენონ, ჯარიმა თუ პატიმრობა, ამას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
„ვერავინ ამიკრძალავს ვთქვა ის, რაც მინდა რომ ვთქვა და გამოვხატო ისე, როგორც მე მინდა. თავად ეს სხდომები, რომელსაც მე არ ვესწრები აბსურდულია. იმ სიტყვებს, რაც მათ არ მოსწონთ, ამას ბეჭედს ურტყამს მოსამართლე და ამბობს, რომ ეს ხალხი ის ხალხია, ვისაც ეს სიტყვები ეკუთვნის. განიხილავენ იმას, რაც წარმოუდგენელია, არც ვიცი რას განიხილავენ.
მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ არ არსებობს არანაირი გარემოება, სადაც მე ჩემს სიტყვის თავისუფლებას შევიზღუდავ. ეს არის ჩემგან ნაბიჯი, დასტური, რომ თუ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება განადგურდება, ეს ნიშნავს, რომ ყველამ უნდა დაიდოს კლიტე პირზე. ეს ვერ მოხდება! ეს უნდა იცოდეს ივანიშვილმა! ვერ მოხდება ის, რომ გაგვაჩუმონ“,- აღნიშნა სანაიამ.
ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფება.
„მათი გზავნილია რომ ჩვენ გავჩუმდეთ და ჩემი გზავნილია რომ არ გავჩუმდები. რა ჯარიმაც არ უნდა დაწერონ, პატიმრობა გამოიყენონ, არ გავჩუმდები. ამას ვეუბნები ივანიშვილს, მის ე.წ. მთავრობას და საზოგადოებას. მოვლენ, იციან მისამართი",- აღნიშნა სანაიამ ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.