გიგა ლემონჯავა - როდესაც შენ ხარ ქვეყანა, სადაც ჟურნალისტს 14 დღით აპატიმრებენ „ფეისბუქზე“ დაწერილი სტატუსის გამო, შენი ადგილი ევროკავშირში არ არის - ასეთი მოქმედებებით ივანიშვილი ცდილობს საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოშორებას

როდესაც შენ ხარ ქვეყანა, სადაც ჟურნალისტს 14 დღით აპატიმრებენ „ფეისბუქზე“ დაწერილი სტატუსის გამო, შენი ადგილი ევროკავშირში არ არის - ასეთი მოქმედებებით ივანიშვილი ცდილობს საქართველოს ჩამოშორებას ევროპული გზიდან, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ განაცხადა, რითაც ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას ეხმაურება.

გიგა ლემონჯავას თქმით, შს სამინისტროში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნის მიზანი სხვების დაშინებაცაა, რადგან „როდესაც ერთს სჯი, სხვას უგზავნი შეტყობინებას: შენც ჭკვიანად იყავი, თორემ ასე მოგივა“.

„ეს სამმართველო შექმნილია თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად. ეს არის კლასიკური რუსული მეთოდი. რუსეთშიც ასეა და ირანშიც ასეა, მორალის პოლიცია არსებობს, რომელიც აკონტროლებს იმას, რამდენად მორალურია ადამიანების ქცევა, ირანულ-რუსული პრაქტიკაა ეს ყველაფერი. რუსეთში რამდენიმე წლის წინ მიიღეს სპეციალური ნორმები, შემზღუდავი ნორმები, რომელიც აწესებს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც აკვირდება ადამიანები პუტინის რეჟიმის აზრით რამდენად სწორად იქცევიან საჯარო სივრცეში. რუსეთში სოციალური ქსელები ახლა უკვე პრაქტიკულად აღარ არსებობს. ტრაექტორია აქეთკენ მიდის. თუ არსებობს ადამიანი, ვისაც ოდნავ მაინც ეჭვი ეპარება, რისთვის შეიქმნა ეს სამმართველო, უნდა გადახედოს რუსულ პრაქტიკას, როგორ შეზღუდა სოციალური ქსელები პუტინის რეჟიმმა რუსეთში. თუ ვინმეს აქვს შეკითხვა, რატომ არსებობს ეს სამმართველო, უნდა ნახოს, რა მოხდა რუსეთში.

მინდა, აბსოლუტური სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ვახოსაც, „ფორმულასაც“ და ზოგადად ყველას, ვისაც რეჟიმი დევნის თავისუფალი სიტყვის გამო. ეს არ არის მხოლოდ ვახო სანაიას წინააღმდეგ მიმართული ამბავი, ამ სამმართველოს შექმნის მიზანი სხვების დაშინებაცაა, როდესაც ერთს სჯი, სხვას უგზავნი შეტყობინებას, რომ შენც ჭკვიანად იყავი, თორემ შენც ასე მოგივა“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო