გუშინ ჯერ ვახო სანაია დააკავეს „ფეისბუქ-პოსტის“ გამო და შემდეგ ვნახეთ თავდასხმა იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე, რომელსაც ოთხი ადამიანი გაუსწორდა მას შემდეგ, რაც მისი გაშავება ხდებოდა. ეს ყველაფერი არის იმის გაგრძელება, რასაც ადგილი ჰქონდა 2024 წელს, როდესაც ყველას გვაგინეს რუსული კანონის მიღების დროს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
აქუბარდიას შეფასებით, ორივე ფაქტი იმის მაჩვენებელია, რომ „ქართული ოცნება“ სუსტი და სასოწარკვეთილია და ამ გზებით საკუთარ ძალაუფლებას იცავს.
„მოდით, სიმართლეს გავუსწოროთ თვალი და ვნახოთ, თუ ვინ არის სიძულვილის რეალური მაორგანიზებელი და ვინ აკეთებს მის ტირაჟირებას, ვინ უსწორდება სიძულვილის სახელით კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეებს. გუშინ ჯერ ვახო სანაია დააკავეს „ფეისბუქ-პოსტის“ გამო, რაც აჩვენებს იმას, რომ თავისუფალ აზრზე ხდება თავდასხმა და ვახო არის პირველი, რომელიც „ფეისბუქ-პოსტის“ გამო გაუშვეს ციხეში.
გუშინ ჩვენ ასევე ვნახეთ თავდასხმა იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე, რომელსაც ოთხი ადამიანი გაუსწორდა მას შემდეგ, რაც მისი გაშავება ხდებოდა. ეს ყველაფერი არის იმის გაგრძელება, რასაც ადგილი ჰქონდა 2024 წელს, როდესაც ყველას გვაგინეს რუსული კანონის მიღების დროს. მე მახსენდება, როდესაც შალვა პაპუაშვილს პარლამენტში ყოფნის დროს ვუთხარი იმ ძალადობაზე, რომელიც ზუკა ბერძენიშვილზე მის წერილს მოჰყვა. მაშინ მან, ფაქტობრივად, თქვა, რომ ეს გაგრძელდებოდა და ორი წელია, ჩვენ ამ გარემოში ვცხოვრობთ.
აქამდე თუ აზრის გამოხატვა იკრძალებოდა ქუჩაში, მათ შორის, ტროტუარებზე, ახლა უკვე სოციალურ ქსელებში იკრძალება და ეს ძალიან შემაშფოთებელია. ეს არ არის მხოლოდ ვახოს ამბავი. ის ძალადობის სერია, რომელსაც გუშინ ჰქონდა ადგილი, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ რეჟიმი აღარ არის ადეკვატური. ეს აჩვენებს რეჟიმის სისუსტესა და სასოწარკვეთას, იმას, თუ როგორ იცავენ საკუთარ ძალაუფლებას“, - განაცხადა აქუბარდიამ.
მისივე შეფასებით, ქვეყანა არის ავტორიტარიზმის ჩამოყალიბების პროცესში.
„ავტორიტარიზმი ერთ დღეში არ მყარდება, მას ქმნის რეჟიმი და თავად პროცესი. წინააღმდეგობა გრძელდება მიუხედავად იმ სისტემისა, რომელიც მათ შექმნეს. რა თქმა უნდა, მათ სურთ ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება, თუმცა ამ პროცესში იმ წინააღმდეგობის გამო, რომელსაც ისინი ხვდებიან საქართველოს მოქალაქეებისგან, ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული. ეს არის განაცხადი და ეს არის პროცესი ამ ჩამოყალიბების მიზნისკენ.
როდესაც მე პარლამენტში გახლდით, „ქართულმა ოცნებამ“ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია გააფორმა. ამ დეკლარაციაში იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საგანგაშო ტენდენციის მაჩვენებელი ერთპარტიული მმართველობის, კომუნისტური მმართველობის გადმოღების შესახებ. მე ვფიქრობ, მათ სურთ ეს ერთპარტიული მმართველობის მოდელი, რაც, რა თქმა უნდა, დამახასიათებელია ავტორიტარული ქვეყნებისთვის და ამისკენ მიდიან ისინი, ამიტომ, ნებისმიერი ხმა, ნებისმიერი დისკომფორტი, რომელიც მათ შეიძლება შეექმნათ, ძალიან აწუხებთ და ცდილობენ, რომ მოიხსნან იმით, რომ შეიქმნას მათთვის უკეთესი პირობები, რათა არ შეწუხდნენ“, - განაცხადა აქუბარდიამ.
რაც შეეხება იმას, რატომ უნდა დავინახით ონისე ოქრიაშვილზე მომხდარი ძალადობის უკან „ქართული ოცნება“, როგორც ამას თავად იუმორისტი ამტკიცებს, აქუბარდიამ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს მთელი სქემა აქვს შექმნილი, ვიდრე ეს ძალადობა მოხდება. როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განმარტა, ჯერ სამიზნე ობიექტის გაშავება ხდება, რათა მის მიმართ საზოგადოებაში აგრესია ჩამოყალიბდეს, შემდეგ კი მას ფიზიკურად უსწორდებიან და ამის გამო არასდროს არავინ დასჯილა. აქუბარდიას შეფასებით, მოძალადეების დაუსჯელობა არის „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელის დაფარება.
„მოდით, დავსვათ კითხვა, ერთი ადამიანი მაინც თუ არის დასჯილი მთელ იმ ძალადობაზე, რომელიც ე.წ. ზონდერების მხრიდან მოხდა საქართველოს მოქალაქეებზე? ერთი ადამიანი მაინც თუ არის დასჯილი იმ სატელეფონო ზარების გამო, რომლითაც სრულიად საქართველოს აგინებდნენ? ასაკოვან მშობლებს, მცირეწლოვან შვილებს, ყველას დაურეკეს და ყველას აგინეს, მათ შორის, აშინებდნენ, რომ არ წასულიყვნენ აქციებზე მათი ოჯახის წევრები. ამ ფაქტებზე ერთი ადამიანიც არ დასჯილა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ხელს აფარებს ამ ადამიანებს.
აქ მთელი სქემა და სისტემაა შექმნილი - იწყება ამ ადამიანების გაშავება მათივე პროპაგანდისტული, სანქცირებული თუ ჯერ კიდევ დაუსანქცირებელი მედიით, აქვე მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ ის მოლაპარაკე სახეები, რომლებიც ამ სიძულვილს ტირაჟირებენ და შემდეგ იწყება დამუშავება იმისთვის, რომ ეს ადამიანი დაისაჯოს და რაც მთავარია, ყოველ ასეთ ინციდენტისა და ცემის კადრებს აუცილებლად იღებენ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი აჩვენონ.
ამ მოძალადეების დაუსჯელობა არის „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელის დაფარება. აქ ეს ზონდერები კი არ არიან მთავარი შემოქმედი პირები, არამედ მთლიანად სისტემა, „ქართული ოცნება“, რომელიც ამ ძალადობას ტირაჟირებს. მე არ ვიცი, ვის შეიძლება მოსწონდეს ასეთ საქართველოში ცხოვრება, როდესაც ერთი კონკრეტული მმართველი პარტია უკვეთს, ვის უნდა სცემონ, ვინ უნდა დააშინონ, ვინ უნდა გააქციონ ქვეყნიდან და ამაზე არანაირი რეაგირება არ ხდება. მე არ ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოებისთვის შეიძლება მისაღები იყოს მიუხედავად იმისა, ვინმეს აზრი მოსწონს თუ არ მოსწონს.
„ფეისბუქ-პოსტის“ გამო ადამიანებს უკვე ციხეში უშვებენ და იმის გამო, რომ ვიღაცების აზრი შეიძლება მიუღებელი იყოს, მათ ცემას უკვეთავენ“, - აღნიშნა აქუბარდიამ.