მისი დაბალი ინტელექტის მიუხედავად, მას არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა, რამხელა ბოროტებას ჩადიოდა. ეს არის შეკვეთა, რომელსაც ის ვერ გაურბის და ყოველდღიურად აგრძელებს, - ამის შესახებ აფხაზეთის ომის ვეტერანმა მალხაზ თოფურიამ გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომზე გაკეთებულ განცხადებაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში იყო დაბარებული პროკურატურაში.
„მთავარი კითხვები ეხებოდა იმ მოგონებების გახსენებას, რომლებიც აფხაზეთის ომს, ტყვეთა გაცვლასა და უშუალოდ ამ ვაჟბატონის იქ ყოფნასა თუ მის ეგრეთ წოდებულ მონაწილეობას უკავშირდებოდა.
გამახსენდა მისი კიდევ ერთი „სიბრძნე“ იმდროინდელი - ძალიან მჭირდება, დოკუმენტურ ფილმს ვაღებინებ ჩემს თავზე, „გიორგი ბარამიძეს“ და ამისთვის კადრები მჭირდებაო. თურმე ამიტომ დაჰყავდა ეს კამერები და ამიტომ გამოჩნდებოდა ხოლმე.
გამოვრიცხავ, რომ ეს შემთხვევითობა ყოფილიყო. მე მისი გონებრივი შესაძლებლობების შესახებ დიდი წარმოდგენა ნამდვილად არასდროს მქონია, მაგრამ არც ისეთი უტვინო, რომ ასეთი ქვეყნის დამაზიანებელი განცხადება სისულელით წამოსცდენოდა. ახლა ბევრი მცდელობაა, ვითომ ვერ გადმოსცა აზრი და ა.შ. უკვე ოთხი დღეა აგრძელებს ერთსა და იმავეს, არ გაჩერებულა.
მისი დაბალი ინტელექტის მიუხედავად, მას არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა, რამხელა ბოროტებას ჩადიოდა. ეს არის შეკვეთა, რომელსაც ის ვერ გაურბის და ყოველდღიურად აგრძელებს.
მისი თანამდებობებიდან გამომდინარე კომკავშირიდან და პარტიული მუშაობიდან მოყოლებული, კომფორტის ზონაშია. ის ყველა სიბინძურის მონაწილეა. ყველა იმ ბოროტებისა და საკანონმდებლო ბოროტების თანამონაწილეა, რაც კი ამ ქვეყნის წინააღმდეგ მიუღიათ სხვადასხვა მთავრობის დროს.
მას მოუწევს პასუხის გაცემა, ვინ ხვრეტდა, ჭორის დონეზეა ეს თუ ჭორაობის დონეზე. ამ კაცს უნდა ვათქმევინოთ, რომ ჭორიკანაა ან ხელი უნდა დაადოს ვინმეს. რა თქმა უნდა, ჭორიკანაა, რადგან ხელს ვერავის დაადებს.
მე შემიძლია გავახსენო აფხაზების მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი, რომელიც ერთ-ერთი გაცვლის დროს, როდესაც დაიღუპნენ ქართველი გასაცვლელი ობიექტები და გადასული ადამიანები, გადმოვიდა ენგურის ხიდზე და სირცხვილისგან და „დამხვრიტეთო“, იმდენად სამარცხვინო რამ მოხდა აფხაზების მხრიდან. ეს ბარამიძეს არ ახსოვს, მას ახსოვს, რომ ქართველები ხვრეტდნენ.
შეკვეთა აქვს მიცემული, რომ ბოდიში არ უნდა მოიხადოს. ბოდიშს თუ მოიხდის, ეს შეკვეთა აღარ იმუშავებს და პასუხს მოსთხოვენ იმ ქვეყანაში, სადაც ის პასუხისმგებელია, ამიტომ ბოდიშს არ მოიხდის.
მთელი მისი ცხოვრება რომ გადავახვიოთ, ყოველ წუთში დასაჭერია, ეკლესიას ანგრევს თუ ოჯახის ამოსაწყვეტად ვერტმფრენების ესკადრილია მიჰყავს. მისი მთელი ცხოვრება თავიდან ბოლომდე სიბინძურით არის სავსე.
შემდეგ მან აქცენტი გადაიტანა და თქვა, რომ მებრძოლები კი არ ხვრეტდნენ, არამედ ადგილობრივი მოსახლეობაო. კიდევ უფრო გაუარესა, სოხუმელებს, ოჩამჩირელებსა და გაგრელებს დაადო ხელი. მეორე დანაშაულია ის ტელევიზიები, რომლებიც დასდევენ და აზრს ეკითხებიან. ეს კიდევ ცალკე დანაშაული მგონია, რადგან საშუალებას აძლევენ, ამ ქვეყანას ჩირქი მოსცხოს.
ახლა „მიუნხჰაუზენიც“ დაემატა, მეც ვიყავიო სააკაშვილმა. ეს უკვე კომედიიდან არის, ტრაგედია რომ არ იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. არასოდეს არ ყოფილა! არასოდეს არ ჩასულა ცხინვალში, პასუხს ვაგებ! ასევე, ყველა ერთხმად გვპასუხობს, რომ სააკაშვილი აფხაზეთში არასოდეს უნახავთ.
ერთხელ ნახა მთელმა მსოფლიომ და ნეტავ არ გვენახა, ქვეყნისთვის ბევრად ჯობდა, ცხინვალის რეგიონში“, - განაცხადა მალხაზ თოფურიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“. ამის შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ „მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და „რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან“. მოგვიანებით კი გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ „ომის პირველ დღეებში, ტყვეების გაცვლის, თუ სხვა მძიმე პროცესების აღსაწერად, სხვა სიტყვის გამოყენება აჯობებდა“. „არასდროს მითქვამს, რომ ჩვენები ხელებაწეულს ან დატყვევებულს „ხვრეტდნენ", ეგ არასდროს მინახავს და არც რაიმე ფაქტი ვიცი“, - განაცხადა ბარამიძემ.