ნიკოლოზ ხატიაშვილი - ევროკავშირი ცდილობდა, არ ჩაეწვა ხიდები, თუმცა ამან არ იმუშავა - პარტიების აკრძალვა შეიძლება გახდეს საბოლოო „ტრიგერი“, რომელსაც სანქციები ან სხვა ფინანსური ნაბიჯები მოჰყვება, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს „ქართულ ოცნებაზე“

“ქართულ ოცნებას” ჯერ კიდევ ჰყავდა კონკრეტული ევროპარლამენტარები და პოპულისტი, რადიკალი მემარჯვენე ჯგუფები, რომლებიც, გარკვეულწილად, “ქართული ოცნების” მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდნენ, თუმცა პარტიების აკრძალვის საკითხი რომ დადგა დღის წესრიგში, ეს იმდენად არადემოკრატიული ნაბიჯია და იმდენად სცილდება ავტორიტარული რეჟიმის ქმედებებს, რომ იმ დეპუტატების ნაწილმაც კი გააკრიტიკა “ქართული ოცნება”, რომელიც მანამდე მას მხარს უჭერდა , - ამის შესახებ პარტია “ჯერ საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნიკოლოზ ხატიაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღების თაობაზე განაცხადა.

ხატიაშვილის შეფასებით, რეზოლუციის მხარდამჭერი დეპუტატების რაოდენობა აჩვენებს იმას, რომ ევროპაში არის სრული კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართული ოცნება” არადემოკრატიულ ნაბიჯებს დგამს ქვეყანაში.

“ეს რეზოლუცია არ არის განსაკუთრებული სიახლე. ეს არის იმ მოვლენების ლოგიკური გაგრძელება, რაც 2024 წლიდან ქვეყანაში ვითარდება. ევროპარლამენტის მხრიდან ეს არის ბუნებრივი რეაქცია არადემოკრატიულ ნაბიჯებზე, კანონებზე, ადამიანების დაკავებაზე, ყველა ანტიდემოკრატიულ ქმედებაზე, რაც “ქართულმა ოცნებამ” ბოლო ორ წელიწადში ჩაიდინა. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, თუ “ქართული ოცნება” ევროინტეგრაციის გზას არ დაუბრუნდება და ქვეყანაში დემოკრატიულ წესრიგს არ აღადგენს.

ჩვენ ვნახეთ, რომ რეზოლუციას 445-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 37 დეპუტატი იყო. აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ “ქართულ ოცნებას” ჯერ კიდევ ჰყავდა კონკრეტული ევროპარლამენტარები და პოპულისტი, რადიკალი მემარჯვენე ჯგუფები, რომლებიც გარკვეულწილად “ქართული ოცნების” მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდნენ, თუმცა პარტიების აკრძალვის საკითხი რომ დადგა დღის წესრიგში, ეს იმდენად არადემოკრატიული ნაბიჯია და იმდენად სცილდება ავტორიტარული რეჟიმის ქმედებებს, რომ იმ დეპუტატების ნაწილმაც კი გააკრიტიკა “ქართული ოცნება”, რომელიც მანამდე მას მხარს უჭერდა.

ევროდეპუტატების დაახლოებით 65% ამ რეზოლუციას მხარს უჭერს, დაახლოებით 4% წავიდა მის წინააღმდეგ, ზოგმაც თავი შეიკავა. ეს სურათი ერთობლიობაში გვაჩვენებს, რომ ევროპაში არის სრული კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართული ოცნება” არადემოკრატიულ ნაბიჯებს დგამს ქვეყანაში.

მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუცია არ არის სავალდებულო ქვეყნებისთვის აღსასრულებლად და მას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, მისი ლეგიტიმაციიდან, პოლიტიკური მხარდაჭერიდან და დეპუტატების რაოდენობიდან გამომდინარე, ვინც ამ რეზოლუციას მისცა ხმა, გათვალისწინებული იქნება როგორც ევროკავშირის ქვეყნების მიერ თავისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. მაგალითისთვის, ეუთომ, შესაძლოა, რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისას ამ რეზოლუციის შინაარსზე გააკეთოს აპელირება და დაიხმაროს თავისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აქედან გამომდინარე, მიუხედავად რეზოლუციის არასავალდებულო ხასიათისა, მას მაინც ძლიერი პოლიტიკური წონა ექნება “, - განაცხადა მან.

ხატიაშვილმა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების შესაძლო დაწესებასა და მის გავლენებზეც ისაუბრა.

კითხვაზე, რატომ ასანქცირებს ესა თუ ის ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ რუსეთის სასარგებლო საქმიანობის გამო და არა საკუთრივ “ქართული ოცნების” სასარგებლო ქმედებისთვის და რა ფაზაში უნდა გადავიდეს ქვეყანაში პროცესები იმისთვის, რომ კონკრეტული პირების დასანქცირება უშუალოდ “ქართულ ოცნებასთან” კავშირების გამო მოხდეს, ხატიაშვილმა უპასუხა, რომ აქამდე ევროკავშირი ცდილობდა, ყველა ხიდი არ დაეწვა და იმედს იტოვებდა, რომ “ქართული ოცნება” ზოგიერთ შემთხვევაში პრაგმატულ გადაწყვეტილებებს მიიღებდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოსაზრებით, პარტიების აკრძალვა იქნება ის ბოლო წერტილი, რომელსაც შეიძლება ევროკავშირისგან თუ დიდი ბრიტანეთისგან გარკვეული სანქციები თუ სხვა ფინანსური ნაბიჯები მოჰყვეს.

“ევროკავშირი ბოლო ორი წლის განმავლობაში მაინც ცდილობდა, რომ ბოლომდე არ ჩაეწვა ხიდები და რამენაირად ეწარმოებინა დიალოგები ან ისეთი ნაბიჯები გადაედგა, რომლებიც რადიკალიზმს არ მოიცავდა. ევროკავშირს იმედი ჰქონდა, რომ “ქართული ოცნება” ზოგიერთ შემთხვევაში პრაგმატულ გადაწყვეტილებებს მიიღებდა რაიმე დათმობაზე წავიდოდა, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ ამან არ იმუშავა. მე ვფიქრობ, რომ სწორედ პარტიების [აკრძალვის] საკითხი შეიძლება გახდეს სწორედ საბოლოო ტრიგერი, რომელსაც უკვე სხვა ტიპის ნაბიჯები მოჰყვება, მათ შორის, შეიძლება ეს იყოს სანქციები ან სხვა ფინანსური ნაბიჯები, რომლებიც უკვე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს “ქართულ ოცნებაზე”, მაგრამ აქ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამას ნეგატიური გავლენა ექნება ქვეყანაზეც, რაც შესაძლოა ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს, თუმცა აქ პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” დაეკისრება, რადგან სწორედ მისი პოლიტიკა იქნება ამ ყველაფრის მიზეზი.

სანქციებს ძალიან ბევრი ასპექტი აქვს. პირველი არის ის, რომ ჩვენი ბანკები საერთაშორისო სისტემის ნაწილი არიან და, შესაბამისად, როდესაც ევროკავშირი ან დიდი ბრიტანეთი აწესებს სანქციებს, ის კომპანიები თავს არიდებენ სანქცირებულ ადამიანებთან საქმის დაჭერას იმიტომ, რომ საფრთხე ექმნება მათ საქმიანობას და შესაძლოა, სწორედ ასეთ პირებთან საქმის დაჭერის გამო ისინიც დასანქცირდნენ, ეს კი ფინანსური ინსტიტუტებისთვის ძალიან არამომგებიანია.

მეორე ასპექტი არის ის, რომ თუ დასანქცირებულ ადამიანს სანქციის დამწესებელ ქვეყანაში გააჩნია ფინანსური ან სხვა ტიპის აქტივი, ავტომატურად ებლოკება და მასზე წვდომა აღარ აქვს.

მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ თუ ევროკავშირმა ან დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა, ის ვერც ევროკავშირის ტერიტორიაზე შევა და ვერც ბრიტანეთის. ასევე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ როდესაც ბრიტანეთი აწესებს სანქციებს, ეს სანქციები ძირითად შემთხვევებში თანამეგობრობის წევრ ქვეყნებზეც ვრცელდება, აქედან გამომდინარე, დასანქცირებულ ადამიანს არა მხოლოდ ბრიტანეთში შეექმნება პრობლემა, არამედ ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც თანამეგობრობის წევრია და ასეთი ქვეყანა ძალიან ბევრია.

აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანი სანქციების ქვეშ ექცევა, ის სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობას კარგავს, როგორც სხვა ქვეყანაში, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ”, - განაცხადა ხატიაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის