თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მამაკაცის მკვლელობის ფაქტს თვითმხილველი სავარაუდოდ არ ჰყავს.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი, წუხელ, გვიან ღამით, დაახლოებით, 02:00 საათზე დაჭრეს, რის შემდეგაც გარდაიცვალა. მათივე ინფორმაციით, ისინი ინციდენტის მონაწილე პირებს არ იცნობენ.
ხუდადოვის ქუჩის მცხოვრებლების ინფორმაციით, დაჭრილმა მამაკაცმა თავდაპირველად ტაქსი გააჩერა და დახმარება ითხოვა.
"ეს ამბავი 02:00 საათზე გავიგეთ და გამოვედით გარეთ. როგორც მითხრეს, დაჭრილი იყო ვიღაც. მას ტაქსი გაუჩერებია და შველას ითხოვდა. სანამ ტაქსის მძღოლმა სასწრაფო გამოიძახა, დაჭრილი გარდაცვლილა", - აცხადებენ ადგილობრივები.
მათივე ინფორმაციით, წუხელ, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ და ქუჩა გადაკეტილი ჰქონდათ.
თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, წუხელ არასრულწლოვანმა გოგონამ შუახნის მამაკაცი მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა მომხდართან დაკავშირებით დაკითხეს და მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ არასრულწლოვან გოგონას თავს მამაკაცი დაესხა, გოგონამ თავდაცვის მიზნით, თავდამსხმელს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"