ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე დაკავებულ 11 პირს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

თბილისში, ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე დაკავებულ 11 პირს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი ბრალდებულის, კახა ნაკანის ადვოკატმა, კახა შონიამ განუცხადა, ბრალის წარდგენის ვადა ხვალ დილით იწურება, თუმცა წარდგენა დღეისთვის იგეგმება.

ამასთან, ადვოკატმა ჯერ არ იცის, ოფიციალურად ბრალის წარდგენის ზუსტი დრო.

დაკავებულები დიღმის პოლიციის მთავარი სამმართველოს და ე.წ. მოდულის შენობის წინასწარი დაკავების იზოლატორებში ჰყავთ მოთავსებული.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე პროკურატურამ გახსნილად გუშინ გამოაცხადა. 11 პირი დააკავეს, ხოლო ერთს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

დაკავებულები არიან: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე.

ხოლო ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ.

დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობის, მისი ორგანიზებისა და მტკიცებულებების ფალსიფიცირების მუხლების წარუდგინეს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის "ა", "ზ" და "თ" ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო