პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ფქვილის ფასი დაიკლებს

ფქვილის ფასი საქართველოში ძალიან გაიზარდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განუცხადა.

რაც შეეხება კომპანია "იფქლის" ხელმძღვანელის, შაქრო ბაკურაძის განცხადებას ფქვილის ბაზარზე მონოპოლიის არსებობასთან დაკავშირებით, მალხაზ დოლიძის თქმით, არსებობს სამსახური, რომელიც ამ საკითხებს სწავლობს.

,,მონოპოლია არის თუ არა, მე ამას ვერ გეტყვით, რადგან ამას ჰყავს მთელი სამსახური, რომელიც ამ საკითხებს სწავლობს. მინდა გითხრათ, რომ ფქვილის ფასი საქართველოში ძალიან გაიზარდა. სამწუხაროდ, ეს საბაზრო პრინციპების შესუსტებამ გამოიწვია, რადგან საბაჟოებზე ამ ფქვილების გასინჯვები დაიწყეს. ჩვენ ეს საკითხი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე დავსვით. ვუთხარით, რომ ფქვილის ფასებმა საკმაოდ, თვალშისაცემად მოიმატა. იქედან იყო დაპირება, რომ ალბათ, ეს რამდენიმე დღეში დარეგულირდება და საბაჟოზე შეფერხება აღარ იქნება. თუ საბაზრო ეკონომიკა იმუშავებს, ფასებიც დარეგულირდება", - განაცხდა დოლიძემ.

დოლიძის განცხადებით, მას დაურეკეს პატარ-პატარა საცხობებმა და თონეებმა, ზოგან ფასები შეცვალეს, მაგრამ საქარხნო, მასობრივ პროდუქციაზე ჯერ ფასების მატება არ განხორციელებულა.

კითხვაზე - ელოდება თუ არა პურზე ფასის მატებას, დოლიძის თქმით, ელოდება, რომ ამ ყველაფერს საღად შეხედავენ, ამ პროცესებს დაარეგულირებენ და სექტემბერისთვის ყველაფერი ნორმაში ჩადგება.

"მე ამას უფრო ველოდები. მე მგონი, არავის არ აწყობს, არჩევნები მოდის. პური არამარტო სოციალური, არამედ პოლიტიკური პროდუქტიცაა, მე ასე მგონია", - განაცხადა დოლიძემ.

პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ფქვილის ფასი არ მოიმატებს.

"ახლა ისედაც მომატებულია, 44 ლარი ღირს. მე იმედი მაქვს, რომ ფასი დაიკლებს. ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ როცა სახელმწიფო სტრუქტურებში ეს საკითხი დავაყენეთ, იქაც შეშფოთებულები არიან და გვითხრეს, რომ რაღაცას დავარეგულირებთო. ვნახოთ. მე ვვარდუობ, რომ საღი პროცესები წავა", - აღნიშნა დოლიძემ.

"იფქლის" ხელმძღვანელმა შაქრო ბაკურაძემ, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ბაზარი არ გახსნეს და ფქვილის შემოტანის ალტერნატიული წყაროები არ გაჩნდა, პურის ფასი მინიმუმ 10 თეთრით აუცილებლად გაიზრდება.

როგორც შაქო ბაკურაძემ აღნიშნა, მიმდინარე წლის 10 ივნისს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 37,5 ლარს არ აჭარბებდა, თუმცა ზუსტად ერთ ღამეში ვითარება რადიკალურად შეიცვალა - 11 ივნისს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 40 ლარი გახდა და მას შემდეგ ყოველი ორშაბათი ფქვილის ფასის გაზრდის დღედ იქცა.

მისი თქმით, ვინც ბიზნესში ოდნავ მაინც ერკვევა, ადვილად მიხვდება, რომ მსგავსი ცვლილება ხელოვნური ჩარევების გარეშე არ ხდება.

როგორც "იფქლის" ხელმძღვანელმა აღნიშნა, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ხორბალი, პრაქტიკულად, ერთ კომპანიას შემოაქვს, რომლის მფლობელიც კოკი ოსიპოვი გახლავთ.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს