ირაკლი ღარიბაშვილი - ინვესტირება საქართველოში ისევე უსაფრთხოა, როგორც ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში

თქვენთვის ინვესტირება საქართველოში ისევე უსაფრთხოა, როგორც ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმის მონაწილეებს.

როგორც პრემიერმა განმარტა, მეტიც, საქართველოში ბიზნესმენების ხარჯები და გადასახადები უფრო დაბალი იქნება და მათ შეხვდებათ ნაკლებ მარეგულირებელი დაბრკოლება.

"რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველო განლაგებულია უზარმაზარი თავისუფალი სავაჭრო ქსელის გულში: ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, თურქეთსა და რუსეთთან, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ. მე სულ ახლახან დავბრუნდი ჩინეთიდან, და მალე ჩვენ შეიძლება გავხდეთ პირველი ევროპული ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ჩინეთთან.

ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა განსაკუთრებულ დატვირთვას აძლევს საქართველოს მდებარეობას ევროპისა და აზიის ვაჭრობის გულში. საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სატრანზიტო ქსელებით შესაძლებელია ტვირთის ჩატანა ჩინეთიდან ევროპაში საზღვაო მარშრუტზე ბევრად უფრო სწრაფად. თავისუფალი სავაჭრო კავშირები კი საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, იყოს ერთ-ერთი მთავარი უტარიფო რეგიონალური დისტრიბუციის ცენტრი.

მარტივად რომ ვთქვათ, თქვენთვის ინვესტირება საქართველოში ისევე უსაფრთხოა, როგორც ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, იმ განსხვავებით, რომ ჩვენთან თქვენი ხარჯები და გადასახადები უფრო დაბალი იქნება, შეგხვდებათ ნაკლებ მარეგულირებელი დაბრკოლება, ხოლო ამონაგები ბევრად დიდი იქნება", - მიმართა პრემიერმა ფორუმის მონაწილეებს.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა აბრეშუმის გზის გაყოლებაზე ჩვენი მეზობლების მიერ საქართველოში ბოლო დროს განხორციელებული ინვესტიციების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მოცულობა ხაზს უსვამს ქვეყანაში არსებულ შესაძლებლობებს.

"ჰუალინგ ჯგუფი, საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური ინვესტორი, შემოვიდა ჩვენს ბაზარზე რამდენიმე წლის წინ. მას შემდეგ კომპანიამ განახორციელა ინვესტიციები სხვადასხვა სექტორში, მშენებლობისა და ფინანსების ჩათვლით. დღეს ჰუალინგის ინვესტიციების ჯამური ოდენობა 500 მილიონ დოლარს აღემატება. ჰუალინგი არის წარმატებული თანამშრომლობის იდეალური მაგალითი.

გარდა ამისა: ტატა ჯგუფმა (ინდოეთი), ჩლეან Energy Invest-მა (ნორვეგია) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ სულ ახლახან განახორციელეს 400 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია აჭარისწყლის პროექტში. კორეის წყლის რესურსების კორპორაცია და საქართველოს საპარტნიორო ფონდი განახორციელებენ ერთმილიარდიან ინვესტიციას ნესკრაჰესის მშენებლობაში. საქართველოში ფუნქციონირებს ტოიოტას (იაპონია) კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისი და დისტრიბუციის ცენტრი. კომპანიები Dhabi Group და RAKIA (არაბთა გაერთიანებული საამიროები) ახორციელებენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს სასტუმროების, უძრავი ქონებისა და სხვა პროექტებში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, აბრეშუმის გზის გაყოლებაზე ჩვენი მეზობლების მიერ ჩადებული ბევრი ინვესტიცია ხელს უწყობს მზარდ ტურიზმის სექტორს საქართველოში, რადგან, მისივე თქმით, სწორედ ამ ქვეყნებიდან მოედინება ტურისტების მძლავრი ნაკადი.

"ბოლო 11 წლის განმავლობაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა 18-ჯერ გაიზარდა, 310 ათასიდან 2003 წელს 5,5 მილიონამდე 2014 წელს. შარშან და შარშანწინ უცხოელ ტურსტთა რაოდენობამ გადააჭარბა საქართველოს მოსახლეობას.

გამოვთქვამ იმედს, რომ, ხსენებული ინიციატივების მსგავსად, დღევანდელი ღონისძიებაც გაუხსნის გზას ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას და გააღრმავებს თქვენს დაინტერესებას საქართველოთი.

პირადად მე გარწმუნებთ, რომ საქართველოს მთავრობა გაგიწევთ თქვენ, თქვენს პარტნიორებსა და ყველა უცხოელ ინვესტორს სრულ მხარდაჭერას საქართველოში ბიზნესის დაარსებისა და ამოქმედებისა საქმეში.

საქართველო არის სტაბილური, ძლიერი და ღია სახელმწიფო. ჩვენი თანამშრომლობა შედეგად მოიტანს მნიშვნელოვან ეკონომიკურ წარმატებას", - განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით