Dongfang Electric Corporation‐სა და ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას" შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდება

დღეს, 16 ოქტომბერს, ,,თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში, ერთ‐ერთ ყველაზე მსხვილ ჩინურ კორპორაცია Dongfang Electric Corporation‐სა და ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას" შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციიდან" აცნობეს, ხელშეკრულებებით გათვალისწინებულია საქართველოში მოცულობითი ჩინური ინვესტიციის განხორციელება.

"აღსანიშნავია, რომ ამ შეთანხმებების ხელმოწერას წინ უძღვოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ქალაქ დალიანში კორპორაცია Dongfang Electric Corporation‐ის პრეზიდენტს სი ზეფუს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა Dongfang Electric Corporation‐ის მიერ საქართველოში განსახორციელებელი სამომავლო სტრატეგიულ მიზნები და კონკრეტული პროექტები", - აცხადებენ ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში".

მათივე განმარტებით, მხარეთა შორის მიღწეული მოლაპარაკებების შედეგად, ხელი ეწერება ,,განზრახულობათა ოქმს ‐პარტნიორთა შეთანხმების თაობაზე", რომელსაც ხელს აწერს ჩინური მხრიდან კორპორაცია Dongfang Electric Corporation-ის ვიცე-პრეზიდენტი ლან ზე ჰაი, ქართული მხრიდან კი, ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" გენერალური დირექტორი იორგ მათიესი.

ასევე ფორმდება ძირითადი ხელშეკრულება ‐ტყიბულის მუნიციპალიტეტში 150 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის EPC კონტრაქტის თაობაზე, რომელსაც ხელს აწერს ქართული მხრიდან, კომპანია ,,ტყიბული 150"‐ის დირექტორი გივი ჭაჭია და ჩინური მხრიდან ‐ Dongfang Electric Corporation-ის ვიცე-პრეზიდენტი ლან ზე ჰაი.

"აღსანიშნავია, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაწყება დაგეგმილია 2016 წლიდან. თბოელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე იქნება 150 მგვტ., ხოლო წლიური გამომუშავება ‐1 მილიარდი კვტ/სთ", - განმარტავენ ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში."

გარდა ამისა, , აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებშივე Dongfang Electric Corporation‐სა და ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას" შორის გაფორმდება ურთიერთაგების მემორანდუმი საქართველოში ჰიდროელექროსადგურის მშენებლობის პროექტის ერთობლივ განხორციელებაზეც.

,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმებების ხელმოწერის პარალელურად, ხელი ეწერება ასევე საქართველოს მთავრობას, სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა" და შპს "ტყიბული 150"‐ს შორის ტყიბულის მუნიციპალიტეტში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველოს მთავრობის სახელით, ხელს აწერს საქართველოს ვიცე‐პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.

"აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში მიღწეული აღნიშნული შეთანხმებები ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაზრდას, ადგილობრივი ნახშირმომპოვებელი ინდუსტრიის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ელექტროენერგიის საექსპორტო პოტენციალის ზრდას", - აცხადებენ ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში."

ხელმოწერის ცერემონია გაიმართება საქართველოს პარლამენტის შენობაში და მას დაესწრება საქართველოს პრემიერ‐მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს ვიცე‐პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, Dongfang Electric Corporation-ის პრეზიდენტი სი ზეფუ და სხვა ოფიციალური პირები.

Dongfang Electric Corporation წარმოადგენს უმსხვილეს ჩინურ ჰოლდინგს, რომელიც ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაშია. კომპანიას ნახევარსაუკუნოვანი განვითარების ისტორია გააჩნია. იგი სპეციალიზდება ენერგოგენერაციის ობიექტებისთვის დანადგარების წარმოებასა და ექსპორტში.

Dongfang Electric Corporation‐ი მაღალი კლასის თანამედროვე ტექნოლოგიებით და წარმოები ხარისხის დონით გამორჩეული კომპანიაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩინეთის ეკონომიკაში. იგი ჩინური თერმული ენერგეტიკის ბაზრის 1/3 წილს და ჰიდროენერგეტიკის ბაზრის 2/5‐ს წილს ფლობს. კომპანია ასევე მოღვაწეობს სხვადასხვა დარგში როგორიცაა: მძიმე მრეწველობა, ელექტრო გადამცემი ხაზების წარმოება და მონტაჟი, სამრეწველო კონტროლი მოწყობილობები, მაღალი ძაბვის დიდი სიხშირის კონვერტორები, ქიმიური დანადგარები. Dongfang Electric Corporation‐ი იკავებს წამყვან პოზიციას ჩინურ ბაზარზე საერთაშორისო კონტრაქტორის როლში და ახორციელებს პროდუქციის ექსპორტს 30‐ზე მეტ ქვეყანაში.

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" (GIEC) კი 2005 წლის ივლისში დაფუძნდა. GIEC ‐,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანიაა (GIG) და ფლობს კომპანიის 100%‐იანი წილს. მისი მთავარი ბიზნესმიმართულება ელექტროენერგიის გამომუშავება და ბუნებრივი აირის რეალიზაციაა. დღეისათვის GIEC‐ი საქართველოში ამუშავებს 8 მცირე ჰიდროელექტროსადგურს და სტრატეგიული მნიშვნელობის თბოელექტროსადგურს, რომელიც მდებარეობს გარდაბნის რაიონში და უზრუნველყოფს საქართველოს მნიშვნელოვან ენერგორეზერვს.

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" დამფუძნებელია დავით ბეჟუაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს