ალექსანდრე ჯეჯელავა - გასაგებია, რომ სტუდენტები ცხელსისხლიანი ხალხია და ყველაფერი დღესვე უნდათ, მაგრამ დღესვე არ შეგვიძლია

გასაგებია, რომ სტუდენტები ცხელსისხლიანი ხალხია და ეს ყველაფერი დღესვე უნდათ, - დღესვე არ შეგვიძლია, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს თსუ-ში განვითარებული მოვლენებისა და ”აუდიტორია 115”-ის მოთხოვნების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

მინისტრის განცხადებით, იზიარებს ყველა შინაარსობრივ მოთხოვნას, რომელმაც დღეს გაიჟღერა.

”დადებითად ვაფასებ, - დღეს ჩვენ ვნახეთ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება როგორ ექცევა თავის ხალხს - დგას და უსმენს. ჩვენ ვაპირებთ დავდგეთ და მოქალაქეებს, ვისაც რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ, არ დავუშალოთ არაფერი. პირიქით, ყურადღებით მოვუსმინოთ. ასევე როგორც ბატონმა რექტორმა ბრძანა, ყველა შინაარსობრივ მოთხოვნას, რომელმაც დღეს გაიჟღერა, ვიზიარებთ - მეტი დამოუკიდებლობა უნივერსიტეტს, უკეთესი სწავლის ხარისხი, ავტონომიის გაძლიერება, სტუდენტების ჩართულობის გაძლიერება, ამ ყველაფერს ვიზიარებთ. ეს ცოტათი ღია კარის მტვრევას ჰგავს, როცა სწორედ იმას ვგეგმავთ, რასაც ჩვენგან სტუდენტები მოითხოვენ. ამავე დროს, ჩემთვის ძალიან დასანანია, რომ უფროსკურსელი სტუდენტი იღებს გადაწყვეტილებას, პირველი სასიამოვნო, სახალისო, საზეიმო დღე პირველკურსელს ასეთი ფორმით ჩაატარებინოს. ვფიქრობ, ეს ადამიანები სტუდენტების ფართო რაოდენობის ინტერესებს არ ითვალისწინებენ, არამედ თავისი კონკრეტული მოსაზრების წინა პლანზე წამოწევისთვის გამოიყენეს”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, ცვლილებების პროცესი დაწყებულია და ბევრი სტუდენტი სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს, რომ ცვლილებები დაინერგოს. მინისტრის განცხადებით, საბოლოო ჯამში ერთად შემუშავდება ცვლილებები.

”ეს პროცესი დასრულებადი არ არის. ყოველ წელს გარემო შეიცვლება, უნივერსიტეტი წინ მიდის, მისი რეიტინგი მაღლდება, სამეცნიერო კვლევაც უმჯობესდება, სოციალურად დაუცველების მდგომარეობა, საერთო საცხოვრებლების მდგომარეობაც უმჯობესდება. გასაგებია, რომ სტუდენტები ცხელსისხლიანი ხალხია და ეს ყველაფერი დღესვე უნდათ, - დღესვე არ შეგვიძლია”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

”აუდიტორია 115”-ის წევრები მოითხოვენ ხარისხიან და ხელმისაწვდომ განათლებას, საუნივერსიტეტო ავტონომიას, გარე რეფორმირების პრინციპის დანერგვას, სტუდენტური თვითმმართველობის არსებული სტრუქტურის ძირეულ რეფორმას, უნივერსიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში თანხის გამოყოფას სტუდენტური საერთო საცხოვრებლის პირობების გასაუმჯობესებლად. ასევე მოითხოვენ, რომ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება და თანხის გადაუხდელობის გამო არ ეხსნებათ ბაზა, აკადემიური რეგისტრაციის შესაძლებლობა მიეცეთ.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს