თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ლაბორატორიაში შესამოწმებლად თბილისის ზღვის ტურბაზაზე, დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღიდან გარდა ბანანისა, ყველი და კარაქი გადაიტანეს.
ამის შესახებ გვანცელაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, სამი აღსაზრდელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც გუშინ პირღებინების ნიშნებით სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, დამაკმაყოფილებელია.
„ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გუშინვე გაეწერნენ ისინი კლინიკიდან. რაც შეეხება მიზეზებს, რამდენიმე დღე დასჭირდება სამხარეულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ლაბორატორიას, რომ დასკვნები გვქონდეს. როგორც ექიმებმა გვითხრეს, ბავშვების კვლევების შედეგები დღეს, დღის განმავლობაში იქნება ცნობილი.
ექსპერტიზაზე გადატანილია ყველი, ბანანი და კარაქი. სურსათის უვნებლობის სააგენტომ გვითხრა, რომ სრულიად უვნებელია ყველა პროდუქტი, მაგრამ პერსონალმა მიიჩნია მიზანშეწონილად, რომ ეს პროდუქტები გადაგვეტანა ექსპერტიზაზე და შეგვემოწმებინა“, - განაცხადა გვანცელაძემ.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, გუშინ, ბაღებში შეტანილ ბანანს კომპანიისგან მოწოდებული ხარისხის სერთიფიკატი ახლავს.
„ასევე, ბაღებიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ იქ შევიდა ჯანსაღი პროდუქტი, მათ შორის, ბანანი. მონიტორინგის სამსახური ყოველდღიურად ამოწმებს ბაღებს და ასევე გაგრძელდება. ამასთანავე, ჩვენი მთავარი მონიტორები არიან ბაღების დირექტორები და ადმინისტრაციული პერსონალი, რომლებიც ყოველდღიურად გვაწვდიან ინფორმაციას, თუ რაიმე პრობლემა ჩნდება ამა თუ იმ ბაღში“, - განაცხადა გვანცელაძემ.
ცნობისთვის, გუშინ თბილისის ზღვის ტურბაზაზე, დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღის სამი აღსაზრდელი საავადმყოფოში მოხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბაგა-ბაღების სააგენტოში განუცხადეს, ბაღის 5 აღსაზრდელს პირღებინება აღენიშნებოდა. სამი მათგანი „პრივატ კლინიკაში“ მიიყვანეს. ინტოქსიკაციის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.