მუსტაფა ემრე ჩაბუქმა დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანა

დემირელის კოლეჯის მენეჯერმა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით, პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

ჩაბუქი პროკურატურაში ადვოკატებთან ერთად იმყოფებოდა. როგორც მუსტაფა ემრე ჩაბუქმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაპატიმრების შემდეგ მისი მეუღლისა და შვილების მიმართ მუქარის შემცველი გზავნილები განხორციელდა და საქართველოს მთავრობამ ისინი დაუცველი არ დატოვა.

ჩაბუქის განცხადებით, ასევე არსებობს საფრთხე მის მიმართ, რაზეც ხმამაღლა და დაწვრილებით ვერ ისაუბრებს, თუმცა საჭიროებას ხედავს, რომ ისიც ჩართონ სახელმწიფო დაცვის პროგრამაში.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩემი დაპატიმრების შემდეგ ჩემი მეუღლისა და შვილების მიმართ განხორციელდა მუქარის შემცველი გზავნილები, რის გამოც მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. მადლობელი ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, შესაბამისმა ორგანოებმა უყურადღებოდ და დაუცველად არ დატოვეს ისინი და ჩართეს სახელმწიფო დაცვის პროგრამაში. ეს ფაქტი მე საპატიმროში დიდ სულიერ ძალას მაძლევდა და მამშვიდებდა. ამით ვგრძნობდი ქართული სახელმწიფოს თანადგომას. დღეს, მიუხედავად ჩემი გათავისუფლებისა, მეც და ჩემი ოჯახიც ისევ რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. რა სახის საფრთხე შეიძლება იყოს, ამაზე ხმამაღლა და დაწვრილებით ვერ ვისაუბრებ. შესაბამის სამსახურს ვთხოვ, კიდევ ერთხელ გამოიჩინოს გულისხმიერება და ჩემს ოჯახთან ერთად, გარკვეული დროით მეც ჩამრთონ დაცვის სახელმწიფო პროგრამაში“, - განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.

ჩაბუქის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის თქმით, შეიძლება არსებობდეს ჩაბუქის გატაცების საფრთხე ისეთივე მეთოდით, როგორც ეს მოხდა აზერბაიჯანში, როცა იგივე ბრალდებით გათავისუფლებული პირი გაიტაცეს და თურქეთში აღმოჩნდა. ამიტომ, მისი თქმით, აუცილებელია ჩაბუქის დაცვის პროგრამაში ჩართვა.