დაშავებული მუშა შახტში აფეთქების დეტალებს იხსენებს

წამები იქნებოდა ალბათ გასული რომ წამოვხტი, ინტუიციით ვიცოდი საით უნდა წავსულიყავი და გამოვედი გარეთ, სადაც გიორგი აბულაძე დამწვარ მდგომარეობაში ვნახე, - ამის შესახებ მინდელის შახტში 16 ივლისს დაშავებულმა გიგა მიქიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მეშახტე იხსენებს, რომ მუშაობის პროცესში აფეთქების შესახებ გააფრთხილეს, თუმცა მან ტერიტორია არ დატოვა და სწორედ ამან გადაარჩინა.

„სამუშაო ადგილას ვიმყოფებოდი, გაზი გაზომილი იყო. ისეთი ადამიანი მუშაობდა ვინტილაციაზე, გაზს გაუზომავს არ დატოვებდა. როცა გაზი იყო ხოლმე, ეს ადამიანი უბანს აჩერებდა და არ აფეთქებინებდა. მუშაობის პროცესში ჩამოვიდნენ და გვითხრეს, რომ ლავი ფეთქდებოდა. მე თვითონ გამოვთქვი სურვილი, რომ არ გავიდოდი სამუშაო ადგილიდან. ფიცრებს ვალაგებდი იმისთვის, რომ ნახშირი არ დაგვყროდა. მე არ გავთიშულვარ, თუმცა ჩემ გვერდით ორივე მეშახტემ გონება დაკარგა. წამები იქნებოდა ალბათ გასული, რომ წამოვხტი, ინტუიციით ვიცოდი საით უნდა წავსულიყავი და გამოვედი გარეთ, სადაც გიორგი აბულაძე დამწვარ მდგომარეობაში ვნახე, კანები ჰქონდა ჩამოკიდებული. როგორც კი ხელი მოვკიდე, მაშინვე შემომეხვია და მოძრაობის საშუალებას არ მაძლევდა, პანიკაში იყო. ერთი სიტყვით, თავი გავითავისუფლე, წამოვიყვანე და გზაში ლაშა ფორჩხიძე ვნახე, რომელსაც ბოლო წუთები ჰქონდა ალბათ დარჩენილი. ვიფიქრე, გავიყვანდი გიორგი აბულაძეს და მოვბრუნდებოდი ლაშასთვისაც, მაგრამ გასასვლელში კიდევ ერთი დამწვარი ადამიანი ვნახე. ალბათ, უფლის წყალობამ გადამარჩინა და კიდევ იმან, რომ არ გამოვედი, როცა ლავის აფეთქებაზე მაცნობეს. იქ რომ გავსულიყავი, მეც დამწვარი ვიქნებოდი,“ - განაცხადა გიგა მიქიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი.

შსს-ს ცნობით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის