გიორგი ჭანტურიას ადვოკატი - სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიებას შსს ტენდენციურად აწარმოებს და რეალურ დამნაშავეებზე თვალს ხუჭავს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიებას შსს ტენდენციურად აწარმოებს და რეალურ დამნაშავეებზე თვალის დახუჭვა ხდება. ისინი ცდილობენ, გიორგი ჭანტურიას ხელი შეახოცონ, რომელსაც ეს ქმედება ნამდვილად არ ჩაუდენია,- ამის შესახებ რუსთავის ბაზრის ყოფილი მეწილის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ადვოკატმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, გიორგი ჭანტურია არის ცრუ ბრალდების მსხვერპლი. მისი თქმით, ეს საქმე შეიძლება მოვიხსენიოთ, როგორ "ჩადებული მოწმეების საქმე". ადვოკატის თქმით, ჭანტურია თავს დამნაშავედ არ სცნობს.

„საქმეში არიან მოწმეები, რომელთა ჩვენებებიც არსებითაც ეწინააღმდეგება ერთმანეთს და ეწინააღმდეგება ამ მოწმეთა მიერ ადრე მიცემულ ჩვენებებს. სამწუხაროდ, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთო რუსთავის საქალაქო სასამართლო. ჩვენ მივმართეთ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მთელი რიგი შუამდგომლობებით, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში დადგინდებოდა რეალობა. დადგინდებოდა, რომ მოწმეები ცრუობენ, დადგინდებოდა, რომ გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ რეალური, ობიექტური მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა მოსამართლეებმა: ეკატერინე პართენიშვილმა და ქეთევან ბლიაშვილმა უარი განაცხადეს მართლმსაჯულების განხორციელებაზე და სრულიად ბრიყვული, სამართლებრივად ბეცი გადაწყვეტილებებით არ დააკმაყოფილეს ჩვენი შუამდგომლობები. ამით წინააღმდეგობაში მოვიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებთან, ასევე წინააღმდეგობაში მოვიდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ყველა დარღვევაზე, შეუსაბამობაზე და ტენდენციურ ქმედებაზე, რასაც შსს ახორციელებს, პირდაპირ ჩართულია რუსთავის საქალაქო სასამართლო.

„სასამართლომ დაცვის მხარეს არ მისცა შესაძლებლობაც კი, რომ საკმარისი დრო გვქონოდა დაცვის მოსამზადებლად. ჩვენ ორი თვის ვადით ვითხოვეთ საქმეზე წინასასამართლო მოსმენის გადადება და ეს მოთხოვნა ნაწილობრივაც კი არ დააკმაყოფილა სასამართლომ. ეს ხდება ერთადერთი მიზნით - გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ საქმე არის „შეკერილი“. ამ „შეკერილ“ საქმეში, ადვოკატები ვცდილობთ მოვიპოვოთ მტკიცებულებები, რაც აღმოაჩენს, რომ შსს რეალურ დამნაშავეებს ხელს აფარებს“, - განაცხადა ბასილაიამ.

მისი თქმით, ჭანტურია ამ საქმეში დევნის მსხვერპლია, რაზეც დაცვის მხარე კონკრეტულად სასამართლო პროცესზე ისაუბრებს.

"როგორც კი ამ საქმეზე დაიწყო გამოძიება, თავიდანვე სამსონ ქუთათელაძის ერთ-ერთი მოწილე, იუზელ ნონი ჩვენებაში აცხადებდა, რომ შესაძლოა, ეს მკვლელობა ჩადენილი ჰქონდეს სამსონ ქუთათელაძის უცხოელ პარტნიორებს. ასევე საუბარი იყო, ამ ბაზრის დირექტორის მხრიდან თანხების მითვისებაზე და ა.შ. სადაც რეალური მოტივები იკვეთებოდა, მაგრამ რატომღაც გამოძიებამ თვალი დახუჭა ამ გარემოებებზე და მიზანში ამოიღეს გიორგი ჭანტურია", - განაცხადა ბასილაიამ.

რაც შეეხება იმ იარაღებს, რომელიც გამოძიების მიხედვით ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას იქნა ამოღებული, ადვოკატი ამბობს,რომ ამასთან დაკავშირებითაც სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს. რაც შეეხება საქმეში არსებულ ფარულ ჩანაწერს, ადვოკატის განმარტებით, ჩანაწერის ერთ-ერთი მონაწილე ასევე შსს-ს წარმომადგენელია, პატრული, რომელიც წინასწარ და დაგეგმილად ახდენს გარკვეულ მაპროვოცირებელ ქმედებებს.

„შსს-მ ამ ჩანაწერებიდან გარკვეული ნაწილი გაავრცელა, მაგრამ როდესაც ჩანაწერებს გაეცნობა სასამართლო და მხარეები, ყველა დაინახავს, რომ პროცესში ჩართული პატრულ-ინსპექტორი თავიდან ბოლომდე პროვოკაციას ეწეოდა",-განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ გენერალი, ყოფილი პარლამენტარი სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში, საკუთარ სამუშაო კაბინეტში მოკლეს. მას 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით