რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას წინასასამართლო სხდომა ჩატარდა. სასამართლომ, დღეს საქმეში არსებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე და დაუშვებლობაზე იმსჯელა.
სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა, ადვოკატებსა და პროკურორებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება რამდენჯერმე მოხდა. მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა ადვოკატ ბექა ბასილაიას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების მისამართით გაკეთებული განცხადების გამო, შენიშვნა მისცა და წესრიგის დაცვისკენ მიუთითა. მოსამართლემ შენიშვნა მისცა თავად გიორგი ჭანტურიასაც, რომელმაც ბრალდების მხარის განცხადების შემდეგ, მტკიცებულებების რელევანტურობასთან დაკავშირებით განცხადება ნებართვის გარეშე გააკეთა.
ადვოკატებმა სხდომის მიმდინარეობისას სასამართლოს 8 შუამდგომლობით მიმართეს, მათ შორის, ძირითადი მოწმის - ირაკლი თედორაძის მოწმეთა სიიდან ამორიცხვა, ვინაიდან მან ჩვენება შეცვალა, რაც მის სანდოობას ეჭქვეშ აყენებს; 7 აგვისტოს ჭანტურიას სახლში ჩატარებული ჩხრეკის ოქმის ბათილად ცნობა, 17 იანვარს ჭანტურიას დაკავების ოქმის ბათილად ცნობა, 7 აგვისტოდან 8 აგვისტოს ჩათვლით მოპოვებული ყველა მტკიცებულების ბათილად ცნობა, 19 იანვრიდან 7 აგვისტომდე მოპოვებული ფარული ჩანაწერების დაუშვებლად ცნობა. დაცვის მხარის მტკიცებით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროები არ ემთხვევა ოქმზე დაფიქსირებული თანამდებობის პირების რეზოლუციის დროებს.
ბრალდების მხარის განცხადებით, საქმეში დევს მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, იმის თაობაზე, რომ ჭანტურიას კონფლიქტი ჰქონდა სამსონ ქუთათელაძესთან, ამასთანავე ჰქონდა ვალი და სწორედ ამიტომ ითხოვდა ქუთათელაძისგან მისი კუთვნილი ქონების შეძენას. პროკურორ ნიკოლოზ სანიკიძის განცახდებით, საქმეში დევს მოწმეთა ჩვენებები, რომ ჭანტურია აზარტული თამაშებით იყო გატაცებული, ჰქონდა უზარმაზარი ვალი, ასევე იყო ნარკოტიკების მომხმარებელი. ასევე, ფარული მიყურადების შედეგად ამოღებულ აუდიო ჩანაწერში ჭანტურიას და ერთ-ერთ პირთან მათ სახლში არსებულ იარაღზე საუბრობს და სწორედ ეს ჩანაწერი გახდა საფუძველი ჭანტურიების სახლში 7 აგვისტოს ჩხრეკვის ჩატარების. ბრალდების მხარის განცხადებით, ჭანტურიების საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ იარაღზე აღმოჩნდა გიორგი ჭანტურიას თითის ანაბეჭდი და დეენემის კვალი.
ბრალდების განცხადებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან გიორგი ჭანტურია და მისი ადვოკატები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ სამართალდამცავებმა იარაღი სახლში თავად შეიტანეს.
,,სასამართლო დღეს ცდილობს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას ბრალდების მხარეს. გამოძიება არ დაინტერესებულა თუ ნარკოტიკებს მოვიხმარდი და შემდეგ ვმკურნალობდი, რა პრეპარატს ვიღებდი, როგორ ვმკურნალობდი. ვერც ერთი მოწმე აქ ვერ იტყვის, რომ მე ქუთათელაძესთან მქონდა კონფლიქტი. ვინც კაზინოში თამაშობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა დამნაშავეა. მოვითხოვ იმ მტკიცებულებების ამორიცხვას საქმიდან, რაც ასახავს პირად ცხოვრებას“, - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ სასამართლო სხდომაზე.
ბრალდების მხარემ კი ნიკოლოზ სანიკიძის, როგორც პროკურორის, რომელიც მონაწილეობას იღებდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, შსს-ს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის, როგორც საჯარო პირის, რომელიც საქმესთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებისას, გამოძიების მიერ მიწოდებული ინფორმაციით ხელმძღვანელობდა, ასევე იმ სამი პირის მოწმეთა სიიდან ამორიცხვის შუამდგომლობა დააყენა, რომლებიც ოპერატიულ დეპარპამენტში მუშაობენ და მათი კონფიდენციალობა დაცული უნდა იყოს.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა მოწმეთა სიიდან 5 პირის ამორიცხვასთან დაკავშირებით, დააკმაყოფილა, დაცვის მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით კი დაუკმაყოფილებელი დატოვა. ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას ტენდენციურს უწოდებენ. შემდეგი სხდომა 1-ელ ოქტომბერს 10:00 საათზე ჩაინიშნა.
გენერალი სამსონ ქუთათელაძე, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ კაბინეტში 15 იანვარს ნახეს მოკლული. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. გიორგი ჭანტურია სამართალდამცავებმა რვა თვის შემდეგ, რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე მამის სახოვრებელ სახლში 7 აგვისტოს, ღამით ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ დააკავეს. სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნებია ამოღებული. სისხლის სამართლის საქმე გიორგი ჭანტურიას მიმართ, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს