რომ ვიცოდე, რომ ხვალ მომწამლავენ, მაინც ვერ შემაცვლევინებს ჩემს პრინციპებს და ეს მაინც ვერ გამტეხდა მე - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის“ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.
ყოფილმა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა, რომელიც ამჟამად სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მოწამვლის შესაძლო ვერსიაზე ისაუბრა.
„საკუთარ თავზე განცხადების კეთება, რომ მე განზრახ მწამლავენ უხერხულია, თუმცა ჩემი მეგობრები ზოგი დარწმუნებულია და ზოგს ეჭვი აქვს, რომ სწორედ ამას შეიძლება ჰქონდეს ადგილი, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მიზეზი დაავადების სიმპტომებისა არის ინტოქსიკაცია. მე სიმპტომებს როდესაც მეუბნებიან, მეუბნებიან, რომ ამის გამომწვევი მიზეზი არის ინფექცია, რომელიც დადგენილი არ არის. მათი სიტყვები იწვევს გარკვეულ ეჭვს ჩემს მეგობრებში.
თუ ვიღაც ჩემს მოწამვლას აპირებდა, მარტივი დარიშხანით ან საწამლავით არ მომწამლავენ, იმიტომ, რომ მისი სიმპტომები ადვილად დასადგენია. ალბათ საზოგადოებისთვის ცნობილია რამდენი საუბარი მიდის ნერვულად პარალიზებაზე, საწამლავზე და ა.შ. საერთოდ მსგავსი მოწამვლა თუ იქნებოდა, ამის დადგენა რთული იქნებოდა.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი იუშენკო როდესაც მოწამლეს, მან მკურნალობა გაიარა კლინიკებში და დღემდე არ არის დადგენილი მოწამვლის მიზეზი. მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარია ის, რომ ვიცოდე რომ მე ხვალ მომწამლავენ, მაინც ვერ შემაცვლევინებს ჩემს პრინციპებს და ეს მაინც ვერ გამტეხდა მე. მსგავსი რაღაცებისთვის მზად ვარ. როდესაც ადამიანი ირჩევ აქტიურ პოლიტიკას და გარგუნა ბედმა, რომ იყო ლიდერებს შორის, მზად ვარ ყველაფრისთვის“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.