ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურია სასამართლო სხდომაზე პროტესტის ნიშნად უკვე მესამედ არ გამოცხადდა

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურია, რუსთავის საქალაქო სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, პროტესტის ნიშნად უკვე მესამედ არ გამოცხადდა. სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად, ჭანტურია კვლავ მისი უფლების შეზღუდვას ასახელებს და განმარტავს, რომ მას წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევის კანონიერი უფლება შეუზღუდა, შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის მოსამართლე არაუფლებამოსილია.

მოსამართლე მადონა მაისურაძის განცხადებით, გიორგი ჭანტურიას პოზიცია, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევის თაობაზე, კვლავ უცნობი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ წინასასამართლო სხდომებზე, მას სამჯერ მიეცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა, მან პოზიცია არ დაფიქსირა და საქმის არსებითი განხილვის სხდომებზე არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება.

მოსამართლის განმარტებით, ნაფიც მსაჯულთა შერჩევა კი საპროცესო კოდექსის თანახმად, გიორგი ჭანტურიას პოზიციის დაფიქსირებისა და მისი სხდომაზე დასწრების გარეშე ვერ მოხდება.

სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმის არსებითი განხილვა 30 ოქტომბერს, ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობისა და ჭანტურიას სხდომაზე დასწრების გარეშე გაგრძელდეს. დაცვის მხარეს, მოსამართლის ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების 24 საათიანი ვადა აქვს.

გიორგი ჭანტურიას ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის კვლავ მცდელობა იმისა, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის უკანონო გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, „გასწორდეს“.

„ბოლო 4 სხდომა ეხებოდა საკითხს, რომელიც წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ არსებითი დარღვევით, არაკანონიერად გადაწყვიტა. ჩვენ ვერ ვხედავდით სამართლებრივ, ლეგიტიმურ პროცედურას, როგორ შეიძლებოდა ეს არაკანონიერი გადაწყვეტილება გასწორებულიყო, გარდა იმისა, რომ საკითხი დამდგარიყო არაუფლებამოსილი სასამართლოს მხრიდან საქმის განხილვის შეჩერების, გაუქმების და გიორგი ჭანტურიას მიმართ დევნის შეწყვეტისა. სწორედ, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის უკანონო ქმედებების გამართლების მცდელობას გამოუცხადა პროტესტი გიორგი ჭანტურიამ და არანაირად აქ ადგილი არ ჰქონდა თავის არიდებას ან რაიმე მსგავსს. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, ეს არის კვლავ მცდელობა იმისა, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის უკანონო გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, ასე ვთქვათ გასწორდეს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა