სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მთავარი მოწმის, მამუკა ცხოვრებაძის დაკითხვა დასრულდა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ე.წ. ,,სტამბოლის ბაზრის“ (შპს ,,ერთობა“) დირექტორის, მამუკა ცხოვრებაძის დაკითხვა დასრულდა. მოწმემ დეტალურად ისაუბრა 15 იანვარს განვითარებულ მოვლენებზე და განაცხადა, რომ სწორედ მან ნახა პირველმა საკუთარ კაბინეტში მოკლული გენერალი, რომელიც თავდაპირველად ვერ იცნო.

ცხოვრებაძემ ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ქუთათელაძე სწორედ ჭანტურიამ მოკლა, ვინაიდან ეს უკანასკნელი, მკვლელობამდე გენერალთან ერთად მისი კაბინეტისკენ მიმავალი ნახეს სხვა მოწმეებმა. მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ ამ საქმის ფიგურანტმა მოწმემ მამუკა ცხოვრებაძემ, რომელიც ოთხჯერაა გამოძიების მიერ დაკითხული, დღევანდელ პროცესზე ახალი დამატებითი მტკიცებულებები ,,ჩადო“ საქმეში, იმისათვის, რომ ,,ჩადებული მოწმეების“ ჩვენებები ,,გაეპრავებინა“. ადვოკატი მიიჩნევს, რომ მამუკა ცხოვრებაძის მიერ მიცემულ წინა და დღევანდელ ჩვენებებს შორის არსებითი აცდენაა.

,,დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ამ საქმის ასევე მნიშვნელოვანმა ფიგურანტმა მოწმემ, მამუკა ცხოვრებაძემ, რომელიც ოთხგზის არის დაკითხული უკვე სასამართლო პროცესზე, ასე ვთქვათ, ახალი, დამტებითი მტკიცებულება „ჩადო“. მანამდე არსებულ ჩვენებებში საერთოდ არ ახსენებდა დამატებით გარემოებებს, რაზეც დღეს ისაუბრა და ისაუბრა იმიტომ, რომ ,,გაეპრავებინა“ იმ ჩადებულ მოწმეთა ჩვენებები. ჩვენ მოვისმინეთ წინა პროცესზე დაზარალებულთა ჩვენებები, ყურადღებას გავამახვილებ აწ გარდაცვლილი, უაღრესად პატივსაცემი ადამიანის, სამსონ ქუთათელაძის ვაჟის ჩვენებაზე, რომელმაც თქვა, რომ ოფისის უკანა მხარეს დააყენა მანქანა, უკანა მხარეს შეხვდა მამუკა ცხოვრებაძე, რომელმაც ასეთი ვითარებაა ოფისშიო უთხრა, შეჰყვა მას და დაინახა მამა და რა ტრაგედიაც გადახდა. დღეს ჩვენ ვისმენთ მამუკა ცხოვრებაძისგან, რომ ის წინა შესასვლელიდან გამოვიდა ოფისიდან, წინა შესასვლელთან შეხვდა ბესიკ ქუთათელაძეს, როგორ შეყჰვა მას უკან, არ ახსოვს, თუმცა, რომ რეკავდა ახსოვს, ზარი, რომ გადიოდა სამსონ ქუთათელაძის ტელეფონზე ეს ახსოვს, შესაბამისად, არსებითი აცდენაა ჩვენებებს შორის“, - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. მისვე თქმით, მამუკა ცხოვრებაძის ქმედებებთან მიმართებაში არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, რაც გამოძიებამ თავის დროზე არ გამოიკვლია.

„მამუკა ცხოვრებაძე არის ადამიანი რომელმაც, სამსონ ქუთათელაძე მის სამუშაო კაბინეტში გასისხლიანებულ მდგომარეობაში ნახა და ერთი ზარიც არ გაუკეთებია სასწრაფო დახმარების ცენტრში, ერთი ზარი არ გაუკეთებია პოლიციაში, გამოვიდა და ალიბის შესაქმნელად დაცვის თანამშრომლებს მოუხმო. და მისი არც ტანსაცმელი ამოიღო გამოძიებამ, არც ექსპერტიზა ჩაატარა და არც არაფერი. ეს აჩენს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ამ მოწმის ჩვენების სანდოობასთან და თავად ამ პირის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

სამსონ ქუთათელაძე, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ კაბინეტში 15 იანვარს ნახეს მოკლული. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. სისხლის სამართლის საქმე გიორგი ჭანტურიას მიმართ, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა