ეკა ბესელია - ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებთან მიმართებაში საუბარია არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, არამედ კერძო საქველმოქმედო გადაწყვეტილებაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სამართლებრივად არანაირი პრობლემა არ აქვს და კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის. მისი თქმით, ამ შემთხვევაში საუბარია არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, არამედ კერძო საქველმოქმედო გადაწყვეტილებაზე.

„ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ რესურსი არ არის სახელმწიფო. კანონი რას ამბობს ის არის მთავარი. კანონი კრძალავს ადმინისტრაციული და სახელმწიფო რესურსების გამოყენებას ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით. აქ საუბარია ვალდებულებაზე, რომელიც უნდა განახორციელოს ფონდი "ქართუს" გადაწყვეტილებით თავად ამ ორგანიზაციამ, რაც არ არის ადმინისტრაციული რესურსი და სახელმწიფო ბიუჯეტი. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად ედო ივნისის თვემდე გაკეთებული განცხადებები ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძის და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ამ გადაწყვეტილებას სამართლებრივად არანაირი პრობლემა არ აქვს და კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის",- განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება უნდა გაიმიჯნოს "ნაციონალური მოძრაობის" ვაუჩერიზაციის პროგრამისგან.

„რაც შეეხება გუშინდელ უპრეცედენტო და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ეს არის ყველაზე მასშტაბური სოლიდარობის აქტი. 600 000 მოქალაქეს არა მხოლოდ გაუნულდება დავალიანება და ვალდებულებები, ამ უპრეცედენტო აქციით ისინი დაბრუნდებიან საერთო ეკონომიკურ ბაზაში. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, საარჩევნო პროცესი კრძალავს ისეთი ტიპის მოქმედებებს, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვას ემსახურება კანდიდატის წარომადგენლის მეშვეობით და სახელმწიფო რესურსების გამოყენებით. აქ საუბარია არა სახელმწიფო რესურსების გამოყენებაზე, არამედ იმაზე, რომ კერძო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ" და ბიძინა ივანიშვილი იღებს თავის თავზე ამ ვალდებულებას. ეს არის უდიდესი სიკეთე. ეს უნდა გავმიჯნოთ იმ ტიპის სამართლებრივი ქმედებებისგან, როგორიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვაუჩერების სახით განახორციელა, რაშიც არის ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვის ნიშნები",- აღნიშნა ბესელიამ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა