ვანო მერაბიშვილი დამატებითი კვლევების ჩატარებას საჭიროებს, რათა მისი დიაგნოზის დასმა და მკურნალობა მოხდეს, - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა.
„მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, უფრო მეტიც, მას ვერ დაუსვეს დიაგნოზი, თუ რითია გამოწვეული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. შესაბამისად, არც მიმდინარეობს მკურნალობა. ოჯახის მიერ, უცხოელ ექსპერტებთან და ექიმებთან იქნა კონსულტაციები გავლილი, სადაც აღმოჩნდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებას ან გამორჩა, ან ვერ გადმოგვცა ისეთი კვლევა, როგორიცაა ერითროციტების დალექვა, ე.წ. როე. ანალიზის კვლევებში მითითებული არ არის, რომ ეს ჩატარებულია. ასევე არ არის მითითებული, ტყვიის შემცველობის განსაზღვრა სისხლში, რაც მნიშვნელოვანია, როცა საუბარია მოწამვლასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კვლევები უნდა ჩაუტარდეს დამატებით, რაც შეიძლება სწრაფად. ასევე უნდა ჩატარდეს ბაქტეოროლოგიური კვლევები. ასევე უნდა ჩატარდეს მის საკანში არსებულ ნივთებზე, კედლებზე აღებულ ნიმუშებზე კვლევა, ვინაიდან შეიძლება ეს ბაქტერია იყოს იმ პირობებში, სადაც ის დღეს ცხოვრობს. აღნიშნული კვლევის ჩატარება შესაძლებელია ლუგარის სამედიცინო კვლევით ცენტრში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და არის უნიკალური ბაქტეოროლოგიური კვლევებისთვის. ან ჩატარდეს სადმე სხვაგან, სადაც თავად ისინი ჩათვლიან სწორად", - აცხადებს ჩივიაშვილი.
როგორც ის განმარტავს, ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში მერაბიშვილის მიმართ მე-18 მუხლის დარღვევის შესახებ ჩაიწერა.
„უახლოესი დღეების წინ, როცა ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, იქ ჩაიწერა მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ დადგენილია სტრასბურგის სასამართლოს მიერ მე-18 მუხლის დარღვევა. იქვე არის განმარტება გაკეთებული, რომ მისი დაკავება გამომდინარეობდა ფარული მიზნებიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ამ რეზოლუციით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ივანე მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი", - დასძენს ჩივიაშვილი.