ერისთავების სასახლის და ერკეთის ტაძრის აღდგენა დაიწყო

საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორა-ბერეჟოულში ერისთავების სასახლის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო.

ფონდ „ქართუს“ ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ 9 მილიონ ლარს, ფონდი „ქართუ“-ს მიერ მიმდინარე წლისთვის გამოყოფილი 20 მლნ ლარი დაემატება და ის სრულად კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციაზე წარიმართება.

„დარგისკენ მიმართული ერთობლივი ფინანსური რესურსი ამ დრომდე უპრეცედენტო ოდენობას შეადგენს. ერისთავების სასახლის რეაბილიტაციის პროცესში სრულად აღდგება XIX საუკუნის არქიტექტურული ნაგებობის ყველა კონსტრუქციული ელემენტი. ავთენტური ფორმით განახლდება და ნაწილობრივ რესტავრირდება სასახლის კარ-ფანჯრები, რომლებიც სტრუქტურული მდგრადობის მიზნით, შენობის ყველა ხის კონსტრუქციული ელემენტის მგავსად ცვილის ლაქით დაიფარება.

პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს ნაგებობის უნიკალური ხის აივანი მისი მოაჯირებით, ორნამენტული დეტალებითა და XIX საუკუნის ტიპიური დიზაინის შუშაბანდით. სრულად რეაბილიტირდება შენობის სახურავი და ჭერის კონსტრუქციული წყობები. სასახლის ოთახებში გვიანდელი შპალერის ფენის მოხსნის შემდეგ ინტერიერის ფასადები ახლად გამოვლენილი ღირებული მხატვრული ფრაგმენტების მიხედვით რესტავრირდება. ინტერიერის კიბე კი კონსტრუქციულად გამაგრდება და ქვის ფილებით მოპირკეთდება. სრულად აღდგება ერისთავების სასხლის მარანი და ყველა სამეურნეო დანიშნულების სივრცე. არსებული წყობით რეაბილიტირდება და კონსერვირდება სასახლის გალავანი მისი გარსშემოსავლელებითა და სათოფურებით. სასახლის ეზოში მოეწყობა ქვაფენილები, გაიწმინდება არსებული ქვევრები და მწვანე საფარით კეთილმოეწყობა ტერიტორია.

ასევე, მიმდინარე წელს ფონდი „ქართუ“-ს ფინანსური რესურსით უზრუნველყოფილი იქნება 53 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის პროცესი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით კი წელს სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები 43 არქიტექტურულ ნაგებობაზე წარიმართება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ფონდი „ქართუს” ფინანსური მხარდაჭერისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საპროექტო უზრუნველყოფის საფუძველზე წარიმართება სოფელ ერკეთის მთავარანგელოზის სახელობის დედათა მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.

„დარბაზული ტიპის ეკლესიაზე, რომელსაც მრავალჯერადი გადაკეთების აშკარა ნიშნები აქვს, სრულად მოიხსნება თუნუქის უხარისხო სახურავი და მისი ხის კონსტრუქცია, რომელიც კრამიტით ჩანაცვლდება. ნაგებობის ინტერიერის ქვის კვადრების იატაკი, რომლის ზედაპირი მკვეთრად დეფორმირებულია, ახლიდან გადაეწყობა და დაზიანებულ სეგმენტებზე ავთენტური ფორმის თლილი ქვებით განახლდება. ეკლესიის მთელ პერიმეტრზე მოიხსნება გასული საუკუნის დროს უხარისხოდ ნაშენი ქვის კარნიზი და მასზე დაშენებული კედლები, რომელიც ეკლესიაში წყლის ჩადინებისა და კედლის მხატვრობის დაზიანების მიზეზს წარმოადგენდა. ძველის ნაცვლად ტაძარზე არსებული ფორმის პროფილირებული კარნიზი სარესტავრაციო მეთოდოლოგიის სრული დაცვით მოეწყობა.

ეკლესიის გარე ფასადებზე ეროზიით გამოწვეული ნაპრალები და გამორეცხილი ჭრილები კირხსნარით ამოივსება და კონსერვირდება. დაზიანებული უბნები ისექტირების მეთოდით გამაგრდება. მონასტრის ტერიტორიაზე სრულად აღდგება ქვის გალავანი, რომლის ცალკეული სეგმენტები კლდოვანი ფერდობის ეროზიისგან დროთა განმავლობაში დაიშალა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორივე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარესტავრაციო პროცესი არქიტექტორ-რესტავრატორების გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება და მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დასრულდება.

დღეს, ერისთავების სასახლისა და ერკეთის მთავარანგელოზის დედათა მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდ „ქართუს“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნენ.

მიმდინარე წელს ფონდ „ქართუ“-ს ფინანსური რესურსით იქნება უზრუნველყოფილი 53 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის პროცესი. სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით კი წელს სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები 43 არქიტექტურულ ნაგებობაზე წარიმართება.

გორა-ბერეჟოულის ერისთავების სასახლე განსაკუთრებულია მისი ორი სხვადასხვა პერიოდის არქიტექტურით, რომელიც ერთმანეთს შესანიშნავად ერწყმის. ამ დროისათვის შემორჩენილი სასახლის ნაგებობა წარმოადგენს ორსართულიან სახლს, რომლის დასავლეთ მთავარ ფასადს კუთხეებიდან უვითარდება კარგად დაცული ქვის გალავანი. გალავანი ოვალთან მიახლოებული მოხაზულობის გეგმარებას იმეორებს. მის დასავლეთ ნაწილში გაჭრილია კარიბჭე. კომპლექსზე არსებული ნაგებობები სხვადასხვა პერიოდს მიეკუთვნება. გალავანი XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზეა ნაშენი, სახლი კი XIX საუკუნისაა. ორსართულიანი სახლის გეგმარება, პირველ და მეორე სართულზე ერთმანეთის იდენტურია, რომელშიც არსებობს ორ -ორი ოთახი. პირველ სართულზე მარანი და სამეურნეო დანიშნულების სათავსო უნდა ყოფილიყო. სასახლის შესასვლელი დახურულია ხის აივნით, რომლის საყრდენს წარმოადგენს ქვის კედლებისგან ნაშენი ოთხკუთხა სვეტები, რომლებიც სრულდება მოხდენილი კაპიტელებით.

მთავარანგელოზის სახელობის დედათა მონასტერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთში მდებარეობს. მონასტერი სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით, შემაღლებული გორაკის ფარგლებშია განლაგებული. მონასტრის აქ დაარსება გორაკის თავზე, მოსწორებულ ბაქანზე არსებულმა ეკლესიამ განაპირობა. არსებული ეკლესია დარბაზულია დასავლეთისა და ჩრდილოეთის მინაშენებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო