ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2019

ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2019

“ოცნებაში” აცხადებენ, რომ გახარიას პრემიერად წარდგენას ხალხის აღფრთოვანება მოჰყვა

გია ხუხაშვილი - “გახარიას მთავრობა უფრო ეფექტური იქნება, მაგრამ არა ქვეყნისთვის, არამედ პირადად ივანიშვილისთვის”

სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” (N9, სექტემბერი) მიმოხილვა

* * *

"ისეთი განცდაა, რომ ოპოზიცია კვლავ ვერ გამოდის გახარიას პრემიერად წარდგენით გამოწვეული შოკიდან. ამბობენ, რომ ეს წარმოუდგენელი თავხედობა და საზოგადოებისთვის სილის გაწნაა. ხვდებიან, რომ ამ პროცესს ვერ შეაჩერებენ, და ცდილობენ საპროტესტო აქციებითა და ბოიკოტით შეაფერხონ. “ოცნება” კი საპირისპირო მოცემულობას გვთავაზობს, გვარწმუნებს, რომ გახარიას წარდგენა საზოგადოების დაკვეთა იყო. კახა კალაძემ ისიც თქვა, “ვნახეთ გუშინ რამდენად დიდი აღფრთოვანება მოჰყვა გახარიას კანდიდატურის წარდგენას...” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ოცნებაში” აცხადებენ, რომ გახარიას პრემიერად წარდგენას ხალხის აღფრთოვანება მოჰყვა.

“პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი აცხადებს, რომ გახარიამ ერთგვარად თავი შარში გაჰყო. “როდესაც საუბარი დაიწყო სამთავრობო ცვლილებებზე, ვამბობდი, რომ “ოცნებას” გაუჭირდებოდა პრემიერ-მინისტრის პოვნა, რადგან ერთწლიან ვადაში არავინ ისურვებდა ამხელა პასუხისმგებლობის აღებას. ახლაც ვფიქრობ, რომ გახარია არ უნდა იყოს დიდად აღფრთოვანებული ამ ტვირთის აღებით”, - თვლის საყვარელიძე და ამბობს, რომ ოპოზიციის სტრატეგია, ოპონენტები ავტომატურ რეჟიმში რუსეთის აგენტად მონათლოს, მისთვისვეა წამგებიანი. “ყველა არჩევნებს აგებს და დასკვნებს ვერ აკეთებს. ეს არის ოპოზიციის ინტელექტუალური პრობლემა”, - აცხადებს ის. პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურის დასახელებას ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. თანაც, აქცია “სირცხვილიას” წარმომადგენლები ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მმართველ გუნდს ბოიკოტი გამოუცხადეს. მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობას, რომელიც 4 სექტემბერს დაიწყო, “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არ ესწრებოდნენ, - აღნიშნავს გამოცემა.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ სამოქალაქო პროტესტი, რომელიც დღემდე გრძელდება, უფლებას უზღუდავთ ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდეს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენები. სამადაშვილის აზრს იზიარებს თინა ბოკუჩავა. მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი არ გახდეს. “ევროპული საქართველოს”კიდევ ერთი წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ მათი პარტია არც იმ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას დაესწრება, სადაც განათლების და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. საპირისპიროს ამტკიცებენ მმართველ გუნდში; “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საზოგადოება გახარიას პრემიერ-მინისტრად დასახელებით კმაყოფილია”, - განაგრძობს გამოცემა.

“გიორგი იყო ერთ-ერთი რეიტინგული მინისტრი “ქართული ოცნების” გუნდში. შესაბამისად, თქვენ ნახეთ გუშინ საზოგადოების დამოკიდებულება, როდესაც მისი კანდიდატურა იქნა გაჟღერებული, თუ რამდენად დიდი იყო კმაყოფილება. ვნახეთ გუშინ რამდენად დიდი აღფრთოვანება მოჰყვა გახარიას კანდიდატურის წარდგენას. თუმცა არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც ამას ეწინააღმდეგება და ეს ნორმალურია. ყველა ვერ იქნება კმაყოფილი. ყველა ვერ იქნება კმაყოფილი იმ პროექტების, რეფორმების განხორციელებისას, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ”, - აღნიშნა თბილისის მერმა, რომლის აზრით, “ეს უბრალოდ შეუძლებელია...” - დასძენს გამოცემა.

“პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებების ორ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, საყოველთაო-სახალხო განხილვის ორი საორგანიზაციო კომისია შეიქმნა. კომისიები იდენტური შემადგენლობით იმუშავებს. ცნობისათვის, უმრავლესობის 93 დეპუტატის ხელმოწერით წარდგენილი კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. ამასთან, პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის გარდამავალი დებულებებიდან ამოღებულია ჩანაწერი 3%-ანი საარჩევნო ბარიერისა და პოლიტიკური პარტიების ბლოკების შესახებ. ამასთან, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ცვლილებების საკუთარი ვარიანტი პარლამენტს ოპოზიციურმა პარტიებმაც შესთავაზა. მათი პროექტით, 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ტარდება, თუმცა 3%-იანი ბარიერისა და პარტიების ბლოკების დაშვებით”, - წერს სტატიის ავტორი.

“პარტიული პოლიტიკის თვალსაზრისით, ივანიშვილისგან ეს ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო. მას ძალიან მოკლე სათადარიგო სკამი აქვს და დიდი არჩევანი მაინცდამაინც არ ჰქონდა. საარჩევნო ციკლში შევდივართ და ისეთი ფიგურა სჭირდება, რომელსაც საზოგადოებასთან ელემენტარული კომუნიკაციის უნარი გააჩნია. გახარიას გარდა, მგონი, ასეთი უნარები იქ არავის აქვს”, - ასე აფასებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შს მინისტრ გიორგი გახარიას კანდიდატურის წარდგენას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ხუხაშვილი ფიქრობს, რომ გახარიას მთავრობა უფრო ეფექტური იქნება, მაგრამ არა ქვეყნისთვის, არამედ პირადად ივანიშვილისთვის.

“ზოგადად პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატების შერჩევა ხდება იმ მოთხოვნილებებით, რასაც პოლიტიკური მოცემულობა ქმნის და იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რაც იმ მომენტშია. ეს არის მისთვის (ბიძინა ივანიშვილისთვის) კორპორატიული გადაადგილება, შიდა მენეჯმენტის კონფიგურაციის ცვლა, იმ ამოცანებიდან გამომდინარე, რაც აქვს ამა თუ იმ ეტაპზე. ეს იყო მისთვის არა საუკეთესო, მაგრამ იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც მას ჰქონდა, საუკეთესო გადაწყვეტილება. რაც შეეხება სახელმწიფოებრივად, აქ ბევრი არაფერი იცვლება. ის იქნება უფრო ეფექტური, მაგრამ მისი ეფექტურობა მიმართული იქნება არა სახელმწიფოებრივი ამოცანების გადასაჭრელად. იმ მთავარი ამოცანის შესასრულებლად, რასაც ძალაუფლების შენარჩუნება ჰქვია. მორალური თვალსაზრისით, უნდა გვესმოდეს, რომ ერთი მაკო გომურის ჯანრთელობა არ გვიღირს ჩვენ თაობას, ყველას ერთად, არათუ სკამად, არამედ საკუთარ ჯანმრთელობადაც კი. მორალურ პრიზმაში ეს არის კატეგორიულად მიუღებელი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ საპროტესტო ტალღა არ გაჩერდება. იქნება მუდმივად არჩევნებამდე, თავისი პიკებით, მინავლებით და ა.შ. ეს აქციები რაღაც სახეს მიიღებს. ეს იქნება დაპირისპირების ერთ-ერთი ცენტრი. რა ფორმებს მიიღებს, როდის რა მოხდება, არ ვიცი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ოპოზიციაც რამდენად მოახერხებს გადაჯგუფებას და რამდენად გაჩნდება ახალი პოლიტიკური ცენტრები ქვეყანაში”, - დასძენს გია ხუხაშვილი.

ოკუპაციის მავთულხლართები - საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტი / “მტკიცე სული 2019” / მაშველები ტურისტთა უსაფრთხოების სადარაჯოზე / გმირების სახელები საქართველოს მთებში / 307-ე "კობრა" დახმარებას ითხოვდა, მაგრამ ... / 14-თვიანი მკურნალობის შემდეგ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო სამშობლოში დაბრუნდა

“გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ღობის გავლება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თერთმეტი წლის წინანდელი აგვისტოს ომის მძიმე შედეგებს დღემდე ვიმკით. კრემლის ბინადართა დიდი სურვილის შემთხვევაში რუსეთის საოკუპაციო ძალებსა და ადგილობრივი სეპარატისტების ხელმძღვანელობას საოკუპაციო ხაზის ინჟინრული მოწყობა, ღობე-მავთულხლართების გავლების ჩათვლით, აგვისტოს ომიდან ორ-სამ წელშიც შეეძლოთ დაემთავრებინათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს. რატომ? დიდი ალბათობით, იმიტომ, რომ საოკუპაციო ხაზზე მუდმივად მიმდინარე ბორდერიზაცია რუსეთის ხელისუფლებას საუკეთესო პოლიტიკურ ბერკეტს აძლევს, რომლის დროდადრო ამოქმედებით შეუძლია საქართველოში პოლიტიკური ვნებათაღელვის გამოწვევა”, - წერს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N9, სექტემბერი, 2019) სტატიაში სათაურით ოკუპაციის მავთულხლართები - საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტი.

“მოსკოვში კარგად ხედავენ, როდესაც მორიგი რამდენიმე ათეული მეტრი საოკუპაციო მავთულხლართის გავლების შემდეგ, როგორ აქტიურდება ოპოზიცია ამჟამინდელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ უკანონო ბორდერიზაციის შესაჩერებლად აქტიური ზომების მიღების მოთხოვნით. ეს ლოგიკურია, თუმცა გაკვირვებას ისიც იწვევს, რომ სწორედ ამ ოპოზიციის ლიდერების დიდი ნაწილი იყო საქართველოს ხელისუფლებაში მაშინ, როდესაც აგვისტოს ომის ტრაგედია დატრიალდა და მას შემდეგ დაწყებულ საოკუპაციო მავთულხლართების გავლებას ვერც მათ დაუპირისპირეს ქმედითი და ეფექტიანი ხერხი. მაგრამ არსებობს კი ისეთი ხერხები, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის განახლების გარეშე საშუალებას მოგვცემს შევაჩეროთ ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზებზე მავთულხლართების გავლება და მათი “სახელმწიფო საზღვრად” გადაქცევის არასასურველი პერსპექტივა? თუკი არ გვსურს თანამედროვე “ლეკიანობის” გაგრძელება, როდესაც საოკუპაციო ხაზიდან ლამის ყოველკვირეულად საქართველოს მოქალაქეებს გვიტაცებენ “სახელმწიფო საზღვრის” დარღვევის მიზეზით, მაშინ ქართულმა მხარემაც ბევრად უნდა გააძლიეროს საოკუპაციო ზოლის გაკონტროლება პატრულირებისა და ვიდეომონიტორინგის (დღე-ღამის მთელ პერიოდში) ფართო გამოყენებით”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს ძვირად ღირებული ქმედებები, სავარაუდოდ, შეამცირებს მოქალაქეების გატაცებას, თუმცა ხელს ვერ შეუშლის მავთულხლართების გავლებას - ქართველ პოლიციელებს როგორც დღეს, ისევე მოუწევთ სევდიანი თვალებით იმის ყურება, თუ როგორ გვაჭრინ ქართულ მიწას. თუმცა, მეორე მხრივ, თუკი გვექნება მაღალი ხარისხის ვიდეომონიტორინგის ტექნიკური საშუალებები, მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, როგორ ცდილობენ შეიარაღებული ოკუპანტები და სეპარატისტები მშვიდობიანი მწყემსისა თუ სოკოს მკრეფავის დატყვევებას, ხოლო თუკი ასეთი ჯგუფი ქართულ სოფელში შემოიჭრა (რისი არაერთი მაგალითიც ყოფილა), მათი დაკავებაც შეიძლება ვიდეოფაქტების დაფიქსირებით. თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ ასეთი ვიდეოფირი კრემლისთვის სულერთი იქნება - თუ პუტინის რეჟიმი მოინდომებს, გამოძებნის საბაბს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გაგრძელების გასამართლებლად”, - განაგრძობს გამოცემა.

“სწორედ იმის შიში, რომ საქართველოს რუსეთმა ახალი ომი არ გაუმართოს, ყველაფრის თავიდათავია - ოღონდ არ იყოს ომი და პროტესტს პროტესტზე განვაცხადებთო, ფიქრობენ მთავრობაში, ჩვენ კიდევ ერთხელ შევშფოთდებით და აღვშფოთდებითო, თავს უქნევენ ევროპასა და ამერიკაში. გვინდა თუ არა ამის აღიარება და დაყაბულება, აგვისტოს ომში მარცხის შედეგს დღემდე ვიმკით და ჩვენს დამცირებას ოკუპანტებისა და სეპარატისტების ლიდერები დიდი სიამოვნებით ახანგრძლივებენ. საზოგადოების ერთ ნაწილში უკვე მომწიფდა აზრი - ავლებენ და ავლებენ საოკუპაციო მავთულხლართებს, არც საქართველოს და არც დასავლეთს არ შესწევს უნარი ეს შეაჩეროს, მაშინ გაავლონ ბოლომდე და თავი დაგვანებონ, მავთულხლართების მეორე მხრიდან ჩვენს მოქალაქეებს მაინც ხომ ვეღარ მოიტაცებენო. ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ბორდერიზაცია იმიტომ მიდის ასე მტკივნეულად, რომ მისგან განსხვავებით, ოკუპირებული აფხაზეთი მდინარე ენგურითაა გამოყოფილი ჩვენგან და იქ მავთულხლართები ქართულ სოფლებს შუაზე ვერ ყოფს, თორემ სხვა მხრივ იქ ოკუპაცია უფრო “წარმატებით” ჩატარდა... P.შ. საინტერესოა, როდის მოვესწრებით იმ დღეს, როდესაც მეჯართეები საოკუპაციო მავთულხლართებსა და ღობეებს დახსნიან ჯართში ჩასაბარებლად”, - დასძენს გამოცემა.

“27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით ჩვენმა ქვეყანამ მორიგ რეგულარულ საერთაშორისო სამხედრო სწავლება Agile Spirit 2019-ს (“მტკიცე სული” 2019) უმასპინძლა. ეს ღონისძიება საქართველოში ზედიზედ უკვე მეცხრედ ჩატარდა. გასულ წლებთან შედარებით მასში ჩართული მონაწილე სახელმწიფოებისა და პირადი შემადგენლობის რაოდენობით წლევანდელი “მტკიცე სული” ყველაზე მასშტაბური იყო. სწავლებაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის (საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა) 3 300-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. სწავლება არა მარტო მონაწილეების რაოდენობით გამოირჩეოდა. “მტკიცე სული 2019” აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში - სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადა, ორფოლოს პოლიგონი, ვაზიანის პოლიგონი და ალექსეევკის სამხედრო ავიაბაზა – მიმდინარეობდა. სწავლება კომპლექსური იყო და გაწერილი სცენარი როგორც საველე, ასევე სამეთაურო-საშტაბო მოქმედებებს ითვალისწინებდა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში “მტკიცე სული 2019”.

“პირადი შემადგენლობის რიცხოვნობასთან ერთად, მასში მონაწილე სამხედრო სწავლება ტექნიკის ტიპებითაც განსხვავებული იყო. საველე ნაწილში ქართული ტანკები T-72, ქსმ-ები “ბე-ემ-პე”-2, “ბე-ტე-ერ”-80-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები, ამერიკული ტანკები M1A2 Abrams-ები, ქსმ-ები Bradley M2A3-ები და ჯავშანტრანსპორტიორი Stryker-ები იყვნენ ჩართული. “მტკიცე სული 2019”-ში საქართველოში წარმოებული სამხედრო ტექნიკაც მონაწილეობდა, კერძოდ, “დელტას” სამედიცინო-საევაკუაციო Didgori MedEvac-ი და ჯავშანმანქანა “დიდგორის” ბაზაზე შემუშავებული ინტეგრირებული ქსელების ავტომობილი. “მტკიცე სულის” მიზანია საქართველოს, აშშ-ისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ თუ კონტრიბუტორ ქვეყნებს შორის სამხედრო მზადყოფნისა და თავსებადობის ამაღლება, მრავალეროვნული გარემოს გათვალისწინებით თავდაცვით-შემტევ ოპერაციებში შეთანხმებული მუშაობა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება. სწავლების დაწყებამდე სამხედრო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის გადმოსროლაც Agile Spirit 2019-ის ერთ-ერთი ნაწილია. მონაწილე სახელმწიფოებმა საკმაოდ მცირე დროში დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკის, ამუნიციისა და საბრძოლო მასალების ტრანსპორტირება მოახდინეს - რეალურ საბრძოლო მოქმედებებში ჯარების სწრაფ და ოპერატიულ გადაადგილებას შორ მანძილებზე დიდი მნიშვნელობა აქვს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საველე მანევრებში მთავარ როლს ქართული, ამერიკული, ბრიტანული, ბულგარული და უკრაინული ქვედანაყოფები ასრულებდნენ. შეტევაზე გადასულ თუ თავდაცვით პოზიციებზე გამაგრებულ ჯარისკაცებს საცეცხლე მხარდაჭერას ჯავშანტექნიკა უწევდა. სანამ სენაკის ბაზაში შერეული კონტინგენტი საშტაბო სწავლებას ატარებდა, ორფოლოს პოლიგონზე ტანკებისა და ქსმ-ების ეკიპაჟები ცოდნას იღრმავებდნენ და დისტანციიდან მტრის პირობით მიზნებს ანადგურებდნენ, ვაზიანში კი ამერიკული Stryker-ები და ქართველი ჯარისკაცები კოორდინირებულ მოქმედებას ამუშავებდნენ. გასულ წელს აღმოსავლეთ საქართველოში ჩატარებული "ღირსეული პარტნიორისგან" განსხვავებით, "მტკიცე სული 2019"-ში ავიაციის მოქმედება მინიმუმამდე იყო დაყვანილი. ამერიკული მხარიდან სწავლებაში მხოლოდ ორი სამედიცინო შვეულმფრენი - HH-60M Black Hawk-ი მონაწილეობდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“9 აგვისტოს Agile Spirit 2019-ის დახურვისადმი მიძღვნილ საჩვენებელ სწავლებაზე კოალიციური შენაერთი მასირებულ იერიშზე გადმოსული მოწინააღმდეგის შეკავება-განადგურებას ისახავდა მიზნად. დაზვერვის აღმოჩენილ მტრის ჯგუფებს ჯერ ორფოლოს მისადგომებთან განთავსებულმა 152 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა DANA-ების ბატარეამ გაუხსნა ცეცხლი, შემდეგ კი მოქმედებაში ტანკები ჩაერთვნენ. ქართულმა თ-72-ებმა და ამერიკულმა Abrams-ებმა მოწინააღმდეგეს ერთდროულად ორივე ფლანგიდან დაარტყეს. საბრძოლო სროლებში ამერიკული 81 მმ-იანი ნაღმსატყორცნები, ქართული ქსმ-ები, Javelin-ისა და “ფაგოტის”-ის ტიპის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები მონაწილეობდნენ”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“ყველა სეზონზე მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაშველებმა საძიებო სამუშაოების შედეგად ამა თუ იმ მთაზე, მყინვარზე, უღელტეხილსა თუ ხეობაში ადგილობრივი ან სულაც უცხოელი ტურისტი იპოვეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მუდმივად შედის ინფორმაცია დაკარგულ ადამიანებზე, რომელთა პოვნა-გადარჩენა მაშველებს უმძიმეს ვითარებაში უწევთ, მით უფრო იმ ადგილას, სადაც სხვადასხვა მიზეზთა, უფრო კი უამინდობის გამო, შვეულმფრენი ვერ ადის. მსგავსი მდგომარეობაა ზღვაზე, სადაც შტორმის დროს დამსვენებლები მაშველების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ და საბანაოდ შედიან. სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალს” მაშველები საინტერესო ისტორიებს უყვებიან”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით მაშველები ტურისტთა უსაფრთხოების სადარაჯოზე.

“შარშანდელთან შედარებით შტორმი ნაკლებად იყო, თუმცა რამდენიმე შემთხვევა მაინც გვქონდა, როდესაც უამინდობის მიუხედავად, დამსვენებლები საბანაოდ ჩადიოდნენ და გადაგვირჩენია. საბედნიეროდ, წელს არც ერთი დამხრჩვალი არ მახსენდება. ურეკის სანაპიროზე იყო შემთხვევა, როცა ერთდროულად 8 კაცი გამოვიყვანეთ... ზოგი არც ითვალისწინებს ჩვენს რჩევას და არც საკუთარ თავზე ზრუნავს, გვეჩხუბებიან კიდეც, თუ არ დაგვიჯერა, ვიძახებთ კრიმინალურ პოლიციას და უკან იხევენ, რადგან პოლიციასთან უსიამოვნებას ერიდებიან. არაერთი შემთხვევა ყოფილა, ხელმძღვანელობა გვატყობინებს, ცუდი ამინდია მოსალოდნელი, შტორმი, მაღალი ტალღებიო და გამოგვაქვს აკრძალვის ბანერები, წითელი ალმები, მაგრამ დილით მაინც გადიან ზღვაში. ამ დროს მაშველები სხვადასხვა ადგილზე არიან გადანაწილებული. ძალიან ხშირად რეკავენ, დახმარება მჭირდება, დამსვენებელი არ მემორჩილებაო. ასეთ დროს როდესაც დაინახავენ კვადროციკლით, მანქანით და სკუტერით მიდიან მაშველები, უკან იხევენ და გვემორჩილებიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სახმელეთო მაშველი ინსპექტორი, კაპიტანი კობა ბიჩინაშვილი.

“რაც შეეხება მთას, ამ ბოლო დროს გომის მთის მიმართულებით მარშრუტია პოპულარული, განსაკუთრებით ახალ წელს უნდათ იქ შევხდნენ. წელს ახალგაზრდების ჯგუფი აჭარიდან - ხულოდან გადმოვიდა და გომის მთაზე კარვებში დაბანკდა, ფერდობს იმ ადგილას ზვავსაშიშია და გავლა არ შეიძლება.. ოთხნი იყვნენ. ორმა გაასწრო, ერთმაც ნაძვზე ასვლა მოასწრო, მეოთხემ, სამწუხაროდ, ვეღარ.... გადარჩენილებმა 112-ში დარეკეს, წელამდე თოვლი იყო, გაუკვალავი. 2-3 კილომეტრის გზას თითქმის 3 საათამდე მოვუნდით. სამწუხაროდ, 24 წლის ბიჭი გარდაცვლილი დაგვხვდა. დიდ ზვავში იყო მოყოლილი,” - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - უცხოელები უფრო ფრთხილები არიან? - პასუხობს:

“პირიქით. თუ გაუთვალისწინებელ სტიქიურ უბედურებას არ ჩავთვლით, ძალიან იშვიათია, რომ ქართველი ახალგაზრდები დაიკარგონ ან დაზიანდნენ. უცხოელები ხშირად მხოლოდ რუკით სარგებლობენ და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები გვერდზე რჩებათ. გასაგებია, რომ ექსტრემალები არიან, მაგრამ სხვა ქვეყანაში ბევრი რამეა მხედველობაში მისაღები. ამიტომ აუცილებელია ადგილობრივის წაყვანა. ხანდახან მიჰყავთ არაპროფესიონალები, რომლებიც ერთი-ორჯერ არიან ნამყოფი ამა თუ იმ ადგილას - ტობავარჩხილი ძალიან რთული ადგილია და მიუხედავად სირთულეებისა, მაინც რისკავენ. ერთხელ ნისლი ჩამოწვა და გიდი, რომელიც ერთხელ, ოღონდ კარგ ამინდში იყო ტობაზე ნამყოფი, დაიბნა და სხვა ხეობაში ჩასულან. ვეღარ ამოვიდნენ და იქ დარჩენაც საშიში იყო. დარეკეს 112-ში, საბედნიეროდ, დროულად ჩავედით და ყველა უვნებელი ამოვიყვანეთ”, - ამბობს კობა ბიჩინაშვილი.

“ამას წინათ უშბაზე პოლონელი წყვილი ავიდა და უამინდობის გამო ვეღარ ჩამოდიოდნენ. წყალი და საკვებიც გამოლეოდათ. ერთ-ერთს ძლიერი ღია მოტეხილობა ჰქონდა, ლახტი გადაუჭერია, თუმცა ჩვენ ხელახლა გავუკეთეთ ყველაფერი. უმძიმეს მდგომარეობაში იყვნენ, თუმცა ერთმანეთს ვერ ტოვებდნენ. ძალიან ცუდი ამინდი იყო, მაგრამ გავრისკეთ და დიდი წვალების ფასად ავედით. როგორც კი მივედით, პირველადი დახმარება აღმოვუჩინეთ და შემდეგ წამოვიყვანეთ. ამასობაში ამინდი გაუარესდა. თოვლი იდო, თან ბარდნიდა და ქარიც უბერავდა. ძალიან მძიმედ მახსოვს ის დღე”, - იხსენებს გამოცემასთან საუბრისას განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი, მაშველი არსენა მაჭარაშვილი და შეკითხვაზე - რა ხდება მაშინ, როდესაც ამა თუ იმ ადგილას შვეულმფრენი ვერ მიდის?” - პასუხობს:

“მაშინ ფეხით შევდივართ. შარშან ჩეხეთის მოქალაქეები გაიჭედნენ მთაში, ამინდი გაუარესდა და ერთ ადგილას იყვნენ გაჩერებული. GPშ-ის საშუალებით გადმოსცეს კოორდინატები და დაახლოებით დღენახევრიანი სიარულის შემდეგ მივაღწიეთ იმ ადგილს. უკვე ძალიან დასუსტებული იყვნენ. წყალი და საკვები ავუტანეთ. ცოტა ხნით დავასვენეთ, შემდეგ კი საკაცით ჩამოვიყვანეთ...

“როდესაც შტორმია, სულ ვეუბნებით, რომ არ შევიდნენ ზღვაში, თუმცა მაინც შედიან. დიდი წვალების შემდეგ რომ ამოვიყვანთ, დარცხვენილები მადლობას და ბოდიშს ერთდროულად გვიხდიან - აქ ადრეც გვიბანავია, მაგრამ არ ვიცოდით, ასეთი საშიში თუ იყოო. არადა, ვუხსნით, შტორმის დროს ზღვაც სხვანაირია, წყალს ქვიშას აცლის, ნუ ენდობით-მეთქი, მაგრამ ვინ გიჯერებს. არაერთი შემთხვევა გვქონია, როცა გონიოში, სარფსა და ქობულეთში არ დაგვიჯერეს, ზღვაში მაინც შევიდნენ და შემდეგ დახმარება დასჭირდათ. კიდევ ერთი პრობლემაა - მშობლების უყურადღებობა. დედისგან 3-4 კილომეტრის მოშორებით გვიპოვია ბავშვი და დედასთან მიგვიყვანია. ამ დროს ის ისტერიკაში იყო, ატირებული გვეუბნებოდა, ბავშვი დამეკარგა, რამდენი ხანია ვეძებო”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მაშველი მანუჩარ წულუკიძე.

“საქართველოს თავდაცის სამინისტროს თავდაცვის ძალების ტოპოგრაფიული სამსახურის თანამშრომლები, რამდენიმე წელია მოგზაურობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს მათი ინიციატივით მწვერვალ დიდი ბორბალოს სიახლოვეს (ფშავისა და თუშეთის გამყოფ ქედზე) ორ უსახელო მწვერვალს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირების ზურაბ იარაჯულისა და გიორგი ანწუხელიძის სახელები. ამ ინიციტიავაზე და სხვა ღონისძიებებზე სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ “არსენალი” ესაუბრა ტოპოგრაფიული სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს დიმიტრი ქართლელიშვილს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით გმირების სახელები საქართველოს მთებში.

“8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომის 4 ვეტერანთან და 9 წლის მოზარდთან ერთად, ვიმოგზაურეთ ბახმაროს მთებში, მაჭუტას ქედის სიახლოვეს, ავედით უსახელო მწვერვალზე, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 2307,5 მეტრია და გვინდა მას “გმირების მწვერვალის” სახელი მიენიჭოს... ეს ტრადიცია არც ისე დიდი ხნის წინ დავამკვიდრეთ, - ტოპოგრაფიული სამსახურის ინიციტიავით, ყოველ გასვლას გვინდა პატრიოტულ-აღმზრდელობითი დატვირთვა მივცეთ. 2018 წლის 21 ნოემბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ჩვენი ინიციატივით მიიღეს გადაწყვტილება და ერთ-ერთ მწვერვალს, საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის სახელი მიენიჭა. ის იყო ქართველი სამხედრო მფრინავი, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების უფროსი ლეიტენანტი, რომელიც აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა. 1993 წლის 13 ივლისს სოხუმის მისადგომებთან სოფელ შრომის ის დაცვაში მონაწილეობდა და მოწინააღმდეგის კოლონაზე შეტევის დროს მისი მოიერიშე Cy-25 ჩამოაგდეს. ზურაბ იარაჯულმა კატაპულტირება მოახერხა, თუმცა, ფრონტის ხაზს მიღმა აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც უარი განაცხადა დანებებაზე, გუმისთის ტყეში მდევართან შეტაკებისას დაიღუპა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დიმიტრი ქართლელიშვილი.

“ასევე, 2018 წლის 7 ნოემბერს, ახმეტის მუნიციპილატეტში მდებარე ერთ-ერთ მწვერვალს, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდა, მისი გმირობის ამბავი შედარებით ახალია. 24 წლის იყო, როდესაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, დაჭრილი ჩაუვარდა ხელთ მოწინააღმდეგეს, თუმცა, რუს ოკუპანტებსა და ოს სეპარატისტებს წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გაუწია. იმ ვითარებაში ისეთი გაუტეხელი საქციელი ძალიან იშვიათია, ეს იყო ნამდვილი გმირობის მაგალითი და ამის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს. წელს 8 აგვისტოს ვიყავით ბახმაროს მთებში, სადაც ერთ-ერთი მწვერვალი “გმირების მწვერვალად” “მოვნათლეთ”. ეს ის ადგილია, სადაც დამსვენებლები და მოლაშქრეები მზის ჩასვლა-ამოსვლას აკვირდებიან. მომავალ წელს ვაპირებთ კონკურსის გამოცხადებას მემორიალური დაფის ესკიზის შესაქმნელად, რომელიც დამუშავებისა და საბოლოო სახის მიცემის შემდეგ, მწვერვალზე დაიდგმება. შეასრულებს რა საინფორმაციო დანიშნულებას, მსურველები შეძლებენ პატივისცემის ნიშნად, იქაურობა მთის ყვავილებით პატივი მიაგონ სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს. იქ უამრავი ადამიანი დადის, როგორც უცხოელი, ასევე ქართველი, რომელმაც შესაძლოა, არ იცოდეს თავისი ქვეყნის გმირების შესახებ...” - განმარტავს თავდაცვის ძალების ტოპოგრაფიული სამსახურის თანამშრომელი.

“სამი შვილი გაზარდეს ავთანდილ და ლილი შუბითიძეებმა, ერთი ვაჟი და ორი ქალი. შვილებს წესიერებისა და პატიოსნების მაგალითს აძლევდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გასჭირვებიათ, მაინც ბედნიერები იყვნენ. ვაჟმა ბავშვობიდან ჯარისკაცობა მოინდომა. ხელი არ შეუშლიათ მშობლებს. გავიდა წლები და ის სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა, საიდანაც მისმა სახელმა მემორიალის კედელზე გადაინაცვლა. ასე დარჩა სამუდამო ჯარისკაცად მამუკა შუბითიძე, 2008 წლის აგვისტოს ომის გმირი, რომელსაც ზურგი არ უჩვენებია მტრისთვის და თანამებრძოლებთან ერთად ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლა. იქ კიდეც რომ არ ყოფილიყო, სახლში მაინც არ გაჩერდებოდა, ისეთი ბავშვი იყო, რომ არ დაიმალებოდაო, – სიამაყით ამბობს დედა და მზერა მონატრებული შვილის ფოტოზე გადააქვს. “კობრას” ეკიპაჟის ტრაგედია 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის პირველივე დღეს - 2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალში, სტალინის ქუჩის 62-ე ნომერთან დატრიალდა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით 307-ე "კობრა" დახმარებას ითხოვდა, მაგრამ ...

“შს სამინისტროს განსაკუთრებული დანიშნულების მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს პირველი ასეულის N307 “კობრას” ექვსკაციანმა ეკიპაჟმა მტერს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია. ლაშა თევზაძე, ირაკლი აბრამაშვილი, მამუკა შუბითიძე, გიორგი მარსაგიშვილი, გიორგი ძირტკბილაშვილი და ზურაბ ბიბილური ბრძოლის ველზე დარჩნენ. ექვსივე სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ. მოვლენები ასე განვითარდა: ცხინვალიდან გამოსული ქართველი მეომრები უკან ჩარჩენილი 17 ქართველი ჯარისკაცის გამოსაყვანად მესამედ შებრუნდნენ. სტალინის ქუჩაზე მათ ჯავშანმანქანას უკანა ნაწილში ჭურვი მოხვდა, საბურავი მოსძვრა და ამოტრიალდა. ბიჭები მანქანიდან გადმოხტნენ, დაჭრილ მეგობარს მხარში ამოუდგნენ და იქვე მდგარ სახლს თავი შეაფარეს. ამის შემდეგ ისინი მტერთან ხელჩართულ ბრძოლაში ჩაებნენ... “კობრას” ქართული ეკიპაჟის სიმამაცესა და თავგანწირვაზე რუსული მედიაც ლაპარაკობდა - რამდენიმე თვეში ერთ-ერთმა რუსმა ჟურნალისტმა ფორუმს.აირბასე.რუ-ზე გამოაქვეყნა” - აღნიშნავს გამოცემა.

“მაქვს სრული აღწერილობა იმისა, თუ რა მოხდა იქ...” - წერს ჟურნალისტი, “ფოტოები მთლიანად ადასტურებს, რომ გამოყენებული იყო ყუმბარსატყორცნი “ერ-პე-გე”-7 და არა ტყვიები. “კობრას” ორი ჭურვი მოხვდა: ერთი - საბურავში, მეორე კი პირდაპირ. მანქანა გადაბრუნდა. გაიხვრიტა ჯავშანკორპუსი, მძიმედ დაიჭრა ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი. ჭურვის ნამსხვრევმა გახვრიტა სკამი, მძღოლის საქარე მინა და გამოფრინდა გარეთ. გააპო მანქანის წინა ნაწილიც. მეომრებმა გადმოიყვანეს დაჭრილი და თავი აფეთქებულ მანქანასთან ახლომდებარე სახლს შეაფარეს. მოწინააღმდეგემ სახლს ალყა შემოარტყა და მათ ჩაბარება შესთავაზა. ქართველები არ დათანხმდნენ, როგორც ჩანს, დახმარების იმედი ჰქონდათ. ერთი საათის განმავლობაში ისმოდა რაციაზე, თუ როგორ ითხოვდნენ ისინი დახმარებას. მოკლედ, იერიშის შემდეგ შენობა დაიწვა. ერთი ქართველი ცეცხლმოკიდებული სახლიდან სახურავზე აძვრა და შესასვლელისკენ ისროდა. ის იქვე დაიღუპა. დაიღუპა დანარჩენი ხუთიც”. ეს არის ერთ-ერთი ვერსია, რომელიც “კობრას” ბიჭების ტრაგედიას გადმოსცემს. მამუკა შუბითიძე ერთ-ერთია ეკიპაჟიდან. მისი ცხედარი ერთი წლის შემდეგ იქნა იდენტიფიცირებული. ჯარისკაცი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განისვენებს, თუმცა დედას პატარა ეჭვი მაინც უღრღნის გულს...” - განაგრძობს გამოცემა.

“მამუკა 1984 წლის 26 აპრილს დაიბადა მარნეულის სოფელ ორჯონიკიძეში, ახლანდელ საიმერლოში... ძალიან კარგი ბავშვი იყო, წყნარი და კეთილი. მეგობრისთვის დაუფიქრებლად გაწირავდა თავს. ზედმეტი არაფერი ვარგა-მეთქი, ვეტყოდი ხოლმე. იმდენად კეთილი იყო, თავად რომ გაჭირვებული ყოფილიყო, სხვას მაინც დაეხმარებოდა. ბავშვობიდან უყვარდა სპორტი, განსაკუთრებით ფეხბურთი და დადიოდა კიდეც. უნდოდა სერიოზულად გაჰყოლოდა, მაგრამ მატერიალური მდგომარეობის გამო ხელი ვერ შევუწყვეთ. როდესაც სოფლებში უბნებს შორის შეჯიბრება გაიმართებოდა, ყველას სურდა მამუკას მის გუნდში ეთამაშა. მისი გუნდი ყოველთვის იგებდა. არანაირ შრომას არ თაკილობდა. ჩვენ გვერდით შრომობდა და მიწის დამუშავებაშიც გვეხმარებოდა. ჯარისკაცობაზე ოცნებობდა...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას მამუკა შუბითიძის დედა, ლილი შუბითიძე.

“... ივლისში კოდორში წაიყვანეს, ორ კვირაში უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ თვეზე მეტი გააჩერეს, იქიდან პირდაპირ ომში წაუყვანიათ. ბოლოს 7 აგვისტოს ველაპარაკე. მითხრა, ჩვენ არ გაგვიყვანენ, შეიძლება ტელეფონები გაგვითიშონ და არ ინერვიულოო. ცხინვალში მესამედ შებრუნებულან. დაჭრილი ჯარისკაცები ყოფილან დარჩენილები თავიანთი მეთაურიანად, შველას ითხოვდნენ თურმე, არ ევალებოდათ, მაგრამ საშველად მაინც შევიდნენ. ვიღაცას უთქვამს, ცხინვალი რუსებით გაივსო და აღარ შეხვიდეთო. აბა, ჩვენები შიგნით დავტოვოთო, აღშფოთებულან. ისინი კი გამოიყვანეს, მაგრამ თვითონ შიგნით დარჩნენ, თურმე სნაიპერები ესროდნენ. ამათი მანქანა ბოლოში ყოფილა. როგორც ამბობენ, 8 აგვისტოს, დილის 11 საათზე მომხდარა ეს ამბავი, “მაგთის” ოფისიდან დანარეკები ამოვიღეთ. იქ ჩანს, რომ ჩემი შვილის ტელეფონის ნომრიდან საღამოს შველას ითხოვდნენ. ამხანაგებს ურეკავდნენ, აქ ვართ და გვიშველეთო. თუ დაწყდნენ, საიდან იყო ეს ზარები?! 8-ში რომ აღარ გვპასუხობდა, ძებნა დავიწყეთ. მკვდარი მაინც არ დაგვეკარგოსო, მიცვალებულებშიც ვეძებეთ. სამ-ოთხ დღეში კიდეც გვითხრეს, ცხინვალში დაიხოცნენო. მათთან ერთად გორელი აბრამაშვილი იყო, მისიანებმა სურათებიც კი გამოიტანეს ცხინვალიდან. სურათზე ჩანს, რომ „კობრას~ საბურავი ჰქონდა მოწყვეტილი. ის შემდეგ მოსკოვში წაიყვანეს”, - ამბობს ლილი შუბითიძე..

“იქაურებმა გვითხრეს, მანქანიდან გადმოსული ჯარისკაცები ერთმანეთის დახმარებით სახლში შესულან. იმ ღამეს იქ დარჩნენ, მეორე დღეს კი გაიყვანეს, მკვდრები იქ არავინ გვინახავსო. არც ჩემი შვილი უნახავს არავის მკვდარი. ერთი წლის შემდეგ დეენემის პასუხი მოვიდა, თითქოს ჩემი შვილის დეენემს დაემთხვა და მუხათგვერდში დაასაფლავეს. რა დაგიმალოთ და, ერთი პროცენტი იმედი მაინც მაქვს, რომ ცოცხალია. მანამდე უცხოეთიდან ზარები შემოდიოდა, მაგრამ ხმას არავინ იღებდა. ამის შესახებ როგორც კი განვაცხადეთ, მეორე დღესვე დაიბლოკა ტელეფონის ნომრები, რა მოხდა, არ ვიცი”, - გვიყვება დედა, რომელსაც გულის სიღრმეში პატარა იმედი მაინც აქვს, რომ მისი შვილი ცოცხალია. თუმცა 11 წელიწადი ის დროა, რომელსაც ყოველგვარ ეჭვზე უნდა გაეცა პასუხი. ღმერთმა ქნას, დედის წინათგრძნობა გამართლდეს, მანამდე კი იმის თქმა შეიძლება, რომ მამუკა შუბითიძე, თავის ხუთ თანამებრძოლთან ერთად, უკვდავია და ეს უკვდავება იქამდე გაგრძელდება, სანამ საქართველო იარსებებს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

““2017 წლის 6 სექტემბერს, მაშინ, როცა ქართულმა კონვოიმ პატრულირება დაასრულა და ჯარისკაცები ბაზისკენ ფეხით მიემართებოდნენ, ბაგრამის ავიაბაზის შესასვლელიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით, თვითმკვლელი ტერორისტი ქართველ ჯარისკაცებს მოტოციკლით მიუახლოვდა და თავი აიფეთქა. მძიმედ დაიჭრა 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ლეიტენანტი, ხონის რაიონის სოფელ ქუტირის მკვიდრი ივერი ბუაძე. მან მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგა. ბაგრამის ავიაბაზაში ქართველ ლეიტენანტს თავის და კიდურების არეში სამი ოპერაცია ჩაუტარდა და შემდეგ ჯერ გერმანიაში, ლანდშტულის რეგიონალური ჰოსპიტლის რეანიმაციაში, იქიდან კი ამერიკაში გადაიყვანეს... ივერი ბუაძეს 60-ზე მეტი ოპერაცია დასჭირდა, თუმცა ცხოვრებას შემართებით განაგრძობს, “არსენალი” სამშობლოში დაბრუნებულ ლეიტენანტს ესაუბრა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით მემკვიდრეობითი პროფესია – ჯარისკაცი / 14-თვიანი მკურნალობის შემდეგ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო სამშობლოში დაბრუნდა.

“2011 წელს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ჩავირიცხე. ასე დაიწყო ჩემი კარიერა შეიარაღებულ ძალებში. 2015 წელს დავასრულე სწავლა და მსახურება გავაგრძელე სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეორე ასეულში ოცმეთაურად. დაახლოებით ორი წლის შემდეგ, 2017 წლის აპრილში, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მომიწია წასვლამ. ვმსახურობდი ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საჰაერო ბაზაზე, შიდა და გარე უსაფრთხოების დაცვა გვევალებოდა. მაგალითად, ვუზრუნველყოფდით გამშვები პუნქტების, ასევე ბაზის გარე პერიმეტრის უსაფრთხოებას. მე, როგორც ოცეულის მეთაურს, პატრულის უფროსობა მიწევდა. ასევე მევალებოდა მალიკებთან, ანუ სოფლის უხუცესებსა და მოლებთან შეხვედრა-მოლაპარაკება, ჩვენი ნაწილების არაპირდაპირი ცეცხლისგან დაცვა და საეჭვო პირებისგან შემდგარი დაჯგუფებების აყვანა, იმ სახლებში შესვლა, სადაც არსებული ინფორმაციით, საეჭვო პირები ან სულაც ტერორისტები ცხოვრობდნენ... მოლებსა და მალიკებს ძირითადად იმაზე ვესაუბრებოდით, თუ რა მნიშვნელობა აქვს კოალიციური ძალების სამშვიდობო მისიას ავღანეთისთვის. ზოგს ესმოდა ავღანეთის კოალიციური ძალების მნიშვნელობა, ზოგი ღიზიანდებოდა. მოლასა და მალიკს მუსლიმანურ სამყაროში ძალიან დიდი გავლენა აქვს, პრაქტიკულად, მათი დადგენილი წესებით ცხოვრობენ, თუ ყოველთვის არა, ძალიან ხშირად იღებენ გადაწყვეტილებას სხვების ნაცვლად”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ივერი ბუაძე.

“იყვნენ ისეთები, ვისაც ესმოდა, თალიბებმა რა ზიანი მიაყენეს ქვეყანას ან რისი გაკეთება შეუძლიათ მომავალში, არიან ისეთებიც, ვისაც ცნობიერებაში ჩაბეჭდილი აქვს, რომ ეს ომი მათთვის იგივე “ჯვაროსნული ომია” და რაც მეტ ქრისტიანს გამოასალმებენ სიცოცხლეს, მეტი შანსი აქვთ, სამოთხეში მოხვდნენ. სამოქალაქო განათლება ძალიან დაბალია და მოსახლეობას იმის სჯერა, გარშემო რა რეალობაც არის... რაც შეეხება ჩემს დაჭრას, ბაგრამის ბაზიდან 3-4 კილომეტრში ავღანური ტრაილერებისთვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილია. ამერიკელებს ბაზის ასაშენებლად საჭირო მასალა ავღანელებს ტრაილერებით შეჰქონდათ. თავდაპირველად, პარკინგზე დგებოდნენ, შემდეგ მას საპატრულო, ანუ ჩემი ქვედანაყოფი პირველად შემოწმებას უტარებდა. შემდეგ სკანირებას გამშვებ პუნქტზე გადიოდნენ და ბაზაში შესვლის ნებართვას იღებდნენ. როდესაც ჩემი საპატრულო ქვედანაყოფი ვიზუალურ შემოწმებას ატარებდა, თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა. ჩემთან ერთად სერჟანტი და კაპრალი დაშავდნენ. ორივე გერმანიაში ამერიკულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ერთ-ერთს ყურის ოპერაცია გაუკეთეს, მეორეს კი ფეხზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, საბედნიეროდ, ამპუტაციის გარეშე, მე ამერიკის შეერთებულ შტატებში გადამიყვანეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“იმ დღეს მარჯვენა თვალი და ქვედა კიდური დავკარგე. ყველა ფიქრობდა, რომ მხედველობა ორივე თვალში დავკარგე, რადგან მარცხენა თვალიც დაზიანებული მქონდა, თუმცა კომიდან გამოსვლის შემდეგ ცალი თვალით დავინახე და ეს ჩემთვის სასწაული იყო. ამერიკელი ექიმები გაოცებული იყვნენ, რადგან თავის ტვინიც დაზიანებული მაქვს, ამის მიუხედავად, ყველაფერი მახსოვს, სხვა ტრავმების მიუხედავად, ყველა დეტალს ვიხსენებ და რაც მთავარია, გამოჯანმრთელებისკენ მივდივარ. 14 თვეს ვმკურნალობდი, სულ 62 ოპერაცია ჩამიტარდა, მათ შორის თვალსა და ფეხზე. მარცხენა თვალში ოპერაციის შემდგომ მხედველობა სრულად აღმიდგა. ექიმების თქმით, ასეთი შედეგი იშვიათია, ასეთი დაზიანების შემდეგ, სულ მცირე, მახსოვრობა მაინც იკარგებაო, მე კი ყველაფერი მახსოვს და ფსიქიკაც ნორმალური მაქვს, მეხსიერებაც ძალიან კარგი. უმეტეს შემთხვევაში, პაციენტი ცხოვრებას პარალიზებული, მწოლიარე განაგრძობსო, თუმცა მე ძალიან აქტიური ვარ, მინდა სხვადასხვა შეჯიბრებაში მივიღო მონაწილეობა, მაგისტრატურაში ჩაბარებასაც ვაპირებ”, - ამბობს ქართველი სამხედრო.

“ჩემთვის ცხოვრება არ გაჩერებულა. იმდენი რამ გადავიტანე, რომ თავს მოდუნების უფლებას ვერ მივცემ და ყველა იმ გეგმას, რაც დავისახე, აუცილებლად შევასრულებ. ხანდახან ვფიქრობ, ისეთ რამეებს გადავურჩი, კიდევ რა უნდა მელოდებოდეს ისეთი, რომ შემაშინოს და გამტეხოს, რახან ღმერთმა სიცოცხლე მაჩუქა, გაჩერების უფლება არა მაქვს. ვაპირებ ოჯახი შევქმნა, ვიმუშაო, ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვიყენო. ჩვენს ოჯახში ყველა სამხედრო პირი იყო, ანუ მემკვიდრეობითი საქმეა: ბაბუაჩემის მამაც სამხედრო იყო, პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა. ბაბუამაც საბჭოთა არმიაში იმსახურა, სამხედრო ავიაციაში, მოსკოვის დაცვაში მონაწილეობდა. ჩემი ძმაც, რომელიც ჩემზე უფროსია, დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს და მეც არ მიფიქრია დიდხანს, რა პროფესიას ავირჩევდი. დღემდე ვირიცხები არმიაში და დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილიც სამხედრო იქნება”, - დასძენს ივერი ბუაძე.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს