15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი მიიჩნევს, რომ ჩოლოიანის მიმართ უკმაცრესი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვება უსამართლო გადაწყვეტილებაა.
როგორც გაგი მოსიაშვილი განმარტავს, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სასამართლომ დაცვის მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.
„მარიანა ჩოლოიანის მიმართ შესაძლებელი იყო დამატებითი შეზღუდვების გამოყენება, რომელთაც კანონმდებლობა ითვლისწინებს. თუმცა, სასამართლომ ამ კუთხით დაცვის მხარის დასაბუთებული პოზიცია არ გაითვალისწინა და ბრალდების მხარის მხრიდან დაუსაბუთებელი პოზიცია, რომ პირმა შესაძლოა ხელახალი დანაშაული ჩაიდინოს, ამგვარი შაბლონური პოზიცია გაიზიარა სასამართლომ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა. თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას და ჩვენი მიზანია საზოგადოებამ, სასამართლომ ობიექტური დამკვირებლის როლში მოისმინოს ამბავი.
დაცვის მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებების დასაშვებობის ნაწილში სრულად იქნა დაკმაყოფილებული. აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებს მარიანა ჩოლოიანის უდანაშულობას. ბრალდების მხარემ დღემდე სასამართლოში მხოლოდ ერთადერთი დაინტერესებული პირის ჩვენება წარმოადგინა. ეს ხდება მარიანა ჩოლოიანის მიმართ ბრალის წარდგენის სახელმძღვანელო.
დაცვის მხარეს მტკიცებულებების სახით აქვს ნეიტრალური მოწმეთა ჩვენებები, ასევე თავად ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელსაც ობიექტურ დამკვირებელთან ერთად სწორი, სამართლებრივი შეფასება სჭირდება. ჩვენ არ უნდა ავყვეთ საზოგადოების ემოციებს. სამართლებრივად საჭიროა, სწორად შეფასდეს ის ბრალდება, რაც წარდგენილი აქვს დაუსაბუთებლად მარიანა ჩოლოიანს“, - განაცხადა მოსიაშვილმა.
ამასთან, ადვოკატი ბრალდებული გამომძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დეტალურად არ საუბრობს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტი პერსონალურია. თუმცა, დასძენს, რომ მარიანა ჩოლოიანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, როგორც საქმის პროკურორმა ლევან ქუთათელაძემ განაცხადა, მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ საქმეზე არსებობს კონკრეტული საფრთხეები, რომლებმაც შესაძლოა, სამართალწარმოებას ხელი შეუშალოს. მათ შორის, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ არსებობს ჩოლოიანის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.