პრეზიდენტი - უმადურობასა და თვითგვემაში ჩაკარგულები ვერ ვაფასებთ, თუ რამდენ წარმატებას მიაღწია საქართველომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში

უმადურობასა და თვითგვემაში ჩაკარგულები ვერ ვაფასებთ, თუ რამდენ წარმატებას მიაღწია საქართველომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა თავის მოხსენებაში იმ პროგრესზე ისაუბრა, რასაც საქართველომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით მიაღწია. მან, ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოსა და ამერიგის შეერთებული შტატების პარტნიორობას.

„პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება საკუთარი თავის დანახვა და შესაძლებლობების რეალურად შეფასება. უმადურობასა და თვითგვემაში ჩაკარგულები ვერ ვაფასებთ, თუ რამდენ წარმატებას მიაღწია საქართველომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. დამოუკიდებლობის აღდგენიდან არ გასულა 30 წელი და უკვე ვდგავართ ევროპის კართან, როგორც მოწინავე ასოცირებული წევრი. როცა რეფერენდუმის შედეგებსა და სამფეროვანი დროშის აღმართვას ვზეიმობდით, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ, ისტორიისთვის ამ მოკლე პერიოდში, საქართველო ევროკავშირთან თავისუფალ მიმოსვლასა და თავისუფალ ვაჭრობას მიაღწევდა და გახდებოდა ნატოსათვის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და დაფასებული პარტნიორი. ვერ წარმოვიდგენდით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდებოდა ისეთი მასშტაბის ნატოს წვრთნები, როგორიც უკვე ყოველწლიურად იმართება, და ისეთი მნიშვნელობისა, როგორიც წელს იგეგმება. ვერ წარმოვიდგენდით, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებდა არა მხოლოდ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, არამედ ამ მისიებში სამხედრო პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობის მაღალი დონით გამორჩეული გახდებოდა. დღეს ჩვენი ქვეყნისთვის გამოცხადებული დიდი ნდობის დასტურია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი. 30 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ საქართველო გახდებოდა ღირსეული წევრი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა, რომელიც დღეს რეგიონულ თუ გლობალურ გამოწვევებს უმკლავდება. ზოგჯერ თუ გვაკრიტიკებენ, ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ საქართველო ერთ-ერთ მოწინავე პარტნიორადაა მიჩნეული, რომლისგანაც, ბუნებრივია, მოლოდინიც მეტია,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო