მიხეილ ჩხენკელი - ძალიან დიდია ამერიკის, როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორის როლი საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარების კუთხით

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს უმასპინძლა. შეხვედრას აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე ჯულიუს ცაი ესწრებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში არსებული ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავებისა და გაფართოების შესაძლებლობებს.

მიხეილ ჩხენკელმა კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად ამერიკული მხარის მიერ მრავალწლიანი თანამშრომლობისა და გაწეული დახმარებისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა USAID-ის მიერ 7 მილიონი დოლარის ღირებულების მასშტაბური პროექტის განხორციელების მნიშვნელობას. Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT) - პროექტი გულისხმობს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაწყვეტისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, USAID-ის მიერ განხორციელებული უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტს გააძლიერებს. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო Fulbright-ის პროგრამას, რომელიც USAID-ის 7 მილიონ დოლარიანი პროექტის ფარგლებში გაფართოვდება და დაემატება „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტის“ (ETA) კომპონენტი, რომლის მიზანია რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერა.

„ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან ერთად განვიხილეთ ის ერთობლივი პროგრამები, რომელთაც ვახორციელებთ ჩვენს მთავარ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. ძალიან დიდია ამერიკის როლი საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარების კუთხით. როგორც მოგეხსენებათ, USAID-ის ახალი 7-მილიონიანი გრანტი მოხმარდება ჩვენს განათლების სისტემას. ეს, რასაკვირველია, ძალიან დიდ როლს ითამაშებს განათლების სისტემის ახალ საფეხურზე გადასაყვანად და განათლების რეფორმის ფარგლებში იქნება ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა. ჩემთვის, როგორც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმაგი მოქალაქისათვის, განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა ამერიკელი ხალხის დახმარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების საქმეში”, - განაცხადა მინისტრმა.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქმიანობა საქართველოში. განსაკუთრებულად აღინიშნა ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სან-დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამების საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში დანერგვის მნიშვნელობა.

„არაჩვეულებრივი შეხვედრა მქონდა მინისტრთან. ჩვენ გვაქვს ძალიან ფართო და ნაყოფიერი თანამშრომლობა სამინისტროსთან სხვადასხვა მიმართულებით: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში. მინისტრთან განვიხილეთ გზები, თუ როგორ გავაფართოვოთ თანამშრომლობა. ვფიქრობ, რომ USAID-ის ახალი ინიციატივა განათლების მიმართულებით, რომლის ბიუჯეტი 7 მილიონი დოლარია, ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ზოგადი განათლების გაუმჯობესების კუთხით. ეს პროექტი ასევე კარგად მიესადაგება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურისა და სკოლების რეაბილიტაციის პროექტებს. ასე რომ ეს არის ძალიან კარგი მოდელი განათლების სისტემის გასაძლიერებლად საქართველოში.“- განაცხადა კელი დეგნანმა.

მიხეილ ჩხენკელმა აშშ-ის ელჩს სრული ინფორმაცია მიაწოდა მსოფლიო დონის მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ, რომელიც სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბრიდან მიიღებს. მის დასაარსებლად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა 1 მილიარდი ევროს ქველმოქმედება განახორციელა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და მისმა კონცეფციამ ელჩის დიდი ინტერესი გამოიწვია.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შექმნისთანავე ინტენსიურად თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან უნივერსიტეტებთან და სწორედ მათთან ერთად შეიქმნა ის აკადემიური პროგრამები, რომლითაც უნივერსიტეტი ოპერირებას დაიწყებს.

ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველ პროფესორებთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავენ პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, მათ შორის აშშ-დან. ამგვარი ინტერნაციონალური მიდგომის შედეგად უნივერსიტეტი განათლებისა და მეცნიერების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდება.

მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრიც დაარსდება, რომელიც ასევე "ქართუ ფონდის" მიერ არის დაფინანსებული. ადრონული თერაპიის ცენტრში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში თანამედროვე კვლევები განხორციელდება. ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან ცნობილი მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა კვლევითი ცენტრებიდან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების შესახებ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მიმართულება სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან ის მჭიდროდ არის დაკავშირებული დასაქმებასთან. მან იმედი გამოთქვა, რომ ამერიკული მხარე აქტიურად ჩაერთვება საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების პროცესში ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით.

საუბარი ასევე შეეხო ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების აუცილებლობას განათლების ყველა საფეხურზე, როგორც მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის, ასევე პედაგოგებისათვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ უფრო მეტ გაცვლით პროგრამას განახორციელებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით. მხარეებმა შეხვედრისას ასევე განიხილეს კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები. კელი დეგნანმა ამ მიმართულებით მთავრობის მუშაობა დადებითად შეაფასა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოსთან თანამშრომლობას სამაგალითო უწოდა და ახალი პროექტების განხორციელებისთვის მზადყოფნა გამოხატა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო