ადვოკატი - ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე, ყველა სირთულის მიუხედავად, ძალიან მოცულობითი სამუშაო ჩატარდა

ცოტნე გამსახურდიას ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიების მხრიდან ძალიან მოცულობითი სამუშაო ჩატარდა. ამის შესახებ ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ ამავე საქმეზე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, დღეს მასსა და საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს შორის გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განიხილეს.

„მინდა აღვნიშნო, რომ იმ გარემოებების და სირთულეების გათვალისწინებით, რაც ამ საქმეს ახლდა, კერძოდ, ის, რომ თვითონ ცოტნე გამსახურდიამ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ობიექტურად ვერ შეძლო გამოძიებასთან ეთანამშრომლა და მიეწოდებინა სრულფასოვანი, ამომწურავი ინფორმაცია, როგორც კონფლიქტის მიმდინარეობასთან, ისე მონაწილე პირებთან დაკავშირებით; ასევე იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, ჩვენ საზოგადოებაში ჯერ კიდევ პრობლემად რჩება მოქალაქეთა თვითშეგნება იმაზე, რომ აქტიურად ითანამშრომლონ გამოძიებასთან, ამ ყველა სირთულის მიუხედავად ძალიან მოცულობითი სამუშაო ჩატარდა. საქმეზე საგამოძიებო მასალა 11 ტომია. საქმე გაგზავნილი სასამართლოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ პირთა მიმართ, ვინც პასუხისგებაში არიან მიცემული ცოტნე გამსახურდიაზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლო მიიღებს მკაცრ და კანონიერ გადაწყვეტილებას და ეს პირები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან“, - განაცხადა გიგუაშვილმა.

მისი თქმით, ის ვერ იტყვის, გამოძიებით კმაყოფილია, თუ უკმაყოფილო, რადგან „თვითონ ცოტნე გამსახურდიას პოზიცია არის გადამწყვეტი“.

„იმედი მაქვს, ეს პოზიცია გაჟღერდება, როცა ცოტნე ამას შეძლებს. დღეის მოცემულობით ვიტყვი, რომ ვრცელი და მოცულობითი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა“, - აღნიშნა ამირან გიგუაშვილმა.

რაც შეეხება კითხვის ნიშნებს, ზოგადად, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ადვოკატის განმარტებით, გამოძიება დასრულდა იმ პირების მიმართ, ვინც უკვე პასუხისგებაში არიან მიცემული, ხოლო ცალკე გამოძიება მიმდინარეობს, იმ ვერსიებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა, ამ საქმეში არსებობდეს

„ვფიქრობ, რომ პროკურატურის მიერ მართებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული და გრძელდება გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რათა გამოვლინდეს ყველა ის შესაძლო მტკიცებულება, თუ გარემოება, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელთა დაკავშირებითაც შეიძლება, მე, როგორც ადვოკატს ასევე კითხვები მქონდეს. ამიტომ, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და მიმდინარეობს გამოძიება. როდესაც ცოტნე გამსახურდია გამოძიებასთან თანამშრომლობას შეძლებს, ვიმედოვნებ, რომ ამ ყველა კითხვას, რომელიც დღეს არსებობს, ჩემთვის როგორც ადვოკატისთვისაც, მათ შორის, პროკურატურისთვისაც გაეცემა პასუხები მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ამ ეტაპზე გამოძიება დასრულებულია პასუხისგებაში მიცემული პირების მიმართ, ხოლო სხვა პირების მიმართ, რომელიც შიძლება, ამ საქმეში მონაწილეობდნენ, მიმდინარეობს გამოძიება და იმედი მაქვს, რომ თავის დროზე ყველაფერს პასუხი გაეცემა. ეს გამოძიება ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, რადგან ყველა კითხვას პასუხი გაეცეს“, - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა