ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსაჯვრდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატის ზურაბ თოდუას განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობდა, კალანდია შეუძლოდ გახდა, ის პროცესს დისტანციურად ესწრებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზურაბ თოდუა „ინტერპრესნიუსს“ ესაუბრა.
ადვოკატის თქმითვე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა დაცვის მხარის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილეს და მათ კალანდიას საქმე არ აიცილეს.
როგორც თოდუა აღნიშნავს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლომ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„მიხეილ კალანდია პროცესს დისტანციურად დაესწრო, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ, მან შეუძლოდ იგრძნო თავი და ონლაინ რეჟიმიდან მოსამართლის თანხმობით გავიდა. ონლაინის ნაწილში სასამართლო ნამდვილად ეცადა მის წარმოდგენას სხდომაზე, მაგრამ სასჯელაღსრულებამ განაცხადა უარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკონვენციით გარანტირებული უფლება დაირღვა - ასეთ რეჟიმში მე, დაცვას არ მეძლევა შესაძლებლობა რაიმე ისეთი კითხვა დავუსვა კლიენტს, რომელიც არ მინდა მოისმინოს სასამართლომ, პროკურორმა და სასჯელაღსრულების ჩინოვნიკმა, რომელიც მას ამ ლაივის დროს თავზე ადგას. ასევე, პირიქითაც, მას რომ წარმოეშვას ასეთი მოთხოვნილება ის იძულებულია, კონფიდენციალობის თითქოსდა გარანტირებული უფლების ვერგამოყენების გამო, საჯაროდ განაცხადოს, თუ რაიმე შეკითხვა აქვს დაცვასთან.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ, მიხეილ კალანდიას სააპელაციო საჩივრის საქმეზე არ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკითხული ყველა (150) მოწმის ხელახლა დაკითხვის თაობაზე.
დაცვის მოთხოვნა ემყარებოდა მის ხელთ არსებული სხდომის ვიდეოჩანაწერებს, რომლითაც უტყუარად დასტურდება რომ მოსამართლე ნ. მარსაგიშვილი სხდომების მიმდინარეობის მთელი პერიოდის განმავლობაში საერთო ჯამში 8 საათის განმავლობაში არ ასრულებს მოსამართლეზე დაკისრებულ ფუნქციებს, ანუ არ უსმენს მოწმეების, ექსპერტებს, ასევე არ უსმენს პროკურორს, ადვოკატებს. იგი მთელი ამ დროის მანძილზე დაკავებულია სოციალური ქსელით კომუნიკაციით, არის მიმოწერებში სხვადასხვა აბონენტებთან, ათვალიერებს ფოტოსურათებს, უფრო მეტიც, უკანონოდ ახორციელებს დახურული სხდომის ტრანსლაციას მისი მობილური ტელეფონის მეშვეობით.
ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარით, ფაქტობრივად სააპელაციო სასამართლომ ძალიან მავნე პრაქტიკა შექმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი რანგის მოსამართლე, რომელიც არ უსმენს მოწმეების, ექსპერტების ჩვენებების და არ აინტერესებს პროკურორისა და ადვოკატის პოზიციები საქმეზე, თამამად შეუძლია სხდომებზე მხოლოდ ფორმალურად იჯდეს, გაერთოს სოცქსელით, ათვალიეროს მაგიდის ქვეშ და სხვა მდგომარეობაში ფოტომასალები და განაჩენზე მოაწეროს ხელი მისი საკუთარი შინაგანი რწმენისა და მტკიცებულებების ობიექტურად შეფასების გარეშე.
ამ ყოვლად უმსგავსო გადაწყვეტილების მიღების გამო, აცილება განვუცხადე მთელ შემადგენლობას, მაგრამ არც ეს შუამდგომლობა იქნა დაკმაყოფილებული. სავარაუდოდ, მოსამართლეებს ნ. სანდოძეს, მ. ხოლუაშვილს, ი. მაჭავარიანს მყარი გარანტიები აქვთ მიღებული სახელისუფლო ეშელონებიდან იმ პოლიტიკური ძალების მიერ, რომლებმაც ფაქტობრივად მიაღებინეს მოსამართლე ნ. მარსაგიშვილს განაჩენი მიხეილ კალანდიას მიმართ“, - აცხადებს თოდუა.