სალომე სამადაშვილი - თუ დავინახავთ ხელისუფლების მხრიდან შესაბამის ნაბიჯებს, მზად ვართ, გადავხედოთ ჩვენს გადაწყვეტილებას და შემდეგ მოსმენებზე მხარი დავუჭიროთ ცვლილებებს

თუ დავინახავთ ხელისუფლების მხრიდან შესაბამის ნაბიჯებს, მზად ვართ, გადავხედოთ ჩვენს გადაწყვეტილებას და შემდეგ მოსმენებზე მხარი დავუჭიროთ ცვლილებებს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა მედიასთან განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ მიესალმება სხვა ფრაქციების გადაწყვეტილებას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება კენჭისყრაში მათი მონაწილეობით დააზღვიონ. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი გადაწყვეტილებით ეცდება ხელისუფლებაზე ზეწოლა გაზარდოს, რათა ხელი შეეწყოს ნორმალურ პოლიტიკური პროცესებს ქვეყანაში.

"ჩვენ გუშინ გვიან ღამემდე ვაწარმოებდით კონსულტაციებს როგორც პარტიის შიგნით, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ შეგვექმნა სრული სურათი, თუ რა ბედი ელოდება 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, რადგან იცით, რომ ამ შეთანხმების ყველა პირობა დღემდე არ არის შესრულებული და პოლიტპატიმარი გიორგი რურუა რჩება საპყრობილეში. ამავე დროს, ჩვენთვის და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მივცეთ შესაძლებლობა დღეს ჩააგდოს მორიგ ჯერზე საკონსტიტუციო ცვლილებები და მორიგ ჯერზე მოატყუოს ქართველი ხალხი და ჩვენი საერთაშორისო საზოგადოება. ამიტომ პირველ რიგში ვიტყვი, რომ კარგია, რომ სხვა ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს დააზღვიონ საკონსტიტუციო ცვლილებები და დღეს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერენ აღნიშნულ ცვლილებებს. ამავე დროს, სანამ 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი არ არის შესრულებული, ქვეყანაში გვყავს პოლიტპატიმრები, ჩვენ არ შეიძლება ვისაუბროთ რაიმე სახის წინსვლაზე ქვეყანაში დემოკრატიის თვალსაზრისით და ქვეყანა რჩება მძიმე პოლიტიკურ კრიზისში. სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია და მისი ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. თუმცა, თუ რაიმე შეიცვლება შემდეგ მოსმენებამდე, ჩვენ რა თქმა უნდა, გადავხედავთ ჩვენს გადაწყვეტილებას. მიგვაჩნია, რომ ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც რთული მისაღები იყო, დაგვეხმარება და დაეხმარება ქართულ საზოგადოებას, ოპოზიციას და ქართველ ხალხს იმაში, რომ ჩვენ შევძლოთ უახლოეს მომავალში მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების აზრის მობილიზაცია, ზეწოლის გაზრდა ბიძინა ივანიშვილზე, რადგან ჩვენ გვესმის, რომ ზეწოლის გარეშე ეს ხელისუფლება და ოლიგარქიული რეჟიმი არ აპირებს ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პროცესებისთვის შესაძლებლობის მიცემას და ამას მოწმობს ის, რომ დღემდე პატიმრობაში რჩება გიორგი რურუა", - განაცხადა სამადაშვილმა.

დეპუტატმა ისაუბრა, თუ რა არგუმენტით არ მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას "ნაციონალური მოძრაობა".

"მე მხარი არ დავუჭირე საკონსტიტუციო კომისიის შექმნას და ვიყავი ერთადერთი დეპუტატი, ოპოზიციიდან, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მივიღე სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკური პატიმრები რჩებოდნენ ციხეში. მიმაჩნდა, რომ ჩვენ ამ პროცესში წინ არ უნდა წავსულიყავით, სანამ არ გაიზრდებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის წნეხი, მაგრამ ამის მიუხედავად, შემიძლია გითხრათ ღიად, რომ ჩემს ერთ ხმაზე რომ იყოს დამოკიდებული დღეს, ამ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, შესაძლოა, მე მიმეღო სხვა გადაწყვეტილება, მაგრამ დღეს როცა საკონსტიტუციო ცვლილებას პირველი მოსმენით, ჩვენი ხედვით საფრთხე არ ექმნება და ივანიშვილს რეალურად გეგმა ჩაუვარდა, თუ გეგმავდა ამ ცვლილების ჩაგდებას, მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს საერთაშორისო პარტიორებსაც და საზოგადოებასაც ესმოდეს, რამხელა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა, რა რთული არჩევნები გველოდება ოქტომბერში. შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია ვფიქრობ, დაგვეხმარება, მათ შორის, ამ საერთაშორისო ზეწოლის მობილიზებაში. ეს იყო არგუმენტი, ეს არის ჩვენი ხედვა. სწორედ ამიტომ, მათ შორის, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებას გუშინაც ვაწარმოებდით. ეს არის ჩვენი საბოლოო პოზიცია. თუმცა, წინ გვაქვს რამდენიმე კვირა, თუ რაიმე შეიცვლება და ჩვენ დავინახავთ ხელისუფლების მხრიდან შესაბამის ნაბიჯებს, ჩვენ მზად ვართ, გადავხედოთ ჩვენს გადაწყვეტილებას და შემდეგ მოსმენებზე დავუჭიროთ მხარი ცვლილებებს", - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის.

რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ „ევროპული საქართველოს" წევრები. ამ ეტაპისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია დაფიქსირებული აქვთ: საპარლამენტო უმრავლესობას, ფრაქცია "დამოუკიდებელ დეპუტატებს", ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსსა" და უფრაქციო დეპუტატთა ნაწილს.

ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
არჩილ მორჩილაძე - ბიუჯეტის ხარჯზე მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფოს მიერ დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, 250 000-ზე მეტი ადამიანი იღებს, როცა უამრავი სოციალურად დაუცველი ამ დაფარვის მიღმაა დარჩენილი
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ ქალაქ ზუგდიდში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას იწყებს
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან
ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება
2020 წელს ინტელიექსპრესის მიერ საქართველოში შემოტანილი ფულადი გზავნილების მოცულობამ 265 მილიონ დოლარს გადააჭარბა
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის