ავჭალაში, მანქანაში მამაკაცის ჩაცხრილვის საქმეზე სავარაუდოდ, ადგილზე მდებარე მაღაზიის მეპატრონეს ეძებენ

ავჭალაში, ავტომანქანაში ჩაცხრილული ვალერიან ნემსიწვერიძის საქმეზე სავარაუდო დამნაშავეს სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი ნიკოლოზ წულეისკირი აცხადებს, სავარაუდო დამნაშავე საგამოძიებო ორგანოს შემთხვევის დღესვე ჰყავდა იდენტიფიცირებული.

არსებული ინფორმაციით, რომელსაც ადვოკატიც ადასტურებს, სამართალდამცავები მამაკაცს ეძებენ, რომელიც მკვლელობის ადგილზე მდებარე მაღაზიის მეპატრონეა.

ნიკოლოზ წულეისკირის თქმით, მასზე საგამოძიებო უწყება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გავიდა.

ასევე, არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამაშავემ საკუთარი ავტომანქანა შემთხვევის ადგილზე დატოვა, თავად კი ფეხით მიიმალა.

მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა ვასილ ჯანჯღავას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და მას ამ დრომდე ეძებენ. წულეისკირის თქმითვე, საგამოძიებო უწყებამ 41-მდე ანაბეჭდი, სავარაუდო დამნაშავის დნმ, ასევე სუნის ნიმუშები აიღო.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ მკვლელობა არა წარსულში რაიმე უთანხმოებას, არამედ წამიერ შელაპარაკებას მოჰყვა.

მისივე თქმით, ვალერიან ნესიწვერიძის გარემოცვა სავარაუდო დამნაშავეს არ იცნობს. შესაბამისად, ოჯახისთვის მკვლელობის მოტივი უცნობია.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, შემთხვევის დღეს, ვალერიან ნემსიწვერიძე მეუღლის კუთვნილი ავტომანქანით გადაადგილდებოდა და სახლიდან გასვლის წინ ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა. მოკლულ მამაკაცს 6 ტყვია ესროლეს, მას ექვსივე თავში ჰქონდა მოხვედრილი.

ცნობისთვის, ავჭალაში, ვალერიან ნემსიწვერიძე ავტომანქანაში ჩაცხრილული ორი კვირის წინ იპოვეს. გამოძიება ორი მუხლით - 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით, ასევე 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ვალერიან ნემსიწვერიძე წარსულში ერთ-ერთ გახმაურებულ საქეში ფიგურირებდა. მას 2004-2008 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატის კახა გიუაშვილის მკვლელობის დაგეგმვას ედავებოდნენ, რომელიც საქმის ფიგურანტ დავით მინდაძეს უნდა შეესრულებინა. მოგვიანებით დავით მინდაძემ და ვალერიან ნემსიწვერიძემ საქართველოს სტრასბურგში უჩივლეს. ისინი არადამიანურ მოპყრობასა და წამებას ასაჩივრებდნენ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მათი საჩივარი დააკმაყოფილა. ვალერიან ნემსიწვერიძე 2013 წელს, ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს