პროკურორი - საქმეზე პრაქტიკულად დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებები - თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მოცემულობით თამარ ბაჩალიაშვილთან მიმართებაში დანაშუალის ჩადენა არ დგინდება

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის განცხადებით, ჩატარებული კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებებიდან და ექსპერტიზის დასკვნებიდან გამომდინარე, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები პრაქტიკულად დასრულებულია.

როგორც პროკურორი განმარტავს, უწყებაში ოჯახთან გამართული შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ მათ რიგ გარემოებებთან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ. გუმბერიძის თქმითვე, ადვოკატები გარდაცვლილის ოჯახის წევრებს საქმიდან ამოღებულ ფრაგმენტებს აცნობდნენ. პროკურორი განმარტავს, რომ ყველა კითხვაზე, რაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს ჰქონდათ, პროკურატურამ დეტალური პასუხები გასცა.

„ამ საქმეზე კონკრეტულად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, ექსპერტიზის დასკვნები და საბოლოო შედეგები ოჯახის წევრებს გავაცანით. კონკრეტულად იმ კითხვებზე გავეცით პასუხი, რაც ოჯახის წევრებს საქმესთან მიმართებაში გააჩნდათ. მოგეხსენებათ, ჩვენ ამ საქმეზე საკმაოდ მრავალრიცხოვანი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩავატარეთ, საქმეზე დაკითხულია 600-ზე მეტი მოწმე და ჩატარებულია 40-ზე მეტი ექსპერტიზა, ანუ ყველა ის კითხვა, რაც ოჯახიდან მოდიოდა, საქართველოს პროკურატურამ პასუხი გასცა.

დღევანდელ შეხვედრაზე გამოჩნდა ერთი გარემოება, რომ ოჯახი გარკვეული მტკიცებულებების თაობაზე სწორად და დეტალურად ინფორმირებული არ არის, ადვოკატების მხრიდან ხდება გარკვეული ფრაგმენტების საქმიდან ამოღება და მხოლოდ ამ გარემოებების გაცნობა, შესაბამისად, ქალბატონ თეონა თამაზაშვილს და ბატონ ჯუმბერ ბაჩალიაშვილს არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ თუნდაც, ექსპერტიზის დასკვნებთან დაკავშირებით, რაც მათ დამცველმა ადვოკატებმა მიაწოდეს.

ალბათ, გაინტერესებთ მიზეზი, თუ რატომ დატოვა ბატონმა მიხეილ რამიშვილმა შეხვედრა. როგორც აღმოჩნდა და წინა შემთხვევებშიც გვქონდა მსგავსი ფაქტები, ბატონი მიხეილ რამიშვილი გარკვეულ გარემოებებს არასწორად აცნობდა ოჯახის წევრებს და ექსპერტიზის გარკვეულ დასკვნებსაც არასწორად აფასებდა. დღევანდელ შეხვედრაზეც კი, წარდგენილი იქნა ეს ექსპერტიზა, გარკვეული იქნა ის გარემოებები, რაზეც ბატონი მიხეილი ოჯახის წვერებს უთითებდა და აღმოჩნდა, რომ ეს არასწორად იქნა აღქმული. საუბარია, ექსპერტიზის დასკვნაზე, რაზეც ბატონი მიხეილი ოჯახთან აპელირებდა, რომ გარკვეულწილად ისეთი გარემოებები ეწერა, რაც რეალურად დასკვნაში ასახული არ იყო. როცა ასეთი კატეგორიის საქმეზე ადვოკატია ჩართული და დაზარალებულის ინტერესს წარმოადგენს, მეტი ყურადღებით და კვალიფიციურობით უნდა მოეკიდოს საკუთარ მოვალეობას და შესაბამისად, ის ინფორმაცია, რაც საქმეზე მტკიცებულების სახითაა მოპოვებული, დეტალურად მიაწოდოს ოჯახის წევრებს.

საქმეზე ჩატარებული კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზის დასკვნებით, მიგვაჩნია, რომ ამ საქმეზე პრაქტიკულად დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ამასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში ჩვენგან დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ, იქნება ყველა მტკიცებულება და ექსპერტიზის დასკვნა განხილული, რაც ამ საქმეშია. კონკრეტულად რაზეც საქმე ძიებაშია, ვგულისხმობ, თვითმკვლელობამდე მიყვანას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას - ამ მოცემულობით, რომელიმე სუბიექტის დანაშაულის ჩადენა თამარ ბაჩალიაშვილთან მიმართებაში არ დგინდება. ყველა ის ვერსია, რაც ოჯახისგან მოდიოდა და რაც გამოძიების ეტაპზე გამოვლინდა, ჩვენს მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი, ოჯახს გამოძიებასთან რა კითხვებიც ჰქონდა, დღევანდელ შეხვედრაზე ყველა კითხვაზე მიიღეს პასუხი. ერთია, ჩვენგან პასუხის მიღება და მეორეა, რამდენად გაიზიარებენ ჩვენს პოზიციას, თუმცა, თუ დეტალურად შეძლებენ და ამ საქმის მასალებს გაეცნობიან, ფრაგმენტულ ინფორმაციას არ მიიღებენ რასაც დამცველი ადვოკატები აწვდიან, დარწმუნებული ვარ, ისინი ყველა დოკუმენტის შინაარსს გაიზიარებენ, რაც გამოძიების შედეგად ჩვენ მოვიპოვეთ.

ის გარემოებები, რაც საეჭვოდ იქნა ოჯახის მიერ მიჩნეული, გამოძიებული იქნა ჩატარებული დეტალური ექსპერტიზების შედეგად, სისხლის კვალთან დაკავშირებით დადგინდა, რომ ეს კონკრეტულად სისხლის კვალს არ წარმოადგენდა, თუმცა, ამაზე ვრცელ განცხადებას, როგორ, რა კვლევის შედეგად დადგინდა, რა ჩატარდა, მალე მიიღებთ. რაც შეეხება მედიკამენტების შეძენას, ეს კითხვა დღესაც დაისვა ოჯახის წევრების მხრიდან და საკმაოდ ამომწურავი პასუხი გაეცა“, - განაცხადა დავით გუმბერიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს