თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - ასეთ სწრაფ რეჟიმში საქმის შეწყვეტა ნამდვილად ბადებს ეჭვს - ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართავთ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი საქმის შეწყვეტის თაობაზე პროკურატურის განცხადებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ისინი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გეგმავენ.

ეკა ქობესაშვილის თქმით, პროკურატურის მიერ საქმის სწრაფად შეწყვეტა ბადებს ეჭვს, რომ „თამარ ბაჩალიაშვილის საქმე მათთვის ძალიან დიდი პრობლემაა“.

„ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ პროკურატურამ ასე სწრაფ რეჟიმში იმოქმედა. იცით, რომ მათ გუშინ ოჯახთან ჰქონდათ შეხვედრა, რომელსაც დაცვის მხარეც ესწრებოდა. იქ განისაზღვრა, რომ ჩვენ უნდა წარგვედგინა დამატებითი მტკიცებულებები, თეონა თამაზაშვილსაც სურდა გაცნობოდა რამდენიმე ოქმს, დაეფიქსრებინა თავისი კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით და პასუხები მიეღო. მან შემაჯამებლად განაცხადა, რომ პროკურატურისგან პასუხები ვერ მიიღო. ასეთ სწრაფ რეჟიმში საქმის შეწყვეტა ნამდვილად ბადებს ეჭვს, რომ პროკურატურა მოქმედებს ძალიან სწრაფად და როგორც ჩანს, მათთვის ეს საქმე ძალიან დიდი პრობლემაა, რის გამოც ამ საქმის დასრულება სურთ. პრინცპიში, დღევანდელ ბრიფინგზე მათ ახალი არაფერი უთქვამთ. იგივე გაიმეორეს, რაც პირველ ბრიფინგზე, რომ ეს სუიციდი იყო. როგორც ჩანს, რამდენიმე თვე დასჭირდათ ამ ვერსიის გასამყარებლად და საქმე დაასრულეს. ასეთ ნაჩქარევ რეჟიმში გადაწყვეტილების მიღებას ნამდვილად არ ველოდებოდით. შეთანხმებულები ვიყავით, რომ საქმეზე მუშაობა უნდა გაგრძელებულიყო და მიხეილ რამიშვილს კონკრეტული მტკიცებულებები წარედგინა. რა თქმა უნდა, ამ საქმეზე ბრძოლას ვაპირებთ. ყველა შესაძლო სამართლებრივ რეგულაციას გამოვიყენებთ, აუცილებლდ გავასაჩირებთ და ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართავთ“,-განაცხადა ადვოკატმა.

მისი შეფასებით, საქმეზე მტკიცებულებები სიღრმისეულად არის გამოსაკვლევი და ისინი არ იზიარებენ პროკურატურის პოზიციას, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.

„პროკურატურის გადაწყვეტილება საბოოლოდ დაეყრდნო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, სადაც ალბათობით წერია, რომ შესაძლოა თამარ ბაჩალიაშვილს თავი მოეკლა მაშინ, როდესაც შესაძლოა, ეს ასე არც იყო. ეს მტკიცებულება არ უნდა ყოფილიყო შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. საქმეზე მტკიცებულეები ღირსმისეულად არის გამოსაკვლევი. პროკურატურის პოზიცია, რომ საქმე გვაქვს სუიციდთან, ვერანაირად ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი, რადგან ფაქტობრივად მკვლელობის მუხლით საქმე არც უწარმოებიათ, რომ ეს ვერსია გამოერიცხათ. რითაც გამოძიება დაიწყეს, იმით დაასრულეს. როგორც ჩანს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმე მათთვის ძალიან დიდი პრობლემაა და ამ პრობლემისგან გათავისუფლებას ცდილობენ. ისინი ცდილობენ საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ და მხოლოდ და მხოლოდ იმ ჩანაწერებზე აპელირებენ, რომელიც გასულ თვეებში არის გაკეთებული. ახალი ჩანაწერები და მიმოწერები ასახული არ არის“,-განაცხადა ქობესაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განმარტეს, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

იხილეთ ვიდეო:ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საქმის შეწყვეტაზე პროკურატურის განცხადებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა