შპს „ზეგი“ - თამარ ბაჩალიაშვილის სარგებლობაში არსებული ლეპტოპი მესამე პირებს ვერ გადაეცემა, რადგან ის კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს

შპს „ზეგის“ განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის სარგებლობაში არსებული ლეპტოპი, რომელიც ამჟამად პროკურატურაშია, მიუხედავად ოჯახის მიერ დაფიქსირებული თხოვნისა, მესამე პირებს ვერ გადაეცემა, რადგან ის კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ „ზეგიდან“ აცნობეს.

შპს „ზეგ“-ი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახისა და მათი ადვოკატების მიერ ბოლო დღეების განმავლობაში კომპანიის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ბოლო დღეებში, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახისა და მათი ადვოკატების მიერ შპს “ზეგ”-ის მიმართ ვრცელდება ინფორმაცია კომპანიის თითქოსდა, პროკურატურასთან გარიგებაში შესვლასთან დაკავშირებით. აღნიშნული “ბრალდება” უკავშირდება თამარ ბაჩალიაშვილის სარგებლობაში არსებული ლეპტოპის ოჯახისათვის გადაცემის მოთხოვნას.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ გამოძიების დაწყებიდან დღემდე, კომპანიის მენეჯმენტი არ აკეთებდა არანაირ კომენტარს იმ უსაფუძვლო “ბრალდებების” თაობაზე, რაც მათ შესახებ ვრცელდებოდა. 6 თვის განმავლობაში, კომპანიის თანამშრომლები განიცდიან უდიდეს ფსიქოლოგიურ წნეხს სხვადასხვა პირების მიერ მასმედიის, თუ სოციალური ქსელების საშუალებებით გავრცელებული ცრუ, შეთხზული “ბრალდებების” გამო, მაგრამ გარდაცვლილის პატივისცემისა და გამოძიების ობიექტურად ჩატარების მხარდაჭერის სურვილით, ისინი კომენტარებისგან თავს იკავებდნენ.

უბრალოდ სასაცილოა კომპანია “ზეგ”-ის დადანაშაულება პროკურატურასთან გარიგებაში შესვლის ბრალდებით იმ მიზეზით, რომ კომპანიას გამოძიების დაწყებისთანავე ჩამოართვეს ყველანაირი ტექნიკა და დაულუქეს ოფისი. გაჟღერებული აბსურდული “ბრალდებების” ფონზე, მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ სს “საქართველოს ბანკმა” კომპანიას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაუხურა საბანკო ანგარიშები, რის შედეგად შეწყდა ინვესტორთან ურთიერთობა და ამჟამად კომპანია აღარ ფუნქციონირებს. ამას ემატება მათი და კომპანიის ხელმძღვანელთა ბულინგი სოციალური ქსელებით სხვადასხვა პირთა მხრიდან, მათ შორის საზოგადოებისთვის უკვე “ცნობილი” ბაჩანა ლობჟანიძისგან.

რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილის სარგებლობაში არსებული ლეპტოპის ოჯახისათვის გადაცემას, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ლეპტოპი იმყოფება პროკურატურაში და კომპანია “ზეგ”-ი არ არის უფლებამოსილი, დირექტივები მისცეს პროკურატურას.

რაც შეეხება მომავალში ლეპტოპის მისი მესაკუთრისთვის, კომპანია “ზეგ”-ისთვის დაბრუნებას. მიუხედავად ოჯახის მიერ დაფიქსირებული თხოვნის თუ მოთხოვნისა და ოჯახის დამცველის მიერ გაჟღერებული გაფრთხილებებისა, კომპანია მის პარტნიორებთან არსებული ხელშეკრულებებით შეზღუდულია აღნიშნული კომპიუტერული მოწყობილობა და მასში არსებული ინფორმაცია გადასცეს მესამე პირებს, რადგან იგი წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას, რომელიც კავშირშია მის პარტნიორ კომპანიებთან და აღნიშნული ინფორმაციის გადაცემა მესამე პირებისთვის გამოიწვევს კომპანია “ზეგ”-ის პასუხისგებლობას.

ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ რომ კომპანია “ზეგ”-ი არის დაზარალებული.

დროა, შეწყდეს კომპანიის მიმართ ორკესტრირებული შეტევები, მათ თანამშრომლებზე საუბარი და დაუსრულებელი ცილისწამება. აქვე ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ წამოვეგოთ ხელოვნურად შექმნილ პროვოკაციებს და საჭიროების შემთხვევაში მივმართავთ სამართლებრივ ზომებს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს