მიხეილ ჩხენკელი - ჩვენი მთავარი მიზანია, აღარ მოგვიწიოს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საკლასო ოთახებში მოსწავლეების დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს ფაქტი ძალიან დიდი მიღწევაა.

მანვე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მიზანია, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა საჭირო აღარ გახდეს.

„მე ყველგან ვამბობ, არა როგორც მხოლოდ მინისტრი, არამედ როგორც უნივერსიტეტის პროფესორი, რომ სასწავლო პროცესისთვის ბუნებრივი გარემო ეს არის სკოლაში – საკლასო ოთახი და უნივერსიტეტში – აუდიტორია. ეს, ცალსახად ასეა. რაოდენ კარგიც არ უნდა იყოს დისტანციური სწავლა, ის ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს იმ ბუნებრივ პროცესს, იმ ენერგიას, რომელიც საუნივერსიტეტო აუდიტორიასა და საკლასო ოთახშია. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო საზოგადოებას, რომ ჩვენ შევძელით, ეპიდსიტუაციამ საშუალება მოგვცა, მოსწავლეები საკლასო ოთახში დაბრუნებულიყვნენ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შევინარჩუნოთ.

შესაბამისად, ყველა მოქალაქემ ზედმიწევნით უნდა დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, რომ ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდეთ საშუალება საკლასო ოთახში გააგრძელონ სწავლა. შემდეგი ეტაპი იქნება საბავშვო ბაღები, ამის შემდეგ – პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები.

პროცესს დეტალურად ვაკვირდებით, თუ რა გავლენას იქონიებს საკლასო ოთახებში დაბრუნება ეპიდსიტუაციაზე. მინდა გითხათ, რომ მშვიდობით მიდის პროცესი. ჩვენ ინდივიდუალურად, წერტილოვნად ვმართავთ ყველა სკოლას. თუ ეს დინამიკა შენარჩუნდა, ყველას იმედი გვაქვს, რომ სემესტრს საკლასო ოთახებში დავასრულებთ. ჩვენი მთავარი მიზანია, აღარ მოგვიწიოს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. ეს არის მთავარი”, - განაცხადა ჩხენკელმა.

მანვე აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესის განახლების პარალელურად, სამინისტროს მხრიდან სკოლების კონტროლი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

“სწორედ ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ბოლო ერთ კვირაში ქვეყნის მასშტაბით Covid-19 სკოლის თანამშრომელთა 1,05%-ს დაუდასტურდა. რაც შეეხება მოსწავლეებს, საჯარო და კერძო სკოლების 600 ათასამდე მოსწავლიდან, ინფექცია მხოლოდ 0.03%-ს გამოუვლინდა.

15 თებერვლიდან დღემდე მშობელთა მოთხოვნის ან კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით, სრულად დისტანციურ რეჟიმზე 34 სკოლა გადავიდა, ხოლო ონლაინ რეჟიმში 116 კლასი სწავლობს.

გაფართოებული ტესტირების პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია 85 141 მასწავლებელი, რომლებიც სავალდებულო ტესტირებას ეტაპობრივად გაივლიან.

სკოლების მონიტორინგი, ისევე როგორც მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალთა სავალდებულო ტესტირება, მომავალშიც სისტემატურად გაგრძელდება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჩხენკელმა, პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ და მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ ერთად კვირის განმავლობაში 40-მდე სკოლა მოინახულეს, საიდანაც სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით რეკომენდაცია მხოლოდ 3 სკოლას მიეცა. მნიშვნელოვანია, რომ რესურსცენტრების მიერ სკოლები ყოველდღიურ რეჟიმში მოწმდება.

აღსანიშნავია, რომ ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში, სკოლებში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები იმოქმედებს, ისე როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლით არის გათვალისწინებული, კერძოდ, დისტანციურ სწავლებაზე გადავა კონკრეტული კლასი/სართული ან მთლიანად სკოლა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მთავარ პრიორიტეტს ხარისხიან განათლებასთან ერთად, სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს”, - აღნიშნა ჩხენკელმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო